Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულთა ბედი ისევ გაურკვეველია


ერგნეთი
ერგნეთი
სოფელ თვაურების 9 მცხოვრების დაკავებიდან ერთი კვირა გავიდა, ოსური მხარე კი ისევ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. 8 მარტს სოფელ თვაურების მცხოვრებლები -ძირითადად თვაურთა და ბიგანაშვილთა გვარების წარმომადგენლები - სოფელ ახმაჯთან ეგრეთ წოდებულმა რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. თვაურელები მეზობელ სოფელში ნათესავის დასაფლავებაზე მიდიოდნენ. როგორც მათი ოჯახის წევრები ამბობენ, ახმაჯში გადასვლა წინასწარ იყო შეთანხმებული, მაგრამ რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა პირობა დაარღვიეს - 8 დაკავებული მაშინვე ცხინვალში გადაიყვანეს და უშიშროების სამსახურს გადასცეს, ერთი დაკავებული კი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ახალგორის საავადმყოფოში მიიყვანეს. ოჯახის წევრებმა ამ დრომდე არ იციან, რა პირობებში იმყოფებიან და როდის გაათავისუფლებენ დაკავებულებს. მათთან კონტაქტზეც ამ დრომდე არავინ გასულა.
11 მარტს ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყველა დაკავებულის გათავისუფლება მოითხოვა და ეჭვქვეშ დააყენა თვაურელების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტი. ამის პასუხად, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შემთხვევის ადგილის დათვალიერება შესთავაზა. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის პრესმდივანი ეკატერინა ბიაზროვა აცხადებს, ამჟამად დაკავებულთა მიმართ საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს. ცხინვალში არ ამბობენ როდის გაათავისუფლებენ მათ.
რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ თვაურელების გათავისუფლების სანაცვლოდ რუსები და ოსები რუსეთის ორი მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვენ, ქართული მხარე კი ბოლო ხანებში დაკავებული საქართველოს 14 მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ერგნეთის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეთანხმებას მალე მიაღწევენ და გაცვლის პროცესი გაგრძელდება. გარდა ამისა, მხარეებს შორის, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის მემორანდუმის საფუძველზე, არსებობს შეთანხმება, რომ ეგრეთ წოდებული საზღვრის უნებურად დამრღვევი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. პირველი გაცვლა 21 თებერვალს შედგა, როცა ორივე მხრიდან 14 ადამიანი გათავისუფლდა.
XS
SM
MD
LG