Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიკილიკსი: ჩვენ მედიის ლანდშაფტი შევცვალეთ


ვიკილიკსი დროდადრო შეახსენებს ხოლმე თავს მსოფლიოს თავისი დოკუმენტებით, რომლებიც საიდუმლოა და რომლებიც ადამიანებს ინფორმაციას აწვდის სხვადასხვა მოვლენაზე, ომებზე, პოლიტიკოსთა აზრებზე, მთავრობების მალულ განზრახვებზე და სხვა. ზოგი მას აკრიტიკებს, გამჭვირვალობის მომხრე ორგანიზაცია თვითონ მუშაობს დაფარულადო. რადიო თავისუფლება ესაუბრა ვიკილიკსის წარმომადგენელს კრისტინ ჰრაფნსონს ამ კრიტიკაზე და ასევე სხვა თემებზე.

კრისტინ ჰრაფნსონი ვიკილიკსს არ იცავს. ის არ თვლის, რომ გაუმჭვირვალედ მუშაობს ეს საინტერნეტო გვერდი, რომელიც აქვეყნებს უამრავ მასალას, რამაც თვალი უნდა აუხილოს სამყაროს და დაანახვოს ხალხს ის სიმართლე მოვლენებზე, რომლებზეც ჩვეულებრივ კი ლაპარაკობს მედია, მაგრამ ინფორმაცია იფილტრება მარტივი მიზეზით: მთავრობებს, გავლენის მქონე ორგანიზაციებსა და პიროვნებებს ყოველთვის არ აძლევთ ხელს მათ საქმიანობაზე ღიად ილაპარაკონ და ყველამ ყველაფერი იცოდეს მათზე და მათ მუშაობაზე.

მასალა, რომელსაც ჩვენ ვაქვეყნებთ ხოლმე, საკმარისად მეტყველია. ის ავთენტური მასალაა ...
„ამ მხრივ ძალიან გამჭვირვალედ ვმოქმედებთ... როგორ ვმუშაობთ იმაზე, რასაც ვაქვეყნებთ? მართალია, ჩვენი ზოგიერთი თანამშრომლის ვინაობა საჯაროდ ცნობილი არ არის, მაგრამ ეს გასაგები უნდა იყოს, თუ გაიხსენებთ იმ მუქარასა და თავდასხმებს, რომელთა სამიზნეც ჩვენი ორგანიზაციაა. ეს ის ადამიანები არიან (ზოგიერთი ჩვენთან ნაწილობრივაა დაკავებული), რომლებიც ფიქრობენ თავიანთ ოჯახებზე, მათ უსაფრთხოებაზე. თანაც, ძალიან ძნელია, შეადარო ჩვენი ნაწილობრივ საიდუმლო ქმედება სამხედრო ორგანიზაციებისა და მთავრობების ან ძლიერი კორპორაციების საიდუმლო მუშაობას. მაგრამ, მთლიანობაში, საკმაოდ კარგადაა ცნობილი, რას აკეთებს ვიკილიკსი და როგორ მოქმედებს ის.“

და მაინც რა არის ვიკილიკსი? რა არის მისი მიზანი? ადრე, როცა რომელიმე მედიასაშუალება იღებდა ხოლმე საიდუმლო ინფორმაციას, ის შესაბამის იურიდიულ თუ კერძო პირს რეაგირების, ცნობის უარყოფის საშუალებას აძლევდა. ასეთ შემთხევაში ინფორმაცია უფრო გაწონასწორებული იყო. მაგრამ საქმე ისაა, რომ ვიკილიკსი არ აქვეყნებს საიდანღაც ვინმეს მიერ მოძიებულ ცნობას, ის მხოლოდ ორიგინალურ დოკუმენტს ავრცელებს. ჰრაფნსონი ამბობს:

„რატომ არ არსებობს უარყოფის აუცილებლობა? მასალა, რომელსაც ჩვენ ვაქვეყნებთ ხოლმე, საკმარისად მეტყველია. ის ავთენტური მასალაა და ვერავინ დაამტკიცებს, რომ ასე არ არის. ამ მასალის გამოქვეყნებისას კაცს შეუძლია დასკვნა თვითონ გააკეთოს. ამ კატეგორიის მასალის შემთხვევაში აუცილებელი არ არის, რეაგირების უფლება გქონდეს.“

ეს გასაგებია. მაგრამ ვიკილიკსს რომ ხელთ არსებული ყველა დოკუმენტის გამოქვეყნება არ შეუძლია, ესეც ცხადია. ორგანიზაციას ცნობების ბევრი მიმწოდებელი ჰყავს. როგორ ირჩევს ის შეგროვილი მასალიდან რა გამოაქვეყნოს და რა არა? ჰრაფნსონი მარტივად უპასუხებს ამ შეკითხვას: როგორც ყველა მედიასაშუალება აკეთებს, ჩვენც ასევე ვიქცევით, უბრალოდ, ეს ჟურნალისტური საკითხიაო. ჰრაფნსონი განმარტავს, გამოსაქვეყნებლად შეგროვილი მასალიდან რედაქტორი ირჩევს, რა გავა და რა არა, როგორც ტრადიციულ მედიაში ხდებაო. ჩვენმა კორესპონდენტმა ვიკილიკსის წარმომადგენელს ჰკითხა ვითომდა ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მასალის შესახებ, როცა რუსეთში, მაგალითად, ვიკილიკსის მიერ გავრცელებული აშშ-ის საიდუმლო დიპლომატიური წერილების მანიპულირებული ვერსიები გამოჩნდა. ასეთ შემთხვევაში ძნელია იმის გარკვევა, რომელია ორიგინალური დოკუმენტი და რომელი რაღაც მიზნებით შეცვლილი. არის გზები მედიასაშუალებებისთვის, გაარკვიონ, მართლა თანამშრომლობს თუ არა ესა თუ ის მედიაორგანიზაცია ვიკილიკსთან, ანუ უშუალოდ მისგან იღებს მასალას თუ არა?

ტრადიციულ მედიას სულ უფრო უკეთ ესმის, რომ ვიკილიკსი მედიის ლანდშაფტის გავრცობაა და რომ ბოლო თვეებში ეს ლანდშაფტი საგრძნობლად შეიცვალა ...
„გზა, როგორ ვმუშაობთ მთელი მსოფლიოს მედიასთან (და ჩვენ ვმუშაობთ მთელი მსოფლიოს მედიასთან) ასეთია: ჯერ მათთვის ხელმისაწვდომს ვხდით დოკუმენტების ნაწილს. როცა შინაარსის გავრცელებას იწყებენ, შესაბამის მასალებს ჩვენს ვებსაიტზე ვაქვეყნებთ. დასტური, რომ ამბავი მართლაც ავთენტურ დოკუმენტს ეფუძნება, ჩვენს ვებსაიტზე ორიგინალების გამოქვეყნებაა.“

ვიკილიკსი თანამშრომლობს მსოფლიოს ხუთ ყველაზე ავტორიტეტიან და დიდ მედიასაშუალებასთან. ესენია გერმანული „შპიგელი“, ბრიტანეთის „გარდიანი“, ასევე „ნიუ იორკ ტაიმსი“, ესპანეთში გამომავალი „პაისი“ და ფრანგული „მონდი“. ბოლო ხანს, ორგანიზაციამ გააფართოვა თავისი პარტნიორების არეალი და ცენტრალურ, ასევე სამხრეთ ამერიკაში, აზიისა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გამომავალ ჟურნალებს და გაზეთებს აძლევს საშუალებას მოიხმარონ მისი მასალები. ამ სიახლის დანიშნულებაა უფრო ადგილობრივი მოვლენების გაშუქება. ორგანიზაცია, როგორც მისი წარმომადგენელი კრისტინ ჰრაფნსონი ამბობს, პასიური მიმღებია ინფორმაციისა, ის არ ეძებს მასალებს თემატურად. დოკუმენტებს ვიკილიკსი წმენდს მხოლოდ იმ ინფორმაციისგან, რომელმაც შეიძლება გამოავლინოს წყარო. შემდეგ დოკუმენტი ქვეყნდება ან უშუალოდ ორგანიზაციის ვებსაიტზე, ან კიდევ საყოველთაოდ აღიარებული მედიასაშუალების გზით ვრცელდება ცნობა ამ მასალაზე დაყრდნობით. დაბოლოს, შეკითხვა, რომელიც რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა, კრისტინ დიზიმ, დაუსვა ვიკილიკსის წარმომადგნელს: ფიქრობთ, რომ მედიას, მთლიანობაში, არასწორად ესმის ვიკილიკსის მიზნები?

„ვიკილიკსის გარშემო ბევრი გაუგებრობაა. მაგრამ ეს ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება. ტრადიციულ მედიას სულ უფრო უკეთ ესმის, რომ ვიკილიკსი მედიის ლანდშაფტის გავრცობაა და რომ ბოლო თვეებში ეს ლანდშაფტი საგრძნობლად შეიცვალა. ეს წინსვლა მაშინაც ჩანს, როცა ზოგიერთმა დიდმა მედიასაშუალებამ (ტრადიციულზე ვლაპარაკობ), საკუთარ ვებსაიტებზე ასევე მოსინჯა მსგავსი შესაძლებლობის შეთავაზება. ასე რომ, სულ უფრო გასაგები ხდება ვიკილიკსის ამოცანა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით მოქმედების საჭიროება.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG