Accessibility links

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოში


აუდრონიუს აჟუბალისი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი და გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

აუდრონიუს აჟუბალისი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი და გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - ლიტვის - საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ესტუმრა. აუდრონიუს აჟუბალისი ლაპარაკობს ორგანიზაციის როლზე გაჭიანურებული კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებით საქართველოში, რუსეთს საქართველოსთან ”ღია და გულწრფელი” დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს და მისგან საქართველოს მსგავსი სამშვიდობო ნაბიჯის გადადგმას მოელის. ამ შინაარსის განცხადებები აუდრონიუს აჟუბალისმა 15 მარტს, თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ხაზგასმით აღინიშნება ეუთოს მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე.

გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარება ორგანიზაციის მოქმედმა თავმჯდომარემ აუდრონიუს აჟუბალისმა ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად ჯერ კიდევ იანვარში გამოაცხადა, სწორედ მაშინ, როდესაც ის ამ პოსტზე ერთწლიან მუშაობას შეუდგა. კონფლიქტების მოგვარების კონტექსტში ხაზგასმით დასახელდა საქართველოს პრობლემა და იმას, რასაც იანვარში ვენაში ამბობდა, აჟუბალისი მარტში, უკვე თბილისში, უფრო ვრცლად იმეორებს:
”რა თქმა უნდა, ხაზი მინდა გავუსვა ჩვენს პასუხისმგებლობას საქართველოში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, გაეროსა და ევროკავშირის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად. ეს არის ჩვენი მტკიცე მიზანი და ვაკეთებთ ყველაფერს გზების საპოვნელად, რათა ორივე მხარემ - საქართველომ და რუსეთმა - შეინარჩუნოს მუდმივი და ღია დიალოგი. ეს აუცილებელია... ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ ჩვენს რუს კოლეგებს, რომ გააძლიერონ დიალოგი და აწარმოონ ეს დიალოგი ძალიან ღიად და გულწრფელად.”

ჩვენ ძალიან გვაწუხებს სამხედრო მშენებლობა და გამჭვირვალობის არარსებობა განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში ...
ეს განცხადება ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა 15 მარტს, თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა და იქვე დააკონკრეტა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის გაძლიერების ერთადერთ სარბიელს ამ ეტაპზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, მისი თქმით, მეტად მნიშვნელოვანი სარბიელი წარმოადგენს, სადაც ეუთო ერთ-ერთი თანათავმჯდომარის როლს ასრულებს.

მართალია, რუსეთის ძალისხმევის შედეგად ეუთომ საქართველოში მუშაობა 2009 წლის ზაფხულში საბოლოოდ შეწყვიტა და მეთვალყურეთა მისიის დაბრუნება ამ დრომდე ვერა და ვერ ხერხდება, მაგრამ ორგანიზაციის მოქმედმა თავმჯდომარემ, როგორც ჩანს, კარგად იცის, თუ რას სჩადის რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე:

”ჩვენ ძალიან გვაწუხებს სამხედრო მშენებლობა და გამჭვირვალობის არარსებობა განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში. ეს მართლაც გვაღელვებს ჩვენ და ამ საკითხის განხილვას ვთავაზობთ ევროპელ კოლეგებს, მოკავშირეებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს რუს კოლეგებს...”

კონფლიქტის მოგვარებისა და მშვიდობის განმტკიცების კონტექსტში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე აუდრონიუს აჟუბალისი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მიერ აღებულ ცალმხრივ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და შემდეგ ნაბიჯს უკვე კონფლიქტის მეორე მხარისგან - რუსეთისგან - მოელის:

”...ვფიქრობ, ეს არსებითად მნიშვნელოვანია მთელი სიტუაციისთვის და ახლა ჩვენ იმავეს გაკეთებას რუსეთის მხარისგან მოველით.”

ყურადღებით განვიხილეთ კონფლიქტების საკითხები სამხრეთ კავკასიაში, ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომლებიც ეუთომ უნდა განახორციელოს საქართველოში ...
კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივასთან მიმართებით ეუთო ასევე დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და საქართველოს ამ მხრივ კვლავაც დიდ მხარდაჭერას ჰპირდება. 15 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის მოქმედმა თავმჯდომარემ აუდრონიუს აჟუბალისმა საქართველო შეაქო ”შიდა დემოკრატიული რეფორმების” მიმდინარეობის გამო და თქვა, რომ ქვეყანა ”სწორ გზაზე დგას.” თუმცა მას აღარ დაუკონკრეტებია ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც ეუთო საქართველოსგან მოელის. სამაგიეროდ, ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი გვატყობინებს, რომ ”გადაუდებელ საკითხს წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის დახვეწა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ” და რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ სათანადოდ დაიხვეწება მაუწყებლობის შესახებ კანონიც.

შეეხო თუ არა საუბარი დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს არ უთქვამს, თუმცა გრიგოლ ვაშაძემ კმაყოფილება გამოხატა და აუდრონიუს აჟუბალისთან გამართულ მოლაპარაკებებს ”ძალიან საინტერესო” უწოდა:

”ყურადღებით განვიხილეთ კონფლიქტების საკითხები სამხრეთ კავკასიაში, ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომლებიც ეუთომ უნდა განახორციელოს საქართველოში, ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიაში შექმნილ სიტუაციაზე, ჟენევის მოლაპარაკებებზე, ვისაუბრეთ აგრეთვე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, და იმ პერსპექტივებზე, რომლებიც საქართველო-ლიტვის ურთიერთობებს აქვს.”

ეუთოს პროექტები, რომლებიც გრიგოლ ვაშაძემ ახსენა, პრესკონფერენციაზე აღარ დაკონკრეტებულა, თუმცა ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ ეს პროექტები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წყლითა და ბუნებრივი აირით მომარაგებას შეეხება. ”დასრულებულია სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული რამდენიმე პროექტისთვის მზადება და ეუთო განაგრძობს მუშაობას გაზმომარაგების განახლებასთან დაკავშირებით”, - ვკითხულობთ ეუთოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. კონკრეტული მიმართულებები არ სახელდება, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ განცხადებაში საუბარია, მაგალითად, ზონკარის წყალსაცავის ამოქმედებისა და ახალგორის რაიონის გაზით მომარაგების სადავო საკითხზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე 15 მარტს ასევე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. წინასწარი ინფორმაციით, 16 მარტს აუდრონიუს აჟუბალისი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. იგეგმება შეხვედრები ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელთან.

აუდრონიუს აჟუბალისი 17 ოქტომბერს საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG