Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო გაწვევა სკოლის მერხიდან


თუკი მომდევნო კვირას დაგეგმილ ე.წ. „მინისტრთა კვირეულზე“ საქართველოს პარლამენტში თავდაცვის მინისტრიც მივიდა, ოპოზიციის წარმომადგენლები ბაჩო ახალაიას კონკრეტულ შეკითხვას დაუსვამენ სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებითაც. აღმოჩნდა, რომ, სამხედრო გაწვევის შესახებ მოქმედი კანონის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას უფროსკლასელი სკოლის მოსწავლეებიც ექვემდებარებიან.

რაც სკოლაში სწავლა განისაზღვრა 12 წლით, წვევამდელები სკოლას ამთავრებენ უკვე 18 წლის ასაკში და ისინი, კანონმდებლობით, შეიძლება იყვნენ გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურში მანამ, სანამ საშუალება მიეცემათ ეროვნულ გამოცდაზე გავიდნენ და სწავლა გააგრძელონ უმაღლეს სასწავლებელში ...
სავალდებულო სამხედრო გაწვევა საქართველოში ადრე არასოდეს სარგებლობდა პოპულარობით, თუმცა ხელისუფლების მიერ სამხედრო სისტემის რეფორმირებისა და სამხედრო ნაწილებში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. სამხედრო გაწვევაზე პასუხისმგებელ მუნიციპალურ ორგანოებსაც აღარ უჭირთ გაწვევის მიზერული გეგმის შესრულება. საგაზაფხულო გაწვევა, რომელიც საქართველოში იანვრიდან დაიწყო, პირველ ივლისამდე გასტანს. სამხედრო ძალებში კი სულ 3500 კაცია გასაწვევი, რაც ნიშნავს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედი მუნიციპალური გამწვევი განყოფილებები დღეში მხოლოდ 10 წვევამდელს იწვევენ. ასეთი კურიოზული ვითარება კი ბევრს ხუმრობის ხასიათზე აყენებს.

„რამდენი კაცია?
-ოთხი. კარგია, ოთხი წვევამდელი გვყავს. აბა, სმენა! არა, ჯერ სწორდი! მოიცა, სწორდის რომ ვამბობ, შენ არ გეხება?
-ჩემზე დარეკილია და ეგღა მაკლია ეხლა სმენაზე დავდგები.“

ეს არის ფრაგმენტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პოპულარული „კომედი შოუდან“, რომელიც საქართველოში საგაზაფხულო გაწვევის დაწყებას დაემთხვა. თუმცა სამხედრო გაწვევა ყველას როდი აყენებს ხუმრობის ხასიათზე. ბოლო ხანს წვევამდელებს შორის უკმაყოფილება იზრდება იმის გამო, რომ გამწვევი კომისიის უწყებას ისინი სკოლის დამთავრებისთანავე, 18 წლის ასაკში ღებულობენ, რის გამოც ბევრი მათგანი იძულებულია უმაღლესი სასწავლებლების ნაცვლად, უხალისოდ მიაშუროს სამხედრო გამწვევ პუნქტს. ასეთი გაუგებრობა გამოიწვია საქართველოს საშუალო სკოლებში 10-ის ნაცვლად 12 წლიან სწავლებაზე გადასვლამ.

„წინა წლებში წვევამდელები სკოლას ამთავრებდნენ 16 წლის ასაკში და, შესაბამისად, მათ ჰქონდათ ორი წელი, რომ ჩაებარებინათ უმაღლეს სასწავლებლებში და შემდგომ, თუ ვერ მოეწყობოდნენ, წასულიყვნენ ჯარში. და ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი მიდგომა, რადგან ჩვენ გვჭირდება განათლებული ახალგაზრდობა. მას შემდეგ, რაც სკოლაში სწავლა განისაზღვრა 12 წლით, წვევამდელები სკოლას ამთავრებენ უკვე 18 წლის ასაკში და ისინი, კანონმდებლობით, შეიძლება იყვნენ გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურში მანამ, სანამ საშუალება მიეცემათ ეროვნულ გამოცდაზე გავიდნენ და სწავლა გააგრძელონ უმაღლეს სასწავლებელში. ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში ირღვევა წვევამდელის განათლების უფლება და წვევამდელს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ერთი წელი მაინც მოსინჯოს ძალები უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების თვალსაზრისით.“

როგორც სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალი და თავისუფლების“ დირექტორი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, ქართველ კანონმდებლებს დროზე უნდა დაეჭირათ თადარიგი და შესაბამისი ცვლილება შეეტანათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ კანონში. თუმცა სესიაშვილი ფიქრობს, რომ ამის გაკეთება არც ახლაა გვიან. ორგანიზაციამ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა საქართველოს პარლამენტს, სადაც მას უკვე დაუჭირა მხარი ოპოზიციურმა ქრისტიან-დემოკრატიულმა ფრაქციამ. როგორც პარლამენტის წევრმა ნიკა ლალიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის პრეზენტაცია პარლამენტში ეგრეთ წოდებული „მინისტრთა კვირეულის“ შემდეგ გაიმართება:

„ჩვენ ძალიან პოზიტიურად შევხვდით ამ ყველაფერს. ჩვენ გვქონდა, თუ ახსოვს საზოგადოებას, დაახლოებით ანალოგიური წინადადებები. ეს ყველაფერი ახლა ჩამოისხმება შესაბამის საერთო ჩარჩოებში. ამ ჩარჩოს ჰქვია საკანონმდებლო ინიციატივა. და ყველაფერი ეს, მათემატიკური სიზუსტით შემიძლია გითხრათ, დაისმება შეკითხვის სახით მაშინ, როცა თავდაცვის მინისტრი მობრძანდება პარლამენტში.“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მისვლა პარლამენტში დაგეგმილ ე.წ. „კვირეულზე“ ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. როგორც პარლამენტში ამბობენ, საქართველოს თავდაცვის მინისტრები ბოლო სამი წლის განმავლობაში არც ერთხელ არ მისულან პარლამენტში, რათა ეპასუხათ კანონმდებლების შეკითხვებზე. შეკითხვები კი, როგორც ნიკა ლალიაშვილი ამბობს, ბევრია და ისინი ეხება არა მხოლოდ გაწვევას, არმიის დაკომპლექტებას ანდა ყოფით პრობლემებს, არამედ კადრების დენადობას, თავდაცვის უწყების კარჩაკეტილობას და სამხედრო მისიას ავღანეთში, სადაც ქართული ქვედანაყოფი, სამწუხაროდ, კვლავ განიცდის დანაკარგებს. რიგით მეშვიდე ქართველი ჯარისკაცი, კაპრალი ვალერი ვერსკიანი, ავღანეთში მიღებული ჭრილობების შედეგად 16 მარტს გარდაიცვალა გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG