Accessibility links

დავიწყოთ სასჯელაღსრულების სისტემით. გაზეთების წინა გვერდებზე ეს თემა ორი ძირითადი მიმართულებით გაიშალა. გაზეთი “რეზონანსი” გუშინ რუსთაველის მეტროსთან გამართულ აქციაზე წერს, რომელშიც საყოველთაო ამნისტიაზე იყო საუბარი და სადაც აქცენტები იყო დასმული ქვეყანაში უკანონო პატიმრობათა მაღალ რიცხვზე. უკანონო პატიმრებად კი გამოცხადებული იყვნენ ისინი, ვინც პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც „რეზონანსმა“ წამოსწია, არის საპატიმროებში პატიმართა სიკვდილიანობა. გაზეთი ციტირებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ 2009 წელს 100 გარდაცვლილიდან საპატიმროებში სამოცდაათი ადამიანი ტუბერკულოზით გარდაიცვალა: ”21-ე საუკუნეში ამ დაავადებით ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ”, ამბობს ლორთქიფანიძე. კიდევ ერთი პრობლემა სტატიაში პატიმართა რიცხოვნობის სტატისტიკის არარსებობაა. დაბოლოს, სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის აქციაზე ხელმოწერები შეგროვებულა საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში წარსადგენად მზადდება. უფრო მეტი დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ დადგინდება უკანონო ან პოლიტიკური ნიშნით აყვანილი პატიმარი, რაც, მოგეხსენებათ, მთავარი არგუმენტია ამ დებატებში, სტატიაში მოხსენიებული არ არის.

გადავინაცვლოთ „24 საათზე“, სადაც ასევე პირველ გვერდზე არის სტატია პატიმრობის თემაზე, თუმცა სრულიად სხვა კუთხით დანახული. სტატიას ჰქვია ’სტატისტიკა და გამამართლებელი განაჩენი’. სათაურშივე ჩანს, რომ სტატია ეხება გამამართლებელი განაჩენების გაზრდილ სტატისტიკას. ძირითადი ნაწილი გამამართლებელი განაჩენისა, როგორც სტატიიდან ირკვევა, ეხება მსუბუქი დონის დანაშაულს და ბერკეტი კი, რომლის ძალითაც გამართლება სისტემაში მუშაობს, შემდეგნაირად გამოიყურება:

”საპროცესო კოდექსის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.”

ასეთია, „24 საათის“ ინფორმაციით, ფუნდამენტი საპროცესო კოდექსისა, რაც რადიკალურად ცვლის მიდგომას, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ და ზოგადად ბრალდებამ ბრალდებულს თავად უნდა დაუმტკიცოს, რომ ის დამნაშავეა. „24 საათის“ სტატიაში მოყვანილია სამი მაგალითი ადამიანებისა, ვინც სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. ამათგან ერთს ბრალად ედებოდა ავტობუსში ვიღაცის გაძარცვა, მეორეს - ღობის მოპარვა, ხოლო მესამეს - დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა. ვერც ერთ ეჭვმიტანილს ვერ დაუმტკიცეს დანაშაულიო, წერს „24 საათი“.

მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც „რეზონანსი“ ეხება, სოფლის მეურნეობაა. ჯერ არის ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან, რომელიც, ზოგადად უნდა ითქვას, დადებითად აფასებს პრეზიდენტის ინიციატივებს და ამ დარგისთვის გამოყოფილ ფულს. გიორხელიძის აზრით, ეს ზოგად პოლიტიკურ კონტექსტში სტრატეგიულად მომგებიანი სვლაა, რადგან, როგორც ის ამბობს: ”მსოფლიოში აგრარული სექტორი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, რადგან სამ ათეულზე მეტ ქვეყანაში საკვები პროდუქტების ნაკლებობა უკვე შეიმჩნევა და ამ ქვეყნების რიცხვი უახლოეს წლებში გაორმაგდება.” ასეთ პირობებში კი, გიორხელიძის აზრით, წამგებიანია როცა საქართველო, აგრარული პოტენციალის ქვეყანა, საკუთარი მოთხოვნილების მხოლოდ 12 პროცენტს იკმაყოფილებს. მეორე საინტერესო სტატია, უფრო სწორად, წერილი, რომელსაც „რეზონანსი“ აქვეყნებს, ეკუთვნის პროფესორ პაატა კოღუაშვილს. კოღუაშვილი შედარებით კრიტიკულად უყურებს სამთავრობო ინიციატივებს, რადგან მიაჩნია, რომ ისინი საკითხს მხოლოდ ზედაპირულად ჭვრეტენ. ავტორის აზრით, ზოგადად პოსტსაბჭოთა საქართველოში სოფლის მეურნეობის ჩავარდნა სახელმწიფოს მარეგულირებელი ფუნქციის მორღვევამ გამოიწვია, ანუ ბოლო 20 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ეს დარგი არ აინტერესებდა, რამაც გამოიწვია მეურნეობათა ჩაკეტვა და ინფრასტრუქტურის მორღვევაო. ჩაკეტვაში იგულისხმება ის, რომ გლეხები სოფლებში საკუთარი თავის გატანაზე გადაერთვნენ და ნამეტის წარმოებას ვეღარ ახერხებდნენო. კოღუაშვილი, ისევე როგორც გიორხელიძე, საქართველოს აგრარულ პოტენციალს სერიოზულად უყურებს და ამბობს, რომ ის უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის გრძელვადიანი წარმადობისთვის, ვიდრე ფულადი საინვესტიციო ნაკადების მოზიდვა. მაგალითისთვის ავტორი ციტირებს ევროპელ მეცნიერს უდო ჰერმანსტროფერს: ”ყველაზე არსებითი არის ის, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკა - და, მათ შორის, სოფლის მეურნეობაც - ისე უნდა წარიმართოს, რომ იგი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის ყველა რგოლი მოვალეა განუხრელად ასრულებდეს ამ დანიშნულებას. ვალუტის მოპოვება ყველა ნორმალური ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის მეორადი ამოცანაა.” ამ ციტატის მოყვანის შემდეგ ავტორი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს ახსნას ის რეგულაციური ჩარჩო, რომელიც სახელმწიფომ სოფლის მეურნებაში უნდა შექმნას და ეს შეეხება არა მარტო ფინანსურ დახმარებას, არამედ ორგანიზაციულ თუ იურიდიულ დახმარებასაც. ავტორის აზრით, მხოლოდ ლოჯისტიკაზე ზრუნვა, ისე როგორც ამაზე სამთავრობო პროგრამები არიან მომართულნი, შედეგს ვერ მოიტანს.
ბევრი სხვა საინტერესო თემა თუ ახალი ამბავი გაიშალა დღევანდელ პრესაში, თუმცა, სამწუხაროდ, ყველას ვერ შევეხებით. სარეკლამო ცვლილებებზე ვთქვათ ორიოდ სიტყვა. „რეზონანსი“ წერს, რომ ხელისუფლება იტყუება, როცა ამბობს, რომ ბევრი სატელევიზიო რეკლამისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა ევროპულ დირექტივებში ჯდება. კანონზე მომუშავე ადამიანები კი აღნიშნავენ, რომ, როცა ტელევიზიებს უფლებას აძლევენ რეკლამას ბევრი დრო დაუთმონ, ისინი მათ დამოუკიდებლობაზე ზრუნავენ. „რეზონანსი“ ამას ეჭვით უყურებს და მაგალითად მოჰყავს ფაქტი, რომ სხვადასხვა ტელევიზიებში სატელევიზიო პროდუქციის განლაგება ერთნაირია, რითაც გაზეთი, ალბათ, იმის ხაზგასმას ცდილობს, რომ პროცესები ტელემედიაში ცენტრალიზებულად იმართება.

კვირის განმავლობაში ქართული პრესა ცდილობდა გაერკვია დარჩება თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში. გვამცნობდნენ აგრეთვე, რომ ოქსფორდის მეცნიერთა ჯგუფი აპირებს ხუროთმოძღვრული ძეგლის, ოშკის, შესწავლას და იმას, რომ პოეტი დავით მაღრაძე ნობელის პრემიაზე არის წარდგენილი. პრესაში წერდნენ აგრეთვე ირაკლი ალასანიას ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობაში.

პრესა კვირის განმავლობაში ასევე ყურადღებით აკვირდებოდა იაპონიაში სადგურ ფუკუსიმაზე განვითარებულ მოვლენებს. უნდა აღინიშნოს, რომ, „ფუკუსიმა ერთზე“ მოვლენების განვითარების კვალდაკვალ, ქართულ გაზეთებში მრავლად გამოჩნდა სტატიები სამყაროს დასასრულის წინასწარმეტყველურ და ასტროლოგიურ პროგნოზებზე.
XS
SM
MD
LG