Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში უნიკალური ქართულ-ამერიკული ლაბორატორია იხსნება


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია, რომელიც ოფიციალურად 18 მარტს გაიხსნება, თავისი მასშტაბით და შესაძლებლობებით უნიკალურია არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მისი მიზანია კავკასიის რეგიონი აქტიურად ჩაერთოს ინფექციური დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, აწარმოოს უნიკალური სამეცნიერო კვლევები და გახდეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრი.
ქართულ-ამერიკული ლაბორატორია

ლაბორატორიას თბილისის გარეუბანში დაახლოებით 8 000 კვადრატული მეტრი ტერიტორია უჭირავს. ის უახლესი სტანდარტებით არის აგებული და ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი. როგორც იქ დასაქმებული ქართველი მეცნიერები განგვიმარტავენ, ის მზადაა ბიოლოგიური უსაფრთხოების დასაცავად დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად იბრძოლოს.
ამ ლაბორატორიას აქვს ძალიან ფართო შესაძლებლობები ჩატარდეს სხვადასხვა სახეობის კვლევები ინფექციურ პათოგენებზე, ეს მოიცავს ბაქტერიოლოგიურ, იმუნოფერმენტულ კვლევებს, მოლეკულური ბიოლოგიის ყველაზე თანამედროვე კვლევებს...

ლაბორატორია ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროექტის ფარგლებში შეიქმნა და მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ზედამხედველობა სხვადასხვა დაავადების გამომწვევ იმ პათოგენებზე, რომლებიც საქართველოს ნიადაგში არსებობს და რითიც დაინტერესებულია ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო. თუმცა ეს მხოლოდ ერთი ნაწილია, რისი გაკეთებაც ლაბორატორიას საკუთარი რესურსით შეუძლია. ბიოუსაფრთხოების ოფიცერი თეა ბაქრაძე, ჩვენი მასპინძელი ლაბორატორიაში, გვიხსნის:

“ამ ლაბორატორიას აქვს ძალიან ფართო შესაძლებლობები ჩატარდეს სხვადასხვა სახეობის კვლევა ინფექციურ პათოგენებზე, პირველი დონის პათოგენებიდან მესამე დონის ჩათვლით. ეს მოიცავს ბაქტერიოლოგიურ, იმუნოფერმენტულ კვლევებს, მოლეკულური ბიოლოგიის ყველაზე თანამედროვე კვლევებს. ეს ლაბორატორია დაეხმარება საზოგადოებრივ - ასევე ვეტერინარულ - ჯანდაცვას ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.”

ლაბორატორიისათვის შეთავაზებულ ყველა პროექტს სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი მეცნიერებით - მათ შორის, სამი ქართველი მეცნიერით - დაკომპლექტებული მრჩეველთა საბჭო განიხილავს და სწორედ ის გადაწყვეტს, კონკრეტულ პროექტს განახორციელებს თუ არა ლაბორატორია. და, რაც მთავარია, ეს ადგილი საგანმანათლებლო ცენტრად იქცევა:
საქართველოში იქნება შესაძლებლობა გაიშიფროს ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა დნმ-ისა, ვაზის ჯიშის იქნება ის, ადამიანისა თუ ცხოველების...

”ყველა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტს, ვინც კი დაინტერესებულია ლაბორატორიული კვლევებით, შესაძლებლობა ექნება სწორედ აქ გაიაროს ტრენინგები ყველაზე თანამედროვე მეთოდებით და აღჭურვილობით, რაც კი არსებობს მსოფლიოში.”

ლაბორატორიაში არის ”დნმ-ის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის გამშიფრავი მოწყობილობა, ერთადერთი საქართველოში. ანუ საქართველოში იქნება შესაძლებლობა გაიშიფროს ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა დნმ-ისა, ვაზის ჯიშის იქნება ის, ადამიანისა თუ ცხოველების.”

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ამ ლაბორატორიის შექმნის დღიდან გაჩნდა, იყო, რამდენად იქნება დაცული გარემო მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან, როგორ გააუვნებელყოფენ ნარჩენებს:
ქართულ-ამერიკული ლაბორატორია

”ყველა ლაბორატორიას აქვს სტერილიზატორი და ყველა ნარჩენი მუშაობის შემდეგ ჯერ გასტერილდება და შემდეგ ეზოში, სპეციალურ ინცენერატორში დაიწვება.”
ძალიან დაბალია იმის შანსიც, რომ რამე შეიძლება ჰაერში გაიპაროს, რადგან ყველა ოთახში დგას სპეციალური ფილტრები, რომლებიც მიკროსკოპულ ნაწილაკებსაც კი იჭერს...

წარმოების მენეჯერი ვლადიმერ ჯიქია კი ამბობს, რომ ლაბორატორიის მშენებლობის პროცესში გათვალისწინებულია ყველა ის ეკოლოგიური მოთხოვნა, რაც საქართველოს აქვს. რაც შეეხება შენობის ტექნიკურ მხარეს, მას აქვს არაერთი დამცავი სისტემა:

”აი, მაგალითად, მიწისძვრის შემთხვევაში ავტომატურად ითიშება ბუნებრივი გაზის მომწოდებელი სარქველები, რაც გარანტიაა იმისა, რომ ბუნებრივი გაზის აალება, რაც არის ყველაზე დიდი საფრთხე, აქ არ მოხდება.”

ვიკითხეთ ეკოლოგიურ საფრთხეზეც:

”ძალიან დაბალია იმის შანსიც, რომ რამე შეიძლება ჰაერში გაიპაროს, რადგან ყველა ოთახში დგას სპეციალური ფილტრები, რომლებიც მიკროსკოპულ ნაწილაკებსაც კი იჭერს. ასე რომ, რისკი იმისა, რომ გარეთ შეიძლება რამე გავიდეს, ძალიან დაბალია.”

რატომ შეირჩა ასეთი მასშტაბის ლაბორატორიის ასაშენებლად საქართველო? - ეს კითხვა უკვე აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს დავუსვით. ეს გეოგრაფიული მომენტის და ორგანიზაციული ფილოსოფიის კომბინაციააო, გვიპასუხა:
აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი

”ჩვენ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მთავრობას ვეხმარებით საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებაში. ვეხმარებით, რომ შეძლონ ინფექციური დაავადებების გამომწვევი მიზეზების კვლევა. ყველა ქვეყანაში არ არსებობს ის გამოცდილება, რომელიც უკვე აქვს ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ამ მხრივ ჩვენ ვთანამშრომლობდით პერუს, ტაილანდის, კენიისა და ეგვიპტის მთავრობებთან. როდესაც ჩვენ ამ ქსელს დავაკვირდით, აღმოვაჩინეთ, რომ თქვენს რეგიონში ამ მხრივ ბევრი სამუშაოა. სწორედ ეს იყო კავკასიაში ამ ლაბორატორიის აშენების მიზეზი და კონკრეტულად კი საქართველოში, რომლის მთავრობასთან ათწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს სწორედ ამ საკითხებში. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მზაობა გამოასწოროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მდგომარეობა საქართველოში.”
ეს ლაბორატორია არ იქნება ჩართული ბიოლოგიური იარაღის კვლევის თუ შექმნის საქმეში. პირიქით. ეს ლაბორატორია საქართველოს და მისი მეზობლების დასახმარებლად გაკეთდა, რომ მათ შეძლონ ინფექციური დაავადებების მიზეზების კვლევა...

ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსულ მედიაში გამოჩნდა პუბლიკაციები, რომლებშიც საუბარი იყო ბიოლოგიური იარაღის შესაძლო წარმოებაზე. ამერიკის ელჩს ასევე ვკითხეთ, რამდენად საფუძვლიანია რუსულ მედიაში გამოთქმული შიში:

”ეს ლაბორატორია არ იქნება ჩართული ბიოლოგიური იარაღის კვლევის თუ შექმნის საქმეში. პირიქით. ეს ლაბორატორია საქართველოს და მისი მეზობლების დასახმარებლად გაკეთდა, რომ მათ შეძლონ ინფექციური დაავადებების მიზეზების კვლევა. ეს პროექტი დაფინანსდა ამერიკის მთავრობის მიერ, კერძოდ, თავდაცვის დეპარტამენტის მიერ და, როგორც ჩანს, სწორედ ამან გამოიწვია გარკვეული სპეკულაციები მედიაში სამხედრო თემატიკით. ამ პროგრამას აქვს ძალიან კონკრეტული, მაგრამ არასამხედრო მიზნები და სპეციფიკა.”

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია ოფიციალურად 18 მარტს გაიხსნება. ამ დღეს საქართველოს ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ენდრიუ ვებერი ეწვევა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG