Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრთა კვირეული ზუსტად ერთ კვირაში აიღებს სტარტს


ე.წ. მინისტრთა კვირეული სტარტს საქართველოს პარლამენტში ზუსტად ერთი კვირის თავზე, 22 მარტს, აიღებს. საკანონმდებლო ორგანოს წინაშე მომდევნო სამშაბათს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი წარდგებიან. საქართველოს პარლამენტი ამ ეტაპზე ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებზე გააკეთებს ფოკუსს. თუმცა კვირეულის ფარგლებში, ძალოვანი მინისტრებისაგან განსხვავებით, პარლამენტის წინაშე ასევე წარდგებიან ლტოლვილთა და განსახლების და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებიც. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აცხადებს, რომ მთავრობა მზად არის დებატებისათვის.

საქართველოს პარლამენტში ე.წ. მინისტრთა კვირეულის გამართვის ინიციატივით საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი, ქრისტიან-დემოკრატი გიორგი თარგამაძე ერთი კვირის წინ გამოვიდა. მის ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემაც აუბა მხარი. შედეგად კი, 15 მარტს საკანონმდებლო ორგანოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ეწვია. ის საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა და მინისტრთა კვირეულის გამართვის საბოლოო ფორმატიც შემუშავდა.

დღესდღეობით საზოგადოებაში ყველაზე აქტუალური სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია. აქტუალურია დევნილთა საკითხიც, განათლებაცო, ამბობენ უმრავლესობაში, მაგრამ ამ პატარა ჩამონათვალს თან არ ახლავს, მაგალითად, ის სფეროები, რომლებზეც ძალოვანი სტრუქტურები მუშაობენ, ანუ მინისტრთა კვირეულზე საკანონმდებლო ორგანოში ძალოვანი სტრუქტურების პირველი პირების მოსმენა არ იგეგმება - თუ რატომ, ამ კითხვაზე ჟურნალისტებმა კონკრეტული პასუხი ვერც პარლამენტარებისგან მიიღეს და ვერც პრემიერ-მინისტრისგან. თუმცა შეხვედრიდან გამოსული ნიკა გილაური ირწმუნება, რომ ნებისმიერ კითხვას, რომელიც საქართველოს პარლამენტში გახმიანდება, მთავრობა პასუხს გასცემს.

“დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი კითხვაა ამ პერიოდის განმავლობაში დაგროვილი. ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმა, ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებები გვაქვს მიღებული და ყველა იმ პრობლემაზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც დღეს საზოგადოებას და პარლამენტს აინტერესებს, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პასუხები. შესაბამისად, ამ კითხვებზე პასუხებს თქვენ მომავალი კვირის განმავლობაში მოისმენთ”, - ამბობს ნიკა გილაური.

მინისტრთა კვირეულის ფორმატის მიხედვით, სხვადასხვა სამთავრობო უწყებების პირველი პირები პარლამენტარებს საკუთარ ანგარიშს წარუდგენენ, ანგარიშის დასრულების შემდეგ კი გაიმართება პოლიტიკური დებატები, რომელშიც, სურვილისამებრ, პარლამენტის ნებისმიერი წევრი მიიღებს მონაწილეობას.

პარლამენტის მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულება უნდა გაიზარდოსო, ამბობს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და იქვე განაგრძობს, შენიშვნებითა თუ კრიტიკული შეკითხვებით უნდა მოვახერხოთ მთავრობის სუსტი და არასწორი კურსის კორექტირებაო. მომდევნო კვირაში პარლამენტის სხდომაზე ქრისტიან-დემოკრატები აუცილებლად დასვამენ ორ შეკითხვას: ”რატომ ხდება ისე, რომ საქართველოს მთავრობა ორთვიან, სამთვიან წინასწარ პროგნოზსაც კი ვერ აკეთებს იმ პრობლემებისა, რომლებიც შემდგომში ჩნდება? და რატომ ხდება ისე, რომ მთავრობა სულ ახალ-ახალი ინიციატივებით გამოდის, რომლის შედეგიც ის არის, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება, უმუშევრობა მატულობს, სოფლად მოსახლეობას არანაირი შეღავათი არ აქვს?..”

სხვათა შორის, შეკითხვები ექნება მთავრობის წარმომადგენლებთან საპარლამენტო უმრავლესობასაც. მათი პოზიცია 15 მარტს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრიდან გამოსულმა უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა გაახმაურა.

”ძალიან ბევრი პროგრამა და პროექტი არსებობს, რომელზეც მთავრობა მუშაობს და რომლის შესახებაც ინფორმაცია ძალიან მწირია არა მარტო საზოგადოებაში, არამედ პარლამენტშიც, ამიტომ ჩვენ ძალიან დეტალურად გვინდა გავარკვიოთ და ჩავეკითხოთ ამ პროგრამების შესახებ და, ასევე, ამ დადებითი პროექტების გარდა, ჩვენ გვაქვს ასევე ბევრი შეკითხვა იმ პრობლემებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს”, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში გია ვოლსკი, გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი, ამბობს, ძალოვანი სტრუქტურები და იქ მიმდინარე პროცესები ის თემაა, რომელიც როგორც პარლამენტის მხრიდან, ასევე მთლიანად საზოგადოების მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს:

”სისტემატური ხასიათი უნდა ჰქონდეს კომიტეტებზე ცალკეული მიმართულებების ხელმძღვანელების - და არამარტი პირველი პირების -ანგარიშების განხილვას. სერიოზული ოპერაცია მიმდინარეობს ავღანეთში. რა მდგომარეობაა იქ, დეტალები უნდა იცოდეს პარლამენტარმა, რადგან, ფორმალურად თუ არაფორმალურად, იგი ხალხის წარმომადგენლად ითვლება. როგორი მდგომარეობაა შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაზვერვაში”...

რა რეალურ შედეგს უნდა ელოდეს საზოგადოება მინისტრთა კვირეულებისაგან? ხომ არ იქნება ეს კვირეულები მხოლოდ კვირეულებისათვის გამართული? იქიდან გამომდინარე, რომ მინისტრთა პირველი კვირეული ძირითადად ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს დაეთმობა, ამ კითხვაზე რადიო თავისუფლებას პასუხს აძლევს ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური:

”თავისთავად ცხადია, რომ საუბრის დროს უმრავლესობა ყოველთვის შეეცდება, რომ თავისი ინტერესები გაითვალისწინოს. აქ არის ერთი პლუსი: რაც უფრო ხშირად იქნება ასეთი, თუნდაც, კვირეულები კვირეულებისათვის, ნომინალური პასუხისმგებლობა მაინც გაიზრდება, ანუ თვითკონტროლი იქნება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გარკვეულ ჩარჩოებში მოექცეს პოლიტიკა და უფრო სტრატეგიული ხედვის სახე მიიღოს”, - ამბობს ნოდარ ხადური.

რაც შეეხება მინისტრთა კვირეულების ინტენსივობას, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, მოდით, ჯერ პირველი სამთავრობო კვირეული ჩავატაროთ და შემდეგ ვისაუბროთ დანარჩენებზე.
XS
SM
MD
LG