Accessibility links

logo-print
მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, რომელიც დღეს წერს, თუკი აქამდე ქართულ ტელევიზიებში რეკლამა ყოველ 15 წუთში გადიოდა, ახლა ინტერვალი 10 წუთამდე შემცირდებაო. "მიუხედავად იმისა, რომ ტელეეთერებში რეკლამების ნაკლებობა არ არის, პარლამენტი მაინც ამ რეკლამების ინტენსივობის გაზრდას ფიქრობს. რაც მთავარია, ეს ეხება საბავშვო და რელიგიურ გადაცემებსაც. არგუმენტად კი ის სახელდება, რომ უნდა მოხდეს მაუწყებლობის შესახებ კანონის ლიბერალიზაცია სამაუწყებლო რეკლამასთან დაკავშირებითო”, - წერია პუბლიკაციაში, რომლის სათაურიცაა „ტელეეთერში მეხუთედი რეკლამა იქნება“.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ: რუსთავი-თბილისის ”მარშრუტკებსაც” ტენდერისთვის ამზადებენო. შესაძლოა შემდეგ ამ ტენდერში რომელიღაცა კომპანიამ გაიმარჯვოს და პირობები თავად დაადგინოს, მგზავრობის საფასურის ჩათვლითო.

”ალია” პატიმრების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე წერს. გაზეთი ანონიმი პატიმრის წერილს აქვეყნებს, სადაც ის სტატიის ავტორს მიმართავს: ”თქვენ გქონდათ პატიმრების წერილი გამოქვეყნებული, სადაც ისინი ჰყვებოდნენ, რა ხდება ამ დამპალ ადგილას და იცით რა მოხდა? არც ერთ იმ პატიმარს, ვინც კამერაში იჯდა (მითითებული გქონდათ კამერა) არ აწვდიან წამალს, ერთხელ ჭამის უფლებას აძლევენ მხოლოდ და წყალსაც წვეთობით ასმევენო”. გაზეთი წერს, განსაკუთრებით იმ პატიმრებს ექცევიან ცუდად, ვისი ოჯახის წევრებიც საპროტესტო აქციაზე მივაო. ამ ინფორმაციას ადვოკატი ლალი აფციაურიც ადასტურებს: ”მერვე საპყრობილის დირექტორმა მუხაძემ პატიმრებს პირდაპირ განუცხადა, რომ ძვლებში გადაამტვრევდა, თუ მათი ოჯახის წევრები აქციაზე მივიდოდნენ. მეტიც, პატიმრებს ეუბნებიან, რომ აუცილებლად მიაკითხავენ მათ ოჯახებს. ამავე დროს, სასჯელის მოხდის ადგილები საზოგადოებისათვის ისე ჩაკეტეს, ჩიტიც ვერ შეფრინდება იქო”, - უთხრა ლალი აფციაურმა „ალიას“.

”ალია” ასევე აქვეყნებს დეკანოზ დავითის ქადაგებას, რომელიც მანამდე სოციალური ქსელების მეშვეობით გახდა სკანდალურად ცნობილი. სასულიერო პირი იაპონიაში მომხდარ ტრაგედიაზე ლაპარაკობს და ამბობს, ეს ღმერთის სასჯელია იმიტომ, რომ იაპონიაში ქალწულობის ინსტიტუტი არ არსებობს და იქ უზნეობა და გარყვნილებაა გამეფებულიო. გაზეთი ქადაგების შემოკლებულ ვარიანტს აქვეყნებს უკომენტაროდ, უფრო სწორად, ბოლოს ახლავს მინაწერი, რომ კომენტარი არც საპატრიარქოში გააკეთეს და არც იაპონიის საელჩოშიო.
XS
SM
MD
LG