Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური საინფორმაციო სივრცე


ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის წევრებმა ჰოლანდიის დედაქალაქში შეხვედრა გამართეს, სადაც ერთობლივი საინფორმაციო სივრცის შექმნაზეც შეთანხმდნენ. შეხვედრა ამსტერდამში 7 - 12 მარტს შედგა და მასში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები „კოალიციისა დევნილთა უფლებებისათვის“ და ცხინვალში გამომავალი გაზეთის - ”21-ე საუკუნის” - რედაქტორი. ინიციატივის მიზანია სწორი და პოზიტიური საინფორმაციო სივრცის შექმნა, ისეთი თემების გაშუქება, რომლებიც არ ბადებს აგრესიას და არ ეხება მწვავე პოლიტიკურ პრობლემებს.

ამსტერდამში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ”კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის” და ცხინვალში გამომავალი გაზეთის - „21-ე საუკუნის“ - რედაქციამ შეიმუშავა ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ვებგვერდი შეიქმნება. ის ორენოვანი იქნება და ქართულ და ოსურ საზოგადოებას ინგლისურ და რუსულენოვან ტექსტებს შესთავაზებს...

ჩვენ გვინდა, ისეთი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს, რომლის ნახვაც საკუთარი თვალით არ შუძლიათ...
ორგანიზაციის - „კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის“ - პრეზიდენტი ზურაბ ბენდიანიშვილი ინიციატივის მიზნებზე ამბობს:

”ჩვენი მიზანია პოზიტიური საინფორმაციო ველის ჩამოყალიბება, რადგან დღეს, ძირითადად, ვრცელდება მეორე მხარის შესახებ პოლიტიკური ინფორმაცია, რომელიც ნეგატიური შინაარსის მატარებელია, ანუ დამაპირისპირებელი და კონფლიქტის გამაღრმავებელი. ჩვენი მიზანი კი არის პოზიტიური საინფორმაციო პროდუქცია შევქმნათ, რომელიც ყოველთვის კარგი შეიძლება არ იყოს, მაგრამ იქნება უბრალო ადამიანებზე, კულტურულ სიახლეებზე, ახალ ლიდერებზე პრესაში, ლიტერატურაში, სპორტში და ა.შ. ანუ უფრო ახლოს გავაცნოთ ერთმანეთი ჩვენს საზოგადოებებს, რომლებიც ომის შედეგად გაყოფილია.”

ერთობლივი სარედაქციო პოლიტიკის შემუშავებისას გადაწყდა, რომ ვებგვერდზე განთავსებული მასალები ასევე გავრცელდეს ცხინვალში - გაზეთი „21-საუკუნე“ მას დანართის სახით შესთავაზებს მკითხველს, თემატიკა კი კონფლიქტის ზონის ორივე მხარეს მყოფი საზოგადოების ინტერესების შესაბამისი იქნება.

”აი, ვთქვათ, გავაკეთოთ ისეთი სიუჟეტი, სადაც ეს ოჯახები ერთმანეთის ყოფას ნახავდნენ, სასაფლაოების მდგომარეობას ნახავდნენ. ვიცით, რომ ქართულ სოფლებში სახლები მთლიანად დამწვარია, მაგრამ არის ინფორმაცია, რომ სასაფლაოები ხელუხლებელია, ან პირიქით... ანუ ჩვენ გვინდა ისეთი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს, რომლის ნახვაც საკუთარი თვალით არ შუძლიათ”, - გვიხსნის ზურაბ ბენდიანიშვილი.

გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ადრე თუ გვიან ყველა ომი მთავრდება და საზოგადოებამ მშვიდობიანი ცხოვრება უნდა დაიწყოს, ამისთვის კი მსგავსი ინიციატივებია საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ, თემურ ცხოვრებოვის სიტყვებით, ცხინვალის ხელისუფლებას ეს ინიციატივა დიდად არ მოსწონს, მათაც უნდა დაინახონ, რომ ხალხს ომი არ სურს და დროა, ნორმალური ურთიერთობები დაიწყოს. კითხვაზე კი, თუ რა აინტერესებს რეალურად დღეს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზოგადოებას, გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი ასე გვიპასუხებს:

ჩვენ ყველაფერი გვაინტერესებს, თითოეული მოსახლის სოფელი, სახლ-კარი როგორ გამოიყურება, საერთოდ რა ხდება და თუ ვინმე არის იქ ჩვენიანი...
”მოდი, ამ კითხვაზე გულწრფელად გიპასუხებთ. არის ხალხი, ვისაც საკუთარი ნათესავები აინტერესებს; არის ხალხი, ვისი ახლობლებიც პატიმრობაში არიან და მათი ამბავი აინტერესებთ, თუმცა, როგორც თავად გესმით, ასეთი ადამიანები ცოტანი არიან. საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს სულ არ აინტერესებს რა ხდება საქართველოში და მათთვის ეს რაღაც ძალიან შორეულია. ჩვენი ინიციატივებიდან ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, ეს არის ის, თუ რა იქნება მომავალში; და ჩვენი ინიციატივის მიზანიც ეს არის, რომ ხალხს ავუხსნათ, რომ ასე უსასრულოდ არ გაგრძელდება და რომ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ჩვენს მომავალზე და ეს პრობლემები ჩვენს შვილებს არ დავუტოვოთ. ცხინვალში ხალხს სულ სხვა პრობლემები აქვს, ბევრ მათგანს სახლი ჯერ არ აღუდგენია და ისინი საკუთარ პრობლემებს აგვარებენ და ჩვენს ინიციატივას სიხარულით არ ხვდებიან.”

როდესაც თემურ ცხოვრებოვი ახალ ურთიერთობებზე საუბრობს, იქვე აზუსტებს:

”ქართული მხარისგან ხშირად მესმის, რომ უნდა დავუბრუნდეთ ძველ ურთიერთობებს, რა კარგად ვცხოვრობდით ადრე... ამ მატარებელმა დიდი ხანია ჩაიარა, ეს უკვე დიდი ხნის წინ ჩავლილი ამბავია. უნდა ვილაპარაკოთ ახალ რეალობაზე, უნდა გავიგოთ, რომ ახლებურად უნდა ვიცხოვროთ, ახალი მიდგომები მოვნახოთ”, - ამბობს ცხინვალში გამომავალი გაზეთ ”21-ე საუკუნის” რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი.

კონფლიქტის ზონიდან, სოფელ ქემერტიდან დევნილი მაია მოსიაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია მათი ყოფილი საცხოვრებელი ადგილიდან საინტერესო იქნება:

”ჩვენ ყველაფერი გვაინტერესებს, თითოეული სოფელი, სახლ-კარი როგორ გამოიყურება, საერთოდ რა ხდება და თუ ვინმე არის იქ ჩვენიანი. საერთოდ არაფერი ვიცით ამის შესახებ.”

ქართულ-ოსური ფორუმის წარმომადგენლები მაისში სტამბულში კიდევ ერთ შეხვედრას გეგმავენ. მასში კი უკვე ქართველი და ოსი ყოფილი მეომრები მიიღებენ მონაწილეობას.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG