Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

შიდა ქართლში სიმინდის თესლის დარიგება იწყება


მიმდინარე კვირიდან შიდა ქართლში სიმინდის თესლის დარიგება დაიწყება. ფერმერები და გლეხები წინასწარ დარეგისტრირდნენ. უკვე ცნობილია, რომ ერთ ჰექტარზე დასათესი სიმინდის ღირებულება 250 ლარს შეადგენს, თუმცა ფერმერებს საფასურის გადახდა 7 თვის დაგვიანებით, მოსავლის რეალიზაციის შემდეგ შეეძლებათ.

გორის რაიონის სოფლებში მცხოვრებნი ამბობენ, რომ მარტო თესლით დახმარება არასაკმარისია, აუცილებელია მექანიზაციით და საწვავით დახმარებაც, რათა ჯერ მიწა დამუშავდეს. გარდა ამისა, გლეხებმა არც ის იციან, იქნება თუ არა სარწყავი წყალი. უწყლოდ კი მიწის დამუშავება საერთოდ აზრს კარგავს.

ცოტა ხნის წინ რეგიონში იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელიც გლეხებს, სიმინდის თესლის გარდა, მექანიზაციით დახმარებასაც შეჰპირდა. გარდა ამისა, იმ სოფლებში, სადაც სარწყავი წყალი წელსაც მოუგვარებელ პრობლემად დარჩება, გლეხებს რწყვის წვეთოვანი სისტემებით დაეხმარებიან. გორის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ გლეხებს, პირველ რიგში, ტექნიკას მიაწვდიან, მექანიზატორებისთვის ხელფასების გადახდა კი შემოდგომაზე იქნება შესაძლებელი. შიდა ქართლის რეგიონალური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი სამსონ ქებაძე ამბობს, რომ თუ ფერმერი სიმინდს 20 ჰექტარზე დათესავს, იგი სასუქით დახმარებასაც მიიღებს.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, ადგილობრივი გლეხების აქტივობა მაღალია. 1200-მა ოჯახმა თესლის მიღების სურვილი უკვე გამოთქვა, მთავრობა კი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას მომავალშიც გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG