Accessibility links

logo-print
ცხინვალის საცხოვრებელი კორპუსების სახურავებიდან თუნუქის ნაჭრები ცვივა და გამვლელებს საფრთხეს უქმნის. ყველაფერი თოვლის დნობით დაიწყო. უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა სწორედ გაზაფხულზე იჩინა თავი. გამდნარ თოვლთან ერთად სახურავებიდან თუნუქის ნაჭრებიც წამოვიდა, ზოგან კი სახურავი მთლიანად ჩაინგრა. აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის თითქმის ყველა კორპუსი ახალი სახურავით გადაიხურა, მაგრამ უხარისხო სამუშაოების გამო ზარალი დიდია. პრობლემას ადგილობრივი ტელევიზიაც აქტიურად აშუქებს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ კორპუსების სიახლოვეს ტროტუარებზე გავლას მოერიდოს.

დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში კორპუსების გადახურვა სამშენებლო კომპანია „ჩეჩენ-სტროიმ“ განახორციელა. ამიტომ ჩანგრეული და დაზიანებული სახურავები ახლა ამ კომპანიას ბრალდება. ცხინვალის მერიაში უკვე ზარალის დათვლა დაიწყეს. ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გერასიმ ხუგაევის, თქმით, ზარალი უკვე 16 მილიონ რუბლს შეადგენს.

პრობლემები არსებობს მოსკოვსკის გარეუბანში არსებულ სკოლაშიც, სადაც მთელი ზამთრის განმავლობაში გათბობის სისტემის ამუშავება ვერ მოხერხდა. ცხინვალში რუსი სპეციალისტებიც ჩავიდნენ, მაგრამ პრობლემა ამ დრომდე ვერ გადაჭრეს.

მოსკოვის მერიის მიერ აშენებულ სკოლაში სიცივის გამო ერთი თვის განმავლობაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილი იყო. მოგვიანებით ელექტროგამათბობლები შეიძინეს, მაგრამ ერთი გამათბობლით საკლასო ოთახის გათბობა შეუძლებელია. სკოლის მასწავლებლის, რუსუდან გობოზოვას, თქმით, სკოლაში ძალიან ცივა და მოსწავლეები გაკვეთილებზე ქურთუკებით სხედან.

ცხინვალში არსებულ პრობლემებს ზოგიერთი ჟურნალისტი იუმორით მიუდგა. მაგალითად, საინფორმაციო სააგენტო „ოსინფორმზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორმა დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქს ექსტრემალური ქალაქი უწოდა, სადაც მოქალაქემ ერთდროულად დაბლაც უნდა იყუროს და მაღლაც. დაბლა იმისთვის, რომ გადათხრილი ქალაქის ქუჩებში რომელიმე ორმოში არ აღმოჩნდეს, მაღლა კი იმისთვის, რომ თავში სახურავიდან წამოსული თუნუქის ნაჭერი არ დაეცეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG