Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მყიფე და შექცევადი“ წინსვლა ავღანეთში


გენერალი დევიდ პეტრეუსი აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას
გენერალი დევიდ პეტრეუსი აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას
ავღანეთში შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ჯარების სარდლის, გენერალ დევიდ პეტრეუსის შეფასებით, კოალიციამ, მთლიანობაში, შეძლო თალიბანის წინსვლის შეჩერება და, შესაბამისად, ძალაში რჩება შეერთებული შტატების გეგმა, წელს, ივლისში დაიწყოს ავღანეთიდან ჯარების გაყვანა. თუმცა, გენერალი დევიდ პეტრეუსი იმაზეც მიუთითებს, რომ წარმატებები, რომლებსაც უსაფრთხოების მხარდამჭერმა საერთაშორისო ძალებმა (ISAF-მა) მიაღწიეს, გამყარებული არ არის და შესაბამისად, არც შეუქცევადია. ამის შესახებ მან განაცხადა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში მოხსენებით გამოსვლისას.

„ISAF-ის შეფასებით, ავღანეთში თალიბანის წინსვლა, რომელიც 2005 წელს დაიწყო, შეჩერებულია ქვეყნის დიდ ნაწილში და საწინააღმდეგო პროცესია დაწყებული რამდენიმე მნიშვნელოვან რაიონში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ განვლილი წლის მანძილზე უსაფრთხოების მხრივ მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვნად უნდა მივიჩნიოთ, ის ამავე დროს მყიფე და შექცევადიც არის“, - განაცხადა გენერალმა პეტრეუსმა ამერიკელი კანონმდებლების წინაშე პირველ გამოსვლაში მას შემდეგ, რაც შარშან დაინიშნა ავღანეთში მრავალეროვანი კოალიციის სარდლად.

ავღანეთში ვაშინგტონის ახალი, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული სტრატეგია ითვალისწინებს სამხედრო ოპერაციებში ამერიკელების მონაწილეობას 2014 წლის ჩათვლით და, ამავე დროს, ავღანელების გაწვრთნას უსაფრთხოებაზე ზრუნვის მათთვის გადასაბარებლად. პეტრეუსი გამოთქვამს იმედს, რომ ზოგ პროვინციაში მალევე შეიძლება დაიწყოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ადგილობრივი ძალებისთვის ჩაბარება. ამასთან, ნატო და მისი ავღანელი პარტნიორები რთული ამოცანის წინაშე დგანან გაზაფხულზე თალიბანის მოსალოდნელ გააქტიურებასთან დაკავშირებით.

მეტიც: მარტო თალიბანის აქტიური წინააღმდეგობა არ უქმნის დაბრკოლებებს ავღანეთში კოალიციის წინსვლას. ხელისშემშლელ ფაქტორებად ითვლება აგრეთვე კორუფცია, არაეფექტიანი მმართველობა ქაბულიდან და ის გარემოება, რომ მეამბოხეები თავშესაფრებით სარგებლობენ მეზობელ პაკისტანში. პეტრეუსის თქმით, ნატო ბოლოხანს განსაკუთრებით მჭიდროდ თანამშრომლობს პაკისტანის არმიასთან, რათა ხელი შეუშალოს საზღვარზე თალიბების გადასვლა-გადმოსვლას.

ყოველივე ამის შესახებ გენერალმა პეტრეუსმა შეერთებული შტატების სენატში, შეიარაღებული ძალების კომიტეტში ისაუბრა, რის შემდეგაც თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტის წევრებმაც, მათ შორის რესპუბლიკელმა სენატორმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ჯონ მაკკეინმა.

მაკკეინი მხარდაჭერას უცხადებს კოალიციის ამჟამინდელ კურსს ავღანეთში, თუმცა სკეპტიკურია, როცა საქმე ეხება ვაშინგტონის გეგმას, რომ წელსვე, ზაფხულში დაიწყოს ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანა. მაკკეინს ივლისში „მოქმედების ყველაზე გონივრულ კურსად“ მიაჩნია ის, რომ „სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთის შედარებით უსაფრთხო ნაწილებიდან გადაიყვანონ ნაკლებად უსაფრთხო ადგილებში, სადაც დამატებითმა ძალებმა შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობის გავლენა იქონიონ“. როგორც სენატორი ამბობს, „არ უნდა ვიჩქაროთ შეცდომის დაშვება და უნდა გამოვიჩინოთ სტრატეგიული მოთმინება“.

სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას გენერალმა დევიდ პეტრეუსმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ისაუბრა მსხვერპლის საკითხზეც - მეტად მტკივნეულ საკითხზე. ბოლო შემთხვევა, რომელსაც ავღანეთში მოსახლეობის უაღრესად მწვავე რეაქცია მოჰყვა, იყო ცხრა ბავშვის დაღუპვა აღმოსავლეთ ავღანეთში, ნატოს საჰაერო რეიდის შედეგად. გენერალ პეტრეუსის განცხადებით, მისი დავალებით გადასინჯავენ ავღანეთში საჰაერო რეიდების განხორციელების წესებს.

მას შემდეგ, რაც მრავალეროვანმა კოალიციამ ავღანეთში 2001 წელს თალიბანის მმართველობა დაამხო, განვლილ წელს აღირიცხა ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. გაეროს ინფორმაციით, დაიღუპა 2777 ადამიანი, მათი სამი მეოთხედი - მეამბოხეების მოქმედების შედეგად.

მსხვერპლი მატულობს სამხედრო მოსამსახურეების რიგებშიც. ჩვენი მსმენელისთვის ცნობილია, რომ საქართველოში გადაასვენეს შეიარაღებული ძალების კაპრალი ვალერი ვერსკიანი, რომელიც ავღანეთში მიღებულმა ჭრილობებმა შეიწირა. ის მეშვიდე ქართველი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიას ემსხვერპლა.

სამშაბათს, გენერალი პეტრეუსი, სწორედ სენატორების წინაშე გამოსვლის შემდეგ, ვაშინგტონშივე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მადლობა გადაუხადა ავღანეთის მრავალეროვან მისიაში ქართველი სამხედროების წვლილის გამო.
XS
SM
MD
LG