Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია ატომურ და ჰუმანიტარულ კრიზისთან ცდილობს გამკლავებას


იაპონია კვლავ ატომურ და ჰუმანიტარულ კრიზისთან ცდილობს გამკლავებას. პარასკევს დღის განმავალობაში სპეციალისტები ფუკუშიმის ატომურ სადგურზე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას და რეაქტორების გაცივებას ცდილობდნენ. ფუკუშიმის სადგური - რომელიც ტოკიოდან დაახლოებით 250 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს - ერთი კვირის წინ 9 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრამ და ცუნამიმ დააზიანა. სადგურის რეაქტორების გაცივების მცდელობა მას შემდეგ გრძელდება - რეაქტორებს ტონობით წყალს ასხამენ და, ამასთან, რეაქტორის გამაცივებელი სისტემისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ცდილობენ. ფუკუშიმის სადგურზე არსებულ ვითარებაზე ვენაში ისაუბრა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელმა, გრაჰამ ენდრიუმ: „ფუკუშიმის სადგურზე მდგომარეობა კვლავ ძალიან მძიმეა - თუმცა ვითარების წინა შეფასების შემდეგ მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუარესებულა“. ბირთვული კატასტროფის არდაშვების მცდელობასთან ერთად, იაპონია ჰუმანიტარულ კრიზისსაც ებრძვის. მიწისძვრამ და ცუნამიმ ნახევად მილიონამდე ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. მათ საკვები და საწვავი ესაჭიროებათ. მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა დადასტურებულმა რიცხვმა 7,000-ს მიაღწია. კიდევ სულ მცირე 10,000 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
XS
SM
MD
LG