Accessibility links

logo-print
6 მარტი, კვირა
დღეს გავიღვიძე ძალიან ადრე და ერთ ხანს ვერ გავარკვიე, რამ გამაღვიძა, რატომ ვიყავი ამ დილით ასეთ მსუბუქსა და ამაღლებულ გუნებაზე? და უცებ მივხვდი, რატომაც: ჩიტების ჭიკჭიკი მესმოდა! ეს პატარა არსებები თავიანთი მხიარული სიმღერით ესალმებიან მზის ამოსვლას და ახალ დღეს. ამას ხომ ასეთი მონატრებული ვიყავით გრძელი ზამთრის განმავლობაში! მკვდარ წყვდიადში ზამთრის ბინდი აუჩქარებლად, უხალისოდ უთმობდა ადგილს დღის სინათლეს, დღეს კი სინათლის ეს პატარა რაინდები მხიარულად აჩქარებენ ზამთარს, რომ წავიდეს, და გალობით გვაუწყებენ გაზაფხულის მოსვლას. რა დიდი სიხარულია გაზაფხულთან შეხვედრა!

სამწუხაროდ, ეს განწყობა უსიამოვნო ამბავმა გამინელა. ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა, მაგრამ ნაადრევად დაბერებული აზერბაიჯანელი ქალი. საკუთარი სახელისა და გვარის გამჟღავნება არ უნდოდა. დიდი დრო და მოთმინება დამჭირდა იმის გასარკვევად, რომ ჩემ წინ იდგა ოჯახური ძალადობის ტიპური მსხვერპლი. 12 წელია, რაც დაოჯახებულია და მთელი ეს პერიოდი იძულებულია, ქმრისაგან ითმინოს წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, ხშირად ფიზიკურიც. მითხრა, რომ ქმარი სცემს კიდეც. ქალის მშობლებმა ეს იციან, მაგრამ არ ერევიან. ვუთხარი, მოდი, პოლიციას შევატყობინოთ-მეთქი, მაგრამ ამ წინადადებამ გაუბედურებული ქალი სიკვდილამდე დააფრთხო - თითქმის დაჩოქილი მეხვეწებოდა, ეს არ გააკეთოო. ახლა ყველას მოგვიწევს თავის მტვრევა იმაზე, როგორ დავეხმაროთ.

სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხშირია. ძალიან ბევრია გასაკეთებელი გენდერული პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით - ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებთან დაკავშირებით.



7 მარტი, ორშაბათი
მალე ნოვრუზ-ბაირამია. უცებ მეხსიერებაში ამომიტივტივდა ჩემი საყვარელი შექსპირის სტრიქონები: „ზამთარი ჩვენი მწუხარებისა უკანღა დარჩა“ - მაშინვე გამახსენდა, რომ დღეს ჩემს ბავშვებთან ერთად, „მეფე ლირის“ რეპეტიცია უნდა გავიაროთ - თბილისის 72- ე საჯარო სკოლაში ინგლისურს ვასწავლი.

რეპეტიციამ წარმატებით ჩაიარა. დღეს სულ ოთხი გაკვეთილი მქონდა, მაგრამ რატომღაც დავიღალე. მინდოდა რეპეტიციის გადატანა, მაგრამ, კიდევ კარგი, არ გადავიტანე: ბავშვები ისეთი ენთუზიაზმითა და ენერგიით მუშაობდნენ, რომ ვერ გავაწბილებდი. ჩემი დაღლილობაც მალე გაიფანტა. აი, ამიტომ მიყვარს შექსპირი!

რეპეტიციის შემდეგ მივიჩქარი სახლში, უფრო სწორად - ოფისში. ჩვენს ორგანიზაციას ოფისი ჯერ არა აქვს და მის როლს ჩემი კაბინეტი ასრულებს. შინ უკვე მელოდებოდა აზერბაიჯანული სკოლის ორი პედაგოგი, რომელთაც 15 წუთში კიდევ სამი პედაგოგი შემოუერთდა მარნეულიდან. თითქმის საათნახევარი ვბჭობდით ბილინგვური სწავლების შესახებ. ჩვენი ორგანიზაცია – საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირი „სამოქალაქო ქმედება“, უკვე წელიწადნახევარია, ამ პრობლემაზე მუშაობს.

ორგანიზაციის წევრების წასვლისთანავე, ოფისი კვლავ სახლად გადაიქცა... უნდა მოვასწრო ვახშმის მომზადება ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. იმავდროულად, თვალი უნდა გადავავლო ჩემი ბიჭის სკოლის ამბებს. სამწუხაროდ ჩვენ, პედაგოგებს ერთი დიდი ნაკლი გვაქვს, იმდენ დროს ვუთმობთ სკოლის ბავშვებს, რომ საკუთარი შვილებისთვის ძალიან ცოტა დრო გვრჩება. ჩემს შვილი კი მომავალ წელს უკვე სკოლას ამთავრებს.

8 მარტი, სამშაბათი
როგორც იქნა, დადგა ნანატრი ქალთა დღესასწაული. მახსენდება ჩემი პედაგოგის, ვლადისლავ ნურალოვის სიტყვები, ქალთა დღესასწაული წლის 365-ივე დღეს უნდა იყოსო. აი, მეც ვისარგებლე ქალთა დღესასწაულით: გავრეცხე მთელი კვირის დაგროვილი სარეცხი (დიდი მადლობა ავტომატურ სარეცხ მანქანას დახმარებისთვის!) და მოვამზადე სადილი ორი დღისთვის; მერე ნახევარი საათი დავისვენე და საჩქაროდ წავედი ორგანიზაციის წევრებთან ერთად ამ დღის აღსანიშნავ შეხვედრაზე - მამაკაცებმა ქალები კაფეში დაგვპატიჟეს. კარგი საღამო გამოვიდა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ერთმანეთს ყოველ 10 წუთში პირობას ვაძლევდით, ორგანიზაციის საქმეებზე არ გველაპარაკა, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა...

მოლოცვის ზარები მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა. ბოლო დროს ხომ მოლოცვის ეს მეთოდი უფრო ხშირია, მაგრამ დღეს სხვანაირადაც მომილოცეს. კაფედან რომ დავბრუნდი, ჩემს კარზე ზარი გაისმა. გამიკვირდა - არავის ველოდი. კარი რომ გავაღე, ზღურბლზე უცნობი მამაკაცი იდგა წითელი გრძელყუნწიანი ვარდებით ხელში. მითხრა, კურიერი ვარ და ეს ვარდები თქვენ გამოგიგზავნესო. ვისგან არის-მეთქი, ვკითხე. არ ვიციო, მითხრა და წავიდა. ვიდექი ამ ვარდებით ხელში და ვფიქრობდი უცნობ თაყვანისმცემელზე, რომლის არსებობას უკვე კარგა ხანია, ვგრძნობ: ასე დროდადრო მაძლევს ხოლმე ნიშანს. ნეტავ, ვინ არის, ან როგორია...

დღე კომპიუტერთან დამთავრდა. ინტერნეტში პოეტთა კლუბი ჩამოყალიბდა, წავიკითხე ახალი ლექსები და გავეცანი ჩემი ლექსების შეფასებებსა და კომენტარებს.

9 მარტი, ოთხშაბათი
დილიდან ვიყავი საგადასახადო ინსპექციაში დეკლარაციის თაობაზე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ იცვლება უკეთესობისკენ. აქამდეც მქონია შეხება დოკუმენტაციასთან. მაშინ ერთი ცნობის ასაღებად რამდენიმე დღე მჭირდებოდა, ახლა კი ძალიან გამარტივებულია ეს პროცესი.

ამის შემდეგ წავედი სკოლაში და ჩავატარე გაკვეთილები. უკვე რამდენიმე ხანია, ვცდილობ სწავლებაში იაპონური პოეზიის ერთ-ერთი ჟანრის - „სინკვენის“ გამოყენებას. მივცემ სიტყვას - მაგალითად, „ბურთი“ - მათ კი უნდა მოაყოლონ სამი ზედსართავი, სამი ზმნა და ასე შემდეგ. ამ მეთოდით სწავლებისას ბავშვები ძალიან კარგად და ეფექტიანად ითვისებენ ენას.

დღეს არ შედგა დაგეგმილი შეხვედრა პედაგოგებთან. სახელმძღვანელოების მონიტორინგზე უნდა გვემუშავა – ეს გულისხმობს ქართულიდან აზერბაიჯანულად ნათარგმნ სახელმძღვანელოებში შეცდომების გამოვლენას. შეხვედრა ხვალისათვის გადაიდო. გამიხარდა: საღამოს დრო მექნება, რომ ახალ ამბებს მოვუსმინო და წიგნი წავიკითხო.

ფრანც კაფკას ნაწარმოებებს, უბრალოდ, „წიგნებს“ ვერ უწოდებ. ეს წიგნზე მეტია და ასეთ რომანებს საღამოს, ძილის წინ, ვერ წაიკითხავ. ჩემდაუნებურად მახსენდება ამერიკელი კლასიკოსის ჯონ სტაინბეკის სიტყვები: „ცუდმა რომანმა მკითხველი უნდა გაართოს, საშუალომ მის გრძნობებზე იმოქმედოს და საუკეთესომ - მას გზა გაუნათოს“.

10 მარტი, ხუთშაბათი
დილას სკოლაში ვიყავი, ტესტები მქონდა. მოსწავლეებმა ტესტები წარმატებით დაწერეს. ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ინგლისური ენის შესწავლაზე. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, გლობალიზაცია თავის საქმეს მაინც აკეთებს. ინგლისური ენის ცოდნის გარეშე შეუძლებელია რაიმე წარმატების მიღწევა.

შემდეგ შევხვდი პედაგოგებს სკოლის სახელძღვანელოების მონიტორინგის პროექტზე სალაპარაკოდ. სახლში ფეხით დავბრუნდი. რაც თავი მახსოვს, თითქმის ყოველდღე დავდივარ სანაპიროზე, მაგრამ არასოდეს მბეზრდება. მტკვარი ზოგჯერ ჰგავს მომწვანო სარკეს, რომელშიც მეტეხი „იყურება“, წყალდიდობის დროს იმღვრევა და რამდენიმე ნაკადად დუღს. მიყვარს კლდეზე დაკიდებული სახლებიც და თეთრი თოლიების ხმაც.

11 მარტი, პარასკევი
დღეს პარასკევია. ყოველ პარასკევს ვცდილობ, ღმერთს მივმართო. მიმაჩნია, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაც წმინდა. ლოცვის შემდეგ სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ. ჩემი დილის ლოცვა ზოგჯერ ეკლესიის ზარების რეკვას ემთხვევა. ხშირად ვუფიქრდები იმას, თუ სამყაროს რა საოცარ კუთხეში მერგო ცხოვრება - იქ, სადაც მიწის პატარა ნაგლეჯზე გვერდიგვერდ დგანან სიონის ტაძარი, სომხური სუბ-გევორქი, მეჩეთი და სინაგოგა.

ტელევიზიით პატრიარქის გამოსვლას ვუსმენ. მისი ნახვისას, ვერასოდეს ვმალავ აღფრთოვანებას: რამდენი გააკეთა პატრიარქმა საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხისთვის! ღმერთმა იგი სხვადასხვა ნიჭით დააჯილდოვა: პატრიარქი ცნობილი მეცნიერი თეოლოგია, შესანიშნავი მხატვარი, კომპოზიტორი, შემქმნელი სასულიერო გალობისა. სწორედ დღეს ვამთავრებ მუშაობას პატრიარქისადმი მიძღვნილ ესე-სტატიაზე „სიტყვა უწმინდესზე“.

12 მარტი, შაბათი
დილით სალონში წავედი. შაბათია და თავი უნდა მოვიწესრიგო. მერე ჩემი შვილი, აჰმედი, „მაკდონალდსში“ წავიყვანე.

საღამოს ქართველ აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარეს, ჰუსეინ იუსუპოვს, პროექტი უნდა ჩავაბარო. ამ კონგრესის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ, პროექტი კი უკავშირდება ჩემს ერთ იდეას, რომელსაც ასე ვუწოდეთ: „საქართველოს საუკეთესო მეგობარი“. კანდიდატურებს აზერბაიჯანში შეარჩევენ, ხოლო გამარჯვებულს კონგრესის წარმომადგენლები თბილისში გამოავლენენ და „საქართველოს საუკეთესო მეგობრის“ წოდებასაც საზეიმოდ მიანიჭებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG