Accessibility links

logo-print

იაპონია ცდილობს არ დაუშვას მასშტაბური ატომური კატასტროფა


ფუკუსიმის ატომური სადგური

ფუკუსიმის ატომური სადგური

იაპონიის ნაბიჯებს, არ დაუშვას მასშტაბური ატომური კატასტროფა მიწისძვრით დაზიანებულ ფუკუსიმის ატომურ სადგურზე, სპეციალისტები „უკანასკნელ ძალისხმევას“ უწოდებენ. ფუკუსიმის ექვსი რეაქტორიდან ოთხზე აფეთქებები მოხდა და ხანძარი გაჩნდა. სპეციალისტები კვლავ ობიექტის გაგრილებას ცდილობენ.

იაპონიაში გრძელდება მცდელობა, თავიდან იქნეს აცილებული მასშტაბური კატასტროფა ფუკუსიმის ატომურ სადგურზე, რომელიც გასულ კვირაში მომხდარმა მიწისძვრამ და ცუნამიმ დააზიანა.

მინისტრთა კაბინეტის პირველი მდივნის, იუკიო ედანოს თქმით, რეაქტორებს გაგრილების მიზნით სამხედრო ვერტმფრენები ტონობით ზღვის წყალს ასხამენ. პოლიციის მანქანებიდან წყლის ჭავლიც გამოიყენება: „რეაქტორების გასაგრილებლად მაქსიმალურად ვმუშაობთ - იაპონიის თავდაცვის ძალების ვერტმფრენებით ციდან წყალს ვასხამთ, ხმელეთიდან კი პოლიციის წყლის ჭავლს ვიყენებთ.“

ამასთან, ფუკუსიმის სადგურზე მომუშავე სპეციალისტები საკუთრივ სადგურზე ცდილობენ წყლის მიწოდების აღდგენას, რათა კვლავ აამუშაონ გამაგრილებელი სისტემა.

მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით არც ერთი ზომა არ ამართლებს.

ოპერაციის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს უკვე გამოყენებული ბირთვული საწვავის შემნახველ ობიექტზეც წყლის მიწოდების აღდგენა. ფუკუსიმის ექვსი რეაქტორისგან განსხვავებით, ეს ობიექტი არ არის დაცული რკინის და ბეტონის შემაკავებელი ავზებით.

გაეროს ბირთვული რეგულირების კომისიის ხელმძღვანელმა გრეგორი იაცკომ ოთხშაბათს გამოთქვა შეშფოთება, რომ იაპონიის მთავრობა სათანადოდ არ წარმოაჩენს კრიზისის სიღრმეს: „ჩვენი შეფასებით, ამ ეტაპზე მეოთხე ბლოკში შესაძლოა მწყობრიდან გამოსული იყოს მნიშვნელოვანი აღჭურვილობა და, როგორც ჩანს, დახარჯულია წყლის მთელი მოცულობაც.“

ამასთან, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტმა მუჰამედ აჯმალ ხანმა, რომელიც ტოკიოს სიახლოვეს ლტოლვილთა ბანაკში მოხალისედ მუშაობს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბანაკში ფუკუსიმადან ხუთშაბათს ჩასული ადამიანები დასხივების სიმპტომებს ამჟღავნებდნენ: „ბევრი ლტოლვილი ჩამოდის ფუკუსიმიდან - ატომური სადგურისგან 10, 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე ადგილებიდან. ზოგიერთს უკვე აქვს დასხივებით შექმნილი პრობლემები - კანის პრობლემები. რამდენიმეს ველაპარაკე. კანზე მცირე ზომის იარა ან მცირე ნაკაწრები აღენიშნებათ ბირთვული რადიაციის შედეგად. ზოგიერთს თვალები აწუხებს - ცრემლდენა აქვს. ახლა იაპონელი ექიმები ამ ადამიანებს იკვლევენ - თანამედროვე აღჭურვილობით ცდილობენ მათ ორგანიზმში რადიაციის დონის დადგენას. ძირითადი შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.“

ძლიერი რადიაციული დასხივება კანის დამწვრობებს, თავბრუსხვევას და პირღებინებას იწვევს და სისხლის უჯრედებს აყენებს ზიანს, რასაც, საბოლოოდ, ადამიანის სიკვდილის გამოწვევა შეუძლია. რადიაციულ დასხივებას კიბოს და სხვა დაავადებების გამომწვევ ფაქტორადაც მიიჩნევენ.

იმ სპეციალისტებს, ვინც საკუთრივ ფუკუსიმის ობიექტზე მუშაობს, დასხივების საფრთხე ბევრად უფრო მეტად ემუქრებათ, ვიდრე სადგურის სიახლოვეს, 30 კილომეტრიან რადიუსში მცხოვრებ ხალხს.

ექსპერტების თქმით, დასხივების სიმპტომების სრულად გამოვლენას შესაძლოა სულ მცირე რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

ატომური კატასტროფის აღკვეთის მცდელობის პარალელურად, იაპონიას მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი აქვს. პოლიციის განცხადებით, პარასკევის მიწისძვრის და ცუნამის შედეგად დაღუპულთა დადასტურებულმა რიცხვმა 14,500-ს მიაღწია. ნახევარ მილიონამდე ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რადიაციის შიშის გამო არასათანადოდ აქცევენ ყურადღებას იმ ხალხს, ვისაც საკვები, წყალი და საწვავი ესაჭიროება.
XS
SM
MD
LG