Accessibility links

logo-print
17 მარტს საქართველოს პრეზიდენტს ვაშინგტონის ბრუკინგზის ინსტიტუტის აშშ-ისა და ევროპის კვლევის ცენტრმა უმასპინძლა, სადაც მან სიტყვით გამოსვლის შემდეგ დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა. საუბარი შეეხო ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მიერ განვლილ გზას, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით ამჟამად შექმნილ ვითარებასა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. დამსწრეები, რომელთა დიდ ნაწილსაც ანალიტიკოსები და დიპლომატები წარმოადგენდნენ, დაინტერესდნენ, მაგალითად, რას აპირებს ”ფრიდომ ჰაუსის” მიერ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად დასახელებული საქართველო და როგორია მისი დამოკიდებულება რუსეთის ჩრდილოკავკასიასთან.

ბრუკინგზის ინსტიტუტის ტრიბუნაზე მდგომმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოში ყველაფერი იდეალურად არ არის და გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ ქვეყანამ ვარდების რევოლუციის შემდეგ ბევრისთვის სახარბიელო წარმატებებს მიაღწია და ახლა მას გამოცდილების გასაზიარებლად ხშირად სტუმრობენ არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის - რუსეთიდანაც.

ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს შორის სახელდება კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემოს შექმნა, რომელიც სამ ძირითად პრინციპს ემყარება. ესენია: მინიმალური რეგულაცია, დაბალი გადასახადები და კორუფციასთან ბრძოლა. იქვე ითქვა, რომ, მსოფლიო ბანკის რეიტინგების მიხედვით, აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის მასშტაბით ბიზნესის წამოწყება ყველაზე იოლია საქართველოში და რომ ეს ფაქტორი საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის.

მან მითხრა - იცი, ჩრდილოეთი კავკასია აღარ არსებობს და თუკი ვინმე წამოყოფს თავს, ჩვენ მათ ტარაკნებივით გავანადგურებთო და თითით მაჩვენა, თითქოს სრესდა რაღაცას ...
თუკი ისევ ეკონომიკური განვითარების ხაზს გავყვებით, სამომავლო შესაძლებლობების ჩამონათვალში მიხეილ სააკაშვილი პირელ ადგილზე ასახელებს ტურიზმს, ამბობს, რომ თუკი მისი გაპრეზიდენტების პერიოდში ქვეყანაში 124 ათას ტურისტს ითვლიდნენ, შარშან ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს მიაღწია, ხოლო წლევანდელი პროგნოზით, ტურისტების რიცხვს კიდევ ერთი მილიონი დაემატება. პრიორიტეტებს შორის სახელდება ასევე სოფლის მეურნეობა, სადაც პრეზიდენტი მომდევნო 2-3 წლის პერსპექტივაში მოსავლის მინიმუმ გაორმაგებას გეგმავს და აქვეა ენერგეტიკაც, სადაც, სატრანზიტო შესაძლებლობების გარდა, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების აუცილებლობაზე.

ბუნებრივია, საუბარმა გვერდი ვერ აუარა რუსეთის მიერ ოკუპაციის თემას. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოკლედ შეახსენა აუდიტორიას, რომ რუსეთს კვლავაც ოკუპირებული აქვს პატარა საქართველოს ორი რეგიონი, დაახლოებით 20%, და რომ ქვეყანა 500 ათას დევნილს ითვლის. მართალია, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა კვლავაც დაძაბულია, მაგრამ საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს რუსეთის ჩრდილოკავკასიასთან. მიხეილ სააკაშვილმა ბრუკინგზის ინსტიტუტშიც გაიხსენა, რომ ბოლო შეხვედრისას, როცა ვლადიმირ პუტინი მას საქართველოს ტერიტორიების აღიარებით დაემუქრა, ის ამ კონტექსტში საგანგებოდ დაინტერესდა ჩრდილოკავკასიის ბედით, რაზეც პუტინისგან მოძალადის პასუხი მიიღო:

”... მან მითხრა - იცი, ჩრდილოეთი კავკასია აღარ არსებობს და თუკი ვინმე წამოყოფს თავს, ჩვენ მათ ტარაკნებივით გავანადგურებთო და თითით მაჩვენა, თითქოს სრესდა რაღაცას... ვფიქრობ, ახლა ეს ტარაკნები მომრავლდნენ და მათ გასასრესად საკმარისი უკვე აღარ არის არც ერთი და არც ათი თითი... მე ვფიქრობ, ჩრდილოკავკასიაში აბსოლუტურად ნორმალური ხალხი ცხოვრობს. თქვენ იცით, რომ ჩვენ სავიზო რეჟიმი გავაუქმეთ მათთვის და უკვე 90 ათასმა ადამიანმა ისარგებლა უვიზო რეჟიმით. მოველით, რომ წელს მათი რიცხვი დაახლოებით 400 ათასი იქნება. ამ დრომდე ამ ხალხის მხრიდან არანაირი მცირე ინციდენტიც არ გვახსოვს...”

პრეზიდენტი სააკაშვილი ფიქრობს, რომ ჩრდილოკავკასიელების დაპირისპირებას ძირითადად კრემლის ძალადობრივი პოლიტიკა იწვევს და, ”ადამიანური მოპყრობის” პირობებში, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.

რა ხდება დემოკრატიის განვითარების კუთხით საქართველოს შიდა პოლიტიკურ სარბიელზე? ამ საკითხის გარშემო პრეზიდენტი გასული წლის მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იხსენებს და ამბობს იმასაც, რომ მომავალი არჩევნებისთვის უფრო უკეთესი გარემოს ფორმირება ამჟამად ოპოზიციის ჩართვით მიმდინარეობს.

Write Your Quote Hereახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, მე ვეღარ ვიბრძოლებ პრეზიდენტობისთვის... პრეზიდენტი კვლავაც ძალიან ძლიერი იქნება ...
და მაინც, რატომ ასახელებს ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაცია ”ფრიდომ ჰაუსი” საქართველოს ”ნაწილობრივ თავისუფალ” ქვეყნად? - ისმება აუდიტორიიდან დაახლოებით ასეთი შეკითხვა, რაზეც პრეზიდენტი სააკაშვილი შემდეგნაირად პასუხობს:

”საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში „ფრიდომ ჰაუსის“ რეიტინგებში პირველად გასულ წელს დაწინაურდა სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით. ვფიქრობ, ჩვენ კიდევ უფრო დავწინაურდებით ამ რეიტინგში 2012 წლის არჩევნების ჩატარების შემდეგ. ამას არაერთი მხარის ძალისხმევა სჭირდება - ხელისუფლების, ოპოზიციის და ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისაც, რომლებიც აწვდიან ინფორმაციებს ‘ფრიდომ ჰაუსს’.”

საქართველოს პრეზიდენტის მსმენელთა აუდიტორიიდან 17 მარტს ასევე დაინტერესდნენ, თუ რა გეგმები აქვს მიხეილ სააკაშვილს სამომავლოდ და სად, რომელ პოსტზე იქნება შესაძლებელი მისი ხილვა. დაახლოებით ამ შინაარსის შეკითხვას პრეზიდენტმა ზოგად კონტექსტში უპასუხა. კონკრეტდება მხოლოდ ის, რაც უკვე გადაწყვეტილია:

”ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, მე ვეღარ ვიბრძოლებ პრეზიდენტობისთვის... პრეზიდენტი კვლავაც ძალიან ძლიერი იქნება, რადგანაც მას აქვს მტკიცე მარეგულირებელი უფლებამოსილება. იმის ინიციატორი, რომ პრეზიდენტს ძლიერი ძალაუფლება შეენარჩუნებინა, სხვათა შორის, პირადად მე ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციები ამის საწინააღმდეგო იყო... პრემიერ-მინისტრს კი დაამტკიცებს პარლამენტი და მისი პოსტი უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ეს მოქმედი კონსტიტუციით არის განსაზღვრული... მაგრამ ჩემი ვარაუდია, რომ პრემიერ-მინისტრები უფრო სწრაფად და უფრო ხშირად გამოიცვლებიან, ვიდრე პრეზიდენტი... ”

მიხეილ სააკაშვილს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ახალი საკონსტიტუციო მოდელი მას ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩენის საშუალებას აძლევს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG