Accessibility links

logo-print

დახმარება იაპონელ ხალხს და მიწისძვრის გავლენა საქართველოზე


იაპონია

იაპონია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ტრადიციულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ იაპონიის მთავრობას სამაშველო ჯგუფის გაგზავნა შესთავაზა; განიხილება ასევე ფულადი დახმარების საკითხი. ამის პარალელურად, საქართველოში, სხვადასხვა სოციალურ ქსელში, საზოგადოება აქტიურად მსჯელობს იაპონიაში 11 მარტს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გავლენაზეც.
უფრო იმ ნანგრევების გასუფთავებაზე იმუშავებენ, სადაც იქნება ინფორმაცია, რომ ხალხია დარჩენილი...

იმ შემთხვევაში, თუ იაპონიის მთავრობა დათანხმდება, საქართველოდან 40-კაციანი სამაშველო ჯგუფი გაიგზავნება. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის ინფორმაციით, მაშველთა ეს ჯგუფი შემდეგნაირად დაკომპლექტდება: 20 მაშველი თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციათა სამსახურიდან, 20 კი შსს-ს საგანგებო სიტუაციათა სამმართველოდან იქნება. თემურ გიორგაძის განცხადებით, ისინი საუკეთესოდ არიან მომზადებული - გავლილი აქვთ სწავლებები უცხოელ ინსტრუქტორებთან ერთად. ქართველი მაშველები, საჭიროების შემთხვევაში, ნანგრევების გასუფთავებაზე იმუშავებენ:

”უფრო იმ ნანგრევების გასუფთავებაზე იმუშავებენ, სადაც იქნება ინფორმაცია, რომ ხალხია დარჩენილი.”
საგანგებო გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის თაობაზე, რომ იაპონიის მთავრობას შევთავაზოთ ჩვენი სამაშველო ჯგუფის გაგზავნა...

ამ ეტაპისთვის უცნობია, როდის შეიძლება გაემგზავროს ეს ჯგუფი იაპონიაში, ასევე უცნობია, თუ რა თანხა შეიძლება გამოყოს საქართველოს ხელისუფლებამ დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებული იაპონიის სახელმწიფოს დასახმარებლად. ზოგადად დახმარების მზაობის შესახებ დღეს, 14 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ისაუბრა:

”საქართველოს მთავრობაში, ისე როგორც ამ ბოლო დროს ხშირად ხდება ასეთ შემთხვევებში, საგანგებო გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის თაობაზე, რომ იაპონიის მთავრობას შევთავაზოთ ჩვენი სამაშველო ჯგუფის გაგზავნა, რომელსაც შეუძლია დახმარება აღმოუჩინოს იაპონიის ხელისუფლებას, და ასევე მიმდინარეობს მსჯელობა ფულადი დახმარების აღმოჩენის თაობაზე.”

ნინო კალანდძემ განაცხადა, რომ ფინანსურ დახმარებას გაუწევენ საქართველოს შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

გარდა მხარდაჭერისა, რომელიც სხვადასხვა მელოდიის შექმნითაც გამოიხატა, - მაგალითად, ინტერნეტში გავრცელდა გარემოს და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გოგა ხაჩიძის მუსიკალური კომპოზიცია, - საქართველოში ასევე საუბრობენ 11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის მოსალოდნელი გავლენების შესახებ.
1900 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც არსებობს სანდო სტატისტიკა, ეს არის თავისი სიძლიერით მეხუთე მიწისძვრა, ანუ დედამიწაზე 4 მასზე უფრო ძლიერი მიწისძვრა მომხდარა...

რადიო თავისუფლებამ ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს მიმართა. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე გეოფიზიკოსი მიხეილ ელაშვილი თავდაპირველად იმას გვიხსნის, თუ რამ გამოიწვია იაპონიაში 9 მაგნიტუდის მიწისძვრა:

”იაპონია მდებარეობს ძალიან მნიშვნელოვანი რღვევის გასწვრივ, სადაც ორი ფილაქნის საზღვარია. ეს არის წყნარი ოკეანისა და ჩრდილოეთ ამერიკის ფილაქანი, და წყნარი ოკეანის ფილაქანი იძირება ჩრდილოეთ ამერიკის ფილაქნის ქვეშ, მეცნიერულად ამას სუბდუქცია ეწოდება. და სწორედ აქ მოხდა ეს მიწისძვრა. ეს არის ძალინ ძლიერი მაგნიტუდის მიწისძვრა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 1900 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც არსებობს სანდო სტატისტიკა, ეს არის თავისი სიძლიერით მეხუთე მიწისძვრა, ანუ დედამიწაზე 4 მასზე უფრო ძლიერი მიწისძვრა მომხდარა და, დამეთანხმებით, რომ დედამიწას ამის შედეგად გლობალური ცვლილებები არ განუცდია.”
იაპონია

მიხეილ ელაშვილის განმარტებით, საქართველო ტექტონიკურად სხვა ფილაქანს ეკუთვნის. ეს არის არაბეთის და ევრაზიის ფილაქნის შეჯახების ზონა. ამდენად, სეისმურობის თვალსაზრისით, ცვლილებები საერთოდ მოსალოდნელია. მისივე განცხადებით, ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც დედამიწაზე მუდმივად მიმდინარეობს.

”გეოლოგიური წარსულის განმავლობაში ეს მატერიკები სხვადასხვა ფორმას იღებდნენ და 300 მილიონი წლის წინ საერთოდ ერთიანი მატერიკი, ”პანგეა”, არსებობდა. ასე რომ, საკითხის ასე დაყენება, რომ რაღაცები იცვლება და რა გვეშველება, არასწორია. ის, რაც იცვლება, ისედაც მოხდება. ეს ბუნებრივი პროცესია და ამასთან რაიმე გლობალური კატასტროფების დაკავშირება, გარდა იმისა, რაც თავად იაპონიას დაემართა, რეალური არ არის.”
XS
SM
MD
LG