Accessibility links

logo-print

ერგნეთში ”ნატოს კუთხის” გახსნას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალური კომენტარით უპასუხა ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთის სკოლაში ”ნატოს კუთხის” გახსნას. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის, განცხადებით, ”პროპაგანდისტული აქციის” ორგანიზატორებს ერგნეთი შემთხვევით არ შეურჩევიათ, რადგან სწორედ აქ იმართება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, რომელშიც რუსი მესაზღვრეები და ევროკავშირის მეთვალყურეებიც მონაწილეობენ. ”ქართული მხარე ცდილობს ამა, თუ იმ ფორმით ჩართოს ნატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ყბადაღებული პრობლემის მოგვარებაში და ამასთან, რატომღაც ავიწყდება მეზობელი სახელმწიფოების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აზრით დაინტერესება”, - ნათქვამია ლუკაშევიჩის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ოფიციალურ კომენტარში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გაუგებარს უწოდებს ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ გოგოტიშვილის, განცხადებას იმის შესახებ, რომ ერგნეთი, ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერი სხვა სოფელი, ნატოს ზონაა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ცერემონიას ესწრებოდა საქართველოში ლიტვის ელჩიც, ალიანსს მიმართავს შეკითხვით, რომელ ზონაზეა საუბარი. ცნობისათვის, ერგნეთის სკოლაში ”ნატოს კუთხე” 7 მარტს გაიხსნა.
XS
SM
MD
LG