Accessibility links

logo-print
არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მერიას დედაქალაქის ურბანული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. თუმცა ამ თანამშრომლობის მიზნით საგანგებოდ მოწვეულ კონფერენციას თბილისის მთავრობის წარმომადგენლები არ დაესწრნენ. შესაბამისად, კონფერენციაზე მოსალოდნელი დიალოგისა და დისკუსიის ნაცვლად, გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომლის ძირითადი აქცენტები თბილისის მერიის საქმიანობის გაუმჭვირვალობას შეეხო.
ყოველთვის ვწერთ და ხანდახან მოდის კურიოზული პასუხები. მაგალითად, ვითხოვდით ერთ სამეცნიერო-მეთოდურ საბჭოზე დასწრებას და გვითხრეს, ადგილი არ გვაქვს, ვერ დაგასწრებთო...

მრგვალი მაგიდის ორგანიზატორი ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო” იყო, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრის მონაწილეთა პრაქტიკულად ყველა გამოსვლაში აღინიშნა ის, რომ ურბანული მემკვიდრეობის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას შორის კომუნიკაცია არ არსებობს. ინფორმაციის გაცემისა და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისგან თავის არიდებას კი თბილისის მერია ძირითადად იმ ტიპის ირიბი მიზეზებით ახერხებს, როგორზეც, მაგალითად, ”თბილისის ჰამქრის” ხელმძღვანელი ალექსანდრე ელისაშვილი ამახვილებს ყურადღებას:

”ყოველთვის ვწერთ და ხანდახან მოდის კურიოზული პასუხები. მაგალითად, ვითხოვდით ერთ სამეცნიერო-მეთოდურ საბჭოზე დასწრებას და გვითხრეს, ადგილი არ გვაქვს, ვერ დაგასწრებთო. ვუთხარით, ფეხზე დავდგებითო, მაგრამ მაინც უარი მივიღეთ. რამდენჯერმე გაგვცეს ასეთი პასუხი. არადა, გვინდა იმ საბჭოზე მივიდეთ, რომ წინასწარ ვიყოთ საქმის კურსში. თუმცა დღეს დილით დადეს, მაგალითად, ის, რასაც მოვითხოვდით. ეს გამონაკლისია. ამის შემდეგ ყოველთვის მუდმივ მონიტორინგს გავუწევთ, წინასწარ რომ დადონ, რის განხილვას აპირებენ.”
მერია ერთ-ერთი ყველაზე დახურული სახელმწიფო დაწესებულებაა, რომელიც პრაქტიკულად საერთოდ არ გასცემს საჯარო ინფორმაციას და გვიწევს მათთან ყველა წვრილმანზე სასამართლოში დავა...

თბილისის მერიაში ინფორმაციის დახურვის პრობლემას კიდევ უფრო აზოგადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, თამარ კორძაია. მისი შეფასებით, პრობლემას ორი მთავარი მიზეზი განაპირობებს: თბილისის მერია უარს ამბობს ადმინისტრაციული საჩივრების განხილვაზე და სასურველ რეზულტატს, მთელი რიგი მიზეზების გამო, ხშირ შემთხვევაში, მოქალაქე ვერც სასამართლოში საქმის წარმოებით აღწევს. შესაბამისად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეკომენდაციაა, საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი კანონმდებლობით იყოს გათვალისწინებული. თამარ კორძაიას აზრით, ინფორმაციის განზრახ დამალვის შემთხვევაში პირს, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დაეკისროს. რაც შეეხება მერიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მისი შეფასებით:

”მერია ერთ-ერთი ყველაზე დახურული სახელმწიფო დაწესებულებაა, რომელიც პრაქტიკულად საერთოდ არ გასცემს საჯარო ინფორმაციას და გვიწევს მათთან ყველა წვრილმანზე სასამართლოში დავა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ საკითხს სჭირდება წამოწევა და პოზიტიურად გადაწყვეტა.”
არა მარტო დამტკიცებული პროექტების, მიმდინარე პროექტების შესახებაც ვაქვეყნებთ ინფორმაციას...

საჯარო ინფორმაციის გაცემისა თუ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის საკითხის უშუალოდ მერიის წარმომადგენელთა წინაშე დასმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მრგვალ მაგიდაზე ვერ მოხერხდა. როგორც სხდომის მოდერატორმა განმარტა, მას თბილისის მერიიდან შეატყობინეს, რომ შეხვედრაზე დასწრებას ქალაქის არქიტექტურისა და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მოუცლელობის გამო ვერ შეძლებდნენ. თავის მხრივ, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა არისი ბოჭოიძემ გვითხრა, რომ მის სამსახურში ყველა ინფორმაცია ღია და საჯაროა და ამ მიმართულებით პრობლემა პრაქტიკულად არ არსებობს:

”არა მარტო დამტკიცებული პროექტების, მიმდინარე პროექტების შესახებაც ვაქვეყნებთ ინფორმაციას. თუ ნახავთ ვებგვერდზე, არის ჩანართი ”მიმდინარე პროცესები”, რომელშიც ყველა ის საკითხი, რომელსაც ამწუთში სამსახური განიხილავს, არის ერთად თავმოყრილი, მათ შორის, რაიონების მიხედვით. არის ძველი თბილისი ცალკე, არის კარკასები, ანუ მნიშვნელოვანი ადგილები, თემატიკის მიხედვით და სხვა.“

სულ სხვას ამბობენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა და თავად თბილისის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები. ამ ინსტიტუტის მონაცემებით, თბილისის მერიის ინფორმაციის გამჭვირვალობის მაჩვენებელი მხოლოდ 18 პროცენტია, მერიის საიტი, ნავიგაციის თვალსაზრისით კი, ურთულესი. რაც შეეხება ოპოზიციას, ქრისტიან-დემოკრატ ჯაბა სამუშიას აზრით, ერთია ინფორმაციის თავისუფლება, მეორე კი თბილისის ურბანული განვითარების პროცესში გამოცდილი პროფესიონალი კადრების ჩართვა. ჯაბა სამუშია ამბობს, რომ პრობლემა ამ თვალსაზრისითაც არსებობს.
არქიტექტორ-ურბანისტი კოკა ამირეჯიბი

არქიტექტორ-ურბანისტ კოკა ამირეჯიბის შეფასებით კი, თბილისს ზიანი უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებითაც ადგება. კანონის გარდა, მისი თქმით, პრობლემას ქმნის ისიც, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახური საქმიანობს, როგორც ცენტრალიზებული სტრუქტურა:

”ამ სამსახურს სჭირდება დეცენტრალიზაცია, ჩემი აზრით. რაიონებში უნდა გაჩნდეს ნორმალური არქიტექტურის სამსახურები, სადაც შეიძლება ადამიანი მივიდეს, დაელაპარაკოს ფიზიკურად არქიტექტორს, სპეციალისტს, კონსტრუქტორს, იურისტს, რომ მიიღოს კონსულტაცია იმაზე, რისი გაკეთება უნდა, რისი უფლება აქვს, რისი უფლება არა აქვს. არ შეიძლება, რომ ყველაფერს - პატარა ღიობის გაჭრას და უზარმაზარი ტყე-პარკის გაშენებას ატრაქციონებით - ერთი განყოფილება წყვეტდეს.”

ურბანისტები და თბილისის ურბანული განვითარებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები 16 მარტს გამართულ მრგვალ მაგიდაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების პაკეტის ერთობლივად შეჯერებაზე შეთანხმდნენ. მანამდე კი მიმართავენ მერიას, რომ სამეცნიერო საბჭოზე განსახილველი საკითხების ნუსხა ვებსაიტის საშუალებით წინასწარვე გახდეს საჯარო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG