Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეძლო პროექტმა ”ერთად ჩვენ შევძლებთ”


პროექტის პრეზენტაცია
პროექტის პრეზენტაცია
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ მიერ განხორციელებული 18 თვიანი პროექტი „ერთად ჩვენ შევძლებთ“, რომელიც კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას, მათ სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას ისახავდა მიზნად, დასასრულს მიუახლოვდა. პროექტის შედეგების პრეზენტაცია 17 მარტს ”ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა.

პროექტი ”ერთად ჩვენ შევძლებთ” საქართველოს ოთხ რეგიონში - სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში მცხოვრები დევნილებისა და ადგილობრივი თემების მოსახლეობის დასახმარებლად 18 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. მოსახლეობის ინფორმირება, სოციალურ-ეკონომიკური გეგმების მომზადება, ტრენინგსესიები, გრანტები მცირე ბიზნესის წამოსაწყებად - ეს აქტივობების მხოლოდ ნაწილია. შედეგებზე საუბრისას „ოქსფამის“ საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი ქეთი გეთიაშვილი აღნიშნავს, რომ პროექტში მონაწილეებს უკვე აქვთ ბიზნესის დასაწყებად საჭირო უნარ-ჩვევები, მეტი ინფორმაცია საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების შესახებ:

”მათ შეუძლიათ თავიანთი პრობლემების შესახებ ძალიან თანმიმდევრულად ისაუბრონ და ჩაერთონ დიალოგში; იციან იმ გზების მოძიება, თუ როგორ უნდა დაძლიონ საკუთარი პრობლემები.”

212-მა ქალმა სპეციალური ტრენინგიც გაიარა - ზოგი ჯანდაცვის პროგრამაში ჩააერთო, ზოგმაც გრანტი მიიღო: ”218 ქალს ჩაუტარდა ტრენინგი „როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ და მათგან 107-მა - ანუ საუკეთესო ბიზნესწინადადებების ავტორებმა - მიიღო კიდევ დაფინანსება ამ ბიზნესის წამოსაწყებად. დავაფინანსეთ ასევე სათემო ორგანიზაციები, რომლებმაც ჩასახლებებში ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელეს, როგორიცაა, მაგალითად, საბავშვო ბაღების, ბიბლიოთეკების მოწყობა, ავტობუსის გაჩერებების მოწყობა და ა.შ.”

ერთ-ერთი ასეთია, მაგალითად, გოჩა პეტრიაშვილი, ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფლის დევნილთა ჩასახლებიდან. პროექტის ფარგლებში მას სახნავი ტრაქტორიც გადასცეს. ტექნიკას იმ სამუშაოებისათვის იყენებს, რომლებსაც მისი ორგანიზაცია აწარმოებს და რაშიც 7 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. პეტრიაშვილი ამბობს, იმდენი ინფორმაცია მივიღე, რომ ახლა კონსულტაციას სხვებსაც ვუწევო. კიდევ ორი პროექტი აქვს განსახორციელებელი.
მარინა კახნიაშვილი ფრონეს ხეობიდან დევნილია. ისიც პროექტში თავიდანვე ჩაერთო და დღეს მის ოჯახს პურ-ფუნთუშეულის მცირე საწარმო აქვს.

როგორც გითხარით, 18 თვიანი პროექტი უკვე დასრულდა. ნაწილმა შეძლო და მცირე გრანტებით საქმე წამოიწყო, თუმცა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი ჯერ ისევ დაუსაქმებელია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ დევნილების პრობლემები მხოლოდ ნაწილობრივ მოგვარდა, თუმცა პირობას დებს, რომ დასახმარებლად ყველასთან მივლენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG