Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა ლიბიის ლიდერს გაეროს რეზოლუციის შესრულების აუცილებლობაზე აფრთხილებს


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, თეთრ სახლში გამოსვლისას

აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, თეთრ სახლში გამოსვლისას

აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისგან მოითხოვს, შეწყვიტოს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ყოველგვარი თავდასხმები და აცხადებს, რომ ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიბიას საერთაშორისო სამხედრო ინტერვენცია ემუქრება. თუმცა, ობამამ იქვე აღნიშნა, რომ აშშ „ლიბიაში არ შეიყვანს ქვეით ჯარს“.

ვაშინგტონში, თეთრი სახლის აღმოსავლეთ დარბაზში გამოსვლისას, ობამამ კადაფი გააფრთხილა, რომ თუ ლიბიის თავზე ფრენის ამკრძალავ გაეროს რეზოლუციას სრულად არ დაიცავს, მას სამხედრო ინტერვენცია ემუქრება. ამასთან, ობამას განცხადებით, კადაფიმ უნდა უერთგულოს მისი რეჟიმის მიერ გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის პირობას: „გადაჭრით ვაცხადებ, რომ ეს პირობები მოლაპარაკებას არ ექვემდებარება. მათ შესახებ მოლაპარაკება არ გაიმართება. თუ კადაფი რეზოლუციის პირობებს არ შეასრულებს, საერთაშორისო თანამეგობრობა ამას შესაბამისად უპასუხებს - და რეზოლუციის პირობების შესრულების უზრუნველყოფა სამხედრო მოქმედებით მოხდება“ - განაცხადა ობამამ.

მანამდე ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუსა კუსამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა - როგორც გაეროს ერთ-ერთი წევრი - რეზოლუციის პირობებს შეასრულებს.

ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ ლიბიაში შექმნილია საერთაშორისო ოპერაციისთვის აუცილებელი პირობები.

შაბათს ევროპის, აფრიკისა და არაბული სამყაროს ქვეყნების წარმომადგენლები პარიზში შეხვდებიან გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს, რათა მიღწეულ იქნეს შეთანხმება ლიბიის სამოქალაქო პირების დაცვის კონკრეტულ მექანიზმებზე. ბარაკ ობამას განცხადებით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი.

ასეთ ფონზე, საკუთრივ ლიბიაში, ოპოზიციის მთავარ ბასტიონში - აღმოსავლეთის ქალაქ ბენღაზიში - რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას „ბლეფი“ უწოდეს.

ტელეკომპანია ალ-ჯაზირა ავრცელებს ცნობას, რომ პარასკევს საღამოს კადაფის მომხრე ძალები სწრაფად გადაადგილდებოდნენ ბენღაზის მიმართულებით - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული პირობის მიუხედავად.

დასავლეთის ქალაქ მისურატაში ექიმები აცხადებენ, რომ კადაფის ძალების მიერ დღეს განხორციელებული ინტენსიური დაბომბვის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 25 ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე ბავშვი.
XS
SM
MD
LG