Accessibility links

logo-print
ბევრი რამ მოხდა თუ ცოტა, ოპოზიციის რეალური ლიდერების რაოდენობა სამამდე შემცირდა. გააჩნია, საიდან შევხედავთ, თორემ, უფრო ზუსტი იქნება, ასე ითქვას: ოპოზიციის რეალური ლიდერების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ყველა დანარჩენი, ვინც პოლიტიკურ პროცესშია ჩართული, ამ სამი ადამიანიდან ერთ-ერთის ორბიტაზე მოძრაობს, ან იმოძრავებს უახლოეს მომავალში. თუ საქართველოს შემდეგ მმართველს დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი წარმოშობს, ის იქნება ან ირაკლი ალასანია, ან ნინო ბურჯანაძე, ან ირაკლი ოქრუაშვილი.

ამ ლიდერებმა თავიანთი წილი რისკი იტვირთეს, როდესაც საკუთარი პოლიტიკური ნიშა და ფუნქცია გამოკვეთეს.

ალასანიასა და ბურჯანაძის როლები 2009 წლის დასაწყისიდან უკვე პროგნოზირებადი იყო (მაშინ სტატიაც დავწერე „ნელი“ და „სწრაფი“ ცვლილებების ორ ბანაკზე, ასევე, მათ ლიდერებზე). ახლა პოლიტიკურ პოლუსებს შორის მესამე ძალა ჩადგა, ქართული პარტიის სახით.

ირაკლი ალასანიათი დავიწყოთ. მას თავისი „დინჯი“ გზა იმ დღიდან აქვს მოძებნილი, რაც ოპოზიციურ ველზე შეაბიჯა. მისი არჩევანია კონსტრუქციული დიალოგი ხელისუფლებასთან, ზომიერი კრიტიკა და ცვლილებების მოლოდინი. თავის მხრივ, ნინო ბურჯანაძემაც თავიდანვე აირჩია „აგრესიული ოპონირების“ გზა, რომლიდანაც არ გადაუხვევია, თუმცა, მისი რადიკალიზმი ზოგისთვის დაუჯერებელი, ზოგისთვის – მიუღებელი იყო. დღეს უკვე შეუძლებელია უარყოფა, რომ ბურჯანაძე ყველა ლიდერზე მეტად რადიკალურია. ხელისუფლებასთან საუბრის ერთადერთ შესაძლო ენად მას „ხალხის ძალა“ მიაჩნია, ამ ძალის ორგანიზება/წარდგენას ღია რეჟიმში ახორციელებს და მორიგი რევოლუციისთვის მზადყოფნას აცხადებს.

რა ფუნქციით დაბრუნდა პოლიტიკაში ირაკლი ოქრუაშვილი? მის პოზიციას უფრო ხშირად ქართული პარტიის სხვა ლიდერები წარმოაჩენენ. ეს პოზიცია შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც შუალედური, მოლაპარაკებებისა და ამბოხის მომხრეების მაკოორდინირებელი. ქართული პარტია არის ოპოზიციური ერთობის ინიციატორი, ოღონდ, ვითარების გამწვავების შემთხვევაში, რევოლუციის მომხრე და, საჭიროების მიხედვით, წამომწყებიც კი.

* * *
დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი სისტემური აგრესიით გამოირჩევა ნინო ბურჯანაძისა და მისი პოლიტიკური სვლების მიმართ. და პირიქით. ეს ბუნებრივიცაა. ბურჯანაძე ჩქარობს და პროცესს ამწვავებს. შესაბამისად, ოქრუაშვილიც იძულებულია, აჩქარებულ ტემპში იმოქმედოს, რადგან ხელისუფლების არასაარჩევნო გზით შეცვლის მომხრეები (მათ შორის, დონორები) სწრაფად უნდა ჩამოყალიბდნენ, ვის მიემხრონ – ბურჯანაძეს თუ ოქრუაშვილს. ალასანია ამ გზას საერთოდ უარყოფს და ამიტომ მას პირდაპირ მეტოქედ დღეს არც ბურჯანაძე განიხილავს, არც ოქრუაშვილი. სამაგიეროდ, რადიკალი ლიდერები ცდილობენ, ერთმანეთი პირდაპირი თუ ირიბი დარტყმებით დაასუსტონ.

ნიშანდობლივია, რომ ლევან გაჩეჩილაძის წინააღმდეგ ზეპირი კომპრომატის გამოქვეყნებისთვის პასუხისმგებლობა ბადრი ბიწაძემ იკისრა მაშინ, როცა ოქრუაშვილი მწვავე ტექსტებით უშუალოდ ბურჯანაძეს უტევდა. პარტიის ლიდერმაც ჟურნალისტები მეუღლესთან გადაამისამართა – თავის ნათქვამზე პასუხს ბადრი ბიწაძე გაგცემთო. ამის გამო, „ასავალ-დასავალში“ დაბეჭდილი პუბლიკაცია ზოგმა ბიწაძის შეცდომად მიიჩნია, ზოგმაც – ჟურნალისტის თავნებობად თუ სიმამაცედ. სინამდვილეში, ყველაფერი ლოგიკური და გათვლილი იყო. ორივე პარტიის ოფიციალური ლიდერები – სუბარი და ბურჯანაძე – დაპირისპირების მიღმა დარჩნენ, დელიკატურობის საზღვრები დაიცვეს და პარტიების იმიჯი მაქსიმალურად გადაარჩინეს. სათქმელი კი ორივე მხარეს „მეორე პოზიციიდან“ ითქვა, თანაც, საკმაოდ უხეშად. მომავალშიც, რაც გასარკვევია, სავარაუდოდ, ამ ორ ადამიანს (ბიწაძესა და ოქრუაშვილს) შორის გაირკვევა.

* * *
უახლოეს ერთ თვეში გამოჩნდება, როგორ დასრულდება დაპირისპირება ქართულ პარტიასა და დემოკრატიულ მოძრაობა–ერთიან საქართველოს შორის. სამი შესაძლო გაგრძელებიდან ერთ-ერთს უნდა ველოდეთ:

1. კონფლიქტი სწრაფად და მკვეთრად გამწვავდება, თუ ოქრუაშვილიც ფიქრობს, რომ საქართველოში მორიგი რევოლუცია უკვე მომწიფდა და ამ რევოლუციას ქართულმა პარტიამ უნდა უხელმძღვანელოს.

2. ირაკლი ოქრუაშვილი ზომიერი კრიტიკის ფონზე დაუთმობს ნინო ბურჯანაძეს მიმდინარე პოლიტიკური მომენტის ლიდერობას, თუ დარწმუნებულია, რომ საქართველო მძლავრი პროტესტისთვის ჯერ მზად არ არის, ხოლო ბურჯანაძე პროცესს ხელოვნურად აჩქარებს და ამიტომ განწირულია მარცხისთვის.

3. სურთ ეს ლიდერებს თუ არ სურთ, ოქრუაშვილსა და ბურჯანაძეს მოუხდებათ პარტნიორობა და ქმედებების შეთანხმება – ერთხანს მაინც. ეს, სავარაუდოდ, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საპროტესტო მოძრაობას გამოუჩნდება ძლიერი დონორი, რომელიც რადიკალური ძალების თავმოყრას მოითხოვს.

* * *
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, მას თავის ნიშაში რეალური ოპონენტი არ ჰყავს. ამავე ნიშაშია გიორგი თარგამაძე, რომელიც მეტისმეტად „კონსტრუქციულია“ იმისთვის, რომ ოპოზიციონერი ლიდერის ფუნქცია რეალურად შეასრულოს. საგარეო კავშირების და მხარდაჭერის თვალსაზრისითაც, თარგამაძის პოზიცია სუსტია. ამიტომ, ირაკლი ალასანია საკმაოდ მშვიდ, კომფორტულ ვითარებაში აგრძელებს საკუთარი იმიჯის შენებას და სახელისუფლო ლიდერებთან დისკუსია-მოლაპარაკებას სხვადასხვა საკითხზე. ალასანიას მომხრეები ფიქრობენ, რომ მათი ლიდერი იმიტომ არის პასიური, რომ ძალიან კარგად იცის, როდის რა უნდა აკეთოს.

მაგრამ ალასანიას არჩევანს ორი საფრთხე ახლავს: პროცესის რადიკალიზაციის შემთხვევაში, იგი დარჩება მეორეხარისხოვან, წარუმატებელ პოლიტიკურ ფიგურად; პროცესის „დინჯი“ განვითარების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ალასანია რომელიმე სახელისუფლო (და არა ოპოზიციურმა) ლიდერმა „ჩააჩოჩოს“; თუნდაც, გიგა ბოკერიამ, გიგი უგულავამ ან ვინმე სხვამ.

* * *
ოპოზიციის სამი ლიდერის მეთოდოლოგიურ ხედვებს შორის განსხვავება გაცილებით ადვილი ამოსაცნობია, ვიდრე მათივე მსოფლმხედველობრივი აცდენები. თითოეული მათგანი საუბრობს ადამიანის უფლებებზე, თავისუფალ სასამართლოსა და მედიაზე, პოლიტიკურ პლურალიზმზე. თუმცა, სამივე ლიდერი წლების მანძილზე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში იყო და ხდიდა (ან იცავდა) მას ისეთს, როგორიც დღეს არის.

* * *
ის გარემოება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლების მეტ-ნაკლები შანსის მქონე სამივე ფიგურა პრეზიდენტის თანამებრძოლი იყო წლების განმავლობაში, სერიოზულად აზიანებს მათ მიმართ ნდობას. თუმცა, ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის დარჩენამდე ან ახალი ლიდერის გამოჩენამდე, სწორედ ეს სამი პოლიტიკოსი შეეცდება, ამჟამინდელ პრეზიდენტს პოლიტიკური პროცესის მართვის სადავეები ჩამოართვას.

არადა, პროცესების მართვა მიხეილ სააკაშვილის უძლიერესი უნარი იყო მაშინაც, როცა ოპოზიციურ პარტიას ხელმძღვანელობდა და არის ახლაც, როდესაც ქვეყნის პირველი პირია. ეს უნარი, პირველ რიგში, ეფუძნება სააკაშვილის პიროვნულ რესურსს და მხოლოდ შემდეგ – გარე ფაქტორებს.

ამიტომაც არის ძნელად დასაძლევი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG