Accessibility links

logo-print
”კვირის ქრონიკა” აქვეყნებს ინტერვიუს ”ქართული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერ ლევან გაჩეჩილაძესთან: ”ერთ რამეში დავრწმუნდი, რაშიც ყველაზე მეტად არაბული რევოლუციების სულისკვეთებამ დამარწმუნა და მსოფლიოს მიდგომამ არაბული რევოლუციებისადმი, რომ ხალხი ქირაობს ხელისუფლებას და როცა მოუნდება, მაშინ გააგდებს მას!” - ამბობს გაჩეჩილაძე ”კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში. იმავე ტექსტში წაიკითხავთ: ”ამ ბოლო დროს ცნობილი ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენების გამო სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა არმია დღითი დღე იზრდება და ჩვენ ვართ ინიციატორები ეროვნული თანხმობის დეკლარაციისა.”

”ასავალ-დასავალი”, ინტერვიუ წარმომადგენლობითი სახალხო კრების თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილთან”: ”...ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით და როცა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოვუწოდებთ, ეს ხალხი სახლში დამარცხებული აღარ წავა! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”, - ამბობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც თვლის, რომ ”ეს წელი ბოლო უნდა იყოს ამ ხელისუფლებისთვის”.

გაზეთი ”ვერსია” წარმომადგენლობით სახალხო კრებასთან ”შეფიცულების” ჯგუფის შექმნას ეხმაურება: „“მე მივდივარ შეფიცულებში, შენ?!” - ჯერჯერობით ამ ფრთიანი ფრაზით ერთმანეთს ქუჩებში არ ესალმებიან, მაგრამ მაისამდე დიდი დროა. ”თბილისის ფორუმზე”, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ფართო სოციალურ ქსელზე კი, თემა უკვე გაიხსნა და მსგავსი შინაარსის კითხვაც დაისვა: გახდებით თუ არა შეფიცულების წევრი? 250-ზე მეტი გამოკითხულიდან 39% არასდროს გახდებოდა, 35% კი სიამოვნებით ”შეეფიცებოდა” სახალხო კრებას”, - წერს ”ვერსია”.

”ახალი თაობის” კორესპონდენტი ეკითხება ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს: ”სისხლისღვრაზე თუა წამსვლელი სააკაშვილი?”. ნიკოლაიშვილი პასუხობს: ”აი, თუ მან დაინახა, რომ ის ერევა საზოგადოებას, როგორც ეს მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს, რა თქმა უნდა, არის წამსვლელი ამაზე. თუ მან დაინახა იმხელა ძალა, თუნდაც როგორიც იყო 20 იანვარს, 2008 წელს, არჩევნების შემდეგ, ან 13 იანვარს, თუნდაც 26 მაისს, ანუ მასობრივი თუ იქნება ეს წინააღმდეგობა, მე ვფიქრობ, რომ ის ვერ გაბედავს სისხლისღვრაზე წასვლას.”

”ახალ თაობაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ უმრავლესობის წევრ კობა ხაბაზთან: ”ჩვენ აქციებში რუსულ კვალს არ ვეძებთ. როდესაც საპარლამენტო მწვავე დებატებია, საერთოდ არ ვეძებთ რუსულ კვალს ამ დებატებში. მაგრამ როდესაც ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი რაღაცას დააფინანსებენ, ბუნებრივია, ეს არის რუსული კვალი.”

”მთელი კვირა”, გია ნოდია: ”არასოდეს მითქვამს, რომ საქართველოში არის კონსოლიდირებული დემოკრატია. ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოში არის ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმი, რომელიც აერთიანებს ავტორიტარიზმისა და დემოკრატიის ნიშნებს. ამის მიზეზი, რაღაც ხარისხით, შეიძლება ხელისუფლება იყოს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებული სისტემური პრობლემა ძირითადად საქართველოში დემოკრატიის ინსტიტუტების განუვითარებლობას უკავშირდება.”

”24 საათში” ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე წერს: ”...საქართველოს წინაშე მდგარი საგარეო გამოწვევები სერიოზული და ანგარიშგასაწევია. ასეთ სიტუაციაში ქვეყნის შიგნით ნებისმიერ მცირე ბიძგსაც კი შეუძლია დიდი უსიამოვნებები მოიტანოს, მათ შორის - გაბანკროტებული, რევოლუციის მოსურნე ოპოზიციის აქტიურობასაც. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თავის დროზე 2009 წლის აპრილის აქციებმა ეკონომიკას უფრო დიდი ზიანი მოუტანა, ვიდრე ომმა.”

”კვირის პალიტრაში” წაიკითხავთ: ”ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2010 წელს ქართულ ციხეში 100 კაცი გარდაიცვალა, მათ შორის, 70 -ტუბერკულოზით. მათი საშუალო ასაკი 23-დან 48 წლამდე მერყეობს.” სტატიაში პატიმრების - 18 წლის ალექსანდრე ალბოროვისა და 31 წლის მალხაზ მუზაშვილის - გარდაცვალების დეტალებზეც წაიკითხავთ. დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ”კვირის პალიტრისთვის” უთქვამს: ”შარშან ტუბერკულოზით გარდაცვლილი 70 პატიმრიდან არც ერთი არ შეუმოწმებია კომისიას. მკურნალობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.”
XS
SM
MD
LG