Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოვრუზ ბაირამი თბილისში


საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. დღესასწაული კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2010 წელს ნოვრუზ ბაირამი საერთო ეროვნულ დღესასწაულად, ხოლო 21 მარტი უქმე დღედ გამოცხადდა. ტრადიციულად დღესასწაულის აღნიშვნა რამდენიმე კვირით ადრე იწყება. ამ მხრივ გამონაკლისი არც თბილისია, სადაც საზეიმო კონცერტს ამჯერად რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა.

ნოვრუზ ბაირამი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების ეროვნული დღესასწაულია. ამ დღეს იშლება სუფრა, მზადდება ტრადიციული კერძები და სრულდება ისეთი რიტუალები, რომელთა წყალობითაც გაზაფულმა, ანუ ახალმა წელმა, ოჯახი კეთილდღეობით, ხვავითა და ბარაქით უნდა აავსოს. ნოვრუზ ბაირამი წარმოუდგენელია მხიარული, საზეიმო მუსიკის გარეშე.

ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად ნაზი ალიევა რუსთაველის თეატრში ქალიშვილთან ერთად მივიდა. მათგან შევიტყვე, რომ სადღესასწაულო სუფრაზე სულ ცოტა შვიდი ტრადიციული კერძი მაინც უნდა იყოს, თუმცა, ნაზი ალიევას თქმითვე, ასევე მნიშვნელოვანია განსაკუთრებული განწყობა:

„ამ დღეს ყველა ერთმანეთს უღიმის, ყველა ივიწყებს წყენას. ადამიანები უფრო თბილები ხდებიან. უფროსები უმცროსებს თვალებს უკოცნიან, უმცროსები უფროსებს - ხელებს. გადასცემენ ერთმანეთს საჩუქრებს და ეს რიტუალი გრძელდება თითქმის მთელი თვის განმავლობაში.“

ბუნებრივია, თბილისი, როგორც მულტიკულტურული, მულტიეთნიკური ქალაქი, რომელიც ბევრ ეთნიკურ ჯგუფს აერთიანებს თავის თავში და აქცევს თბილისელებად, აღნიშნავს ამ დღეს ...
აღსანიშნავია, რომ ნოვრუზ ბაირამი არაა რელიგიური დღესასწაული. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თბილისის ჯუმა მეჩეთის მოლა, ვაგიფ აქპეროვი ელაპარაკა:

„ნოვრუზ ბაირამი არის ეროვნული დღესასწაული, დაკავშირებულია გაზაფხულზე დღე-ღამის თანაბრობასთან. ეს დღესასწაული სათავეს იღებს 3 ათასი წლის წინანდელი ეპოქიდან, დაკავშირებულია ცეცხლთან, ზოროასტრიზმთან. ჩვენთან ეს კიდევ არის - ისლამის წელთაღრიცხვის, მზის კალენდრის, შამსის მიხედვით - წლის პირველი დღე, ანუ ახალი წლის პირველი დღეა.“

სწორედ ამ ახალ წელს აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ნავროზობის დღესასწაულში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. 17 მარტს რუსთაველის თეატრში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო.

„ბუნებრივია, თბილისი, როგორც მულტიკულტურული, მულტიეთნიკური ქალაქი, რომელიც ბევრ ეთნიკურ ჯგუფს აერთიანებს თავის თავში და აქცევს თბილისელებად, აღნიშნავს ამ დღეს. გარდა ამისა, იუნესკოს მიერაც იქნა გამოცხადებული როგორც ერთ-ერთი ფუძემდებლური დღესასწაული მსოფლიო ერებში და საქართველოში აღიარებულია როგორც საერთო ეროვნული დღესასწაული და, შესაბამისად, ამან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ საერთო კულტურულ სივრცეს, რომელსაც ჩვენ ერთიან კავკასიურ სივრცეს ვუწოდებთ“, უთხრა გიგი უგულავამ რადიო თავისუფლებას.



აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის 2010 წლის 187-ე ბრძანებულებით, ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით 21 მარტი სადღესასწაულო დღედ გამოცხადდა. ამასთან, ითვლება, რომ ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის, სიცოცხლის დღესასწაულია. მოლა ვაგიფი განმარტავს, რომ 21 მარტს ყველა აზერბაიჯანელის ოჯახში იშლება სუფრა, ისმის მხიარული მუსიკა, მზადდება სხვადასხვა სახის ნუგბარი და ადამიანები ერთმანეთს ახალი წლის დადგომას ულოცავენ:

„გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს და გთავაზობთ ტრადიციულად ფლავს. აღმოსავლური ტკბილეულიდან უნდა იყოს ფაჰლავა, შაქარბურა... ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ვეპატიჟებით მეგობრებსა და ახლობლებს.“

როგორც წესი, მეგობრებისა და ნათესავების გამასპინძლებას ხვავრიელი სუფრა სჭირდება, თუმცა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის დროს სუფრაზე მნიშვნელოვანი სამანია, ანუ ჯეჯილი, რომელიც სიცოცხლის სიმბოლოდ მიიჩნევა და რომელიც, როგორც თბილისელი თახმაზ გასანოვი ამბობს, აუცილებლად ყველა ოჯახში უნდა იყოს:

„ეს არის სამანი, ხორბლის ჯეჯილი. მარცვალს ვყრით წყლით სავსე თეფშში და ველოდებით. 21 დღეში ასეთი ჯეჯილი, ანუ სიცოცხლე, ამოდის.“

ბუნებრივია, სამანით შეხვდება ნოვრუზ ბაირამს ნაზი ალიევა, რომელიც რადიო თავისუფლების ეთერის საშუალებით ყველას ულოცავს განახლებისა და სიცოცხლის დღესასწაულს:

„დაე, ნოვრუზ ბაირამმა თქვენს ოჯახებს სიწყნარე, სიმშვიდე და ბარაქა მუტანოს!“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG