Accessibility links

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის ახალი პროექტი წამოიწყო, სახელწოდებით FixMyStreet Georgia – Chemikucha.ge, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველას, ვისაც თბილისის ქუჩების მოწესრიგებაზე გული შესტკივა, სპეციალურ ვებსაიტზე www.chemikucha.ge შეეძლება ინფორმაციის გამოქვეყნება, ფოტოების ატვირთვა და მერიისგან პასუხის მიღება.

თუ შენს ქუჩაზე გარე განათება არ მუშაობს ან ლამპიონი გადაიწვა და მთელი კვირაა, ჩაბნელებულ სადარბაზოში შედიხარ; თუ წყლის მილი გასკდა და ორი დღეა, წყალი არ მოდის; თუ უკვე წლებია, შენს ქუჩაზე გადაადგილება ავტომობილითაც კი ძნელია; თუ თავახდილ საკანალიზაციო ჭას უკვე მერამდენედ გადაურჩი და მშველელი მაინც არ გამოჩნდა; თუ მერიის სხვადასხვა სამსახურში და ცხელ ხაზზე ამაოდ რეკავ, დღეიდან ყურადღების მიქცევის კიდევ ერთი საშუალება გექნება - ონლაინ რესურსი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ შექმნილია ვებგვერდი, რომელსაც მარტივი სახელი, www.chemikucha.ge, ჰქვია და სადაც ყველა მსურველს შეეძლება თავის ქუჩაზე არსებულ პრობლემებზე დაწეროს და ფოტოებიც დაურთოს.

ინფორმაციის ოპერატიულად მიღებისათვის ეს პროქტი მართლაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველა ქუჩაზე არ დგას მერიის თანამშრომელი ან პატრული...
”მოქალაქემ უნდა აღნიშნოს თავისი საცხოვრებელი უბანი, შემდეგ გამოჩნდება რუკა, რომელზეც თავის ქუჩას მონახავს და შემდეგ სპეციალურ ველში ჩაწერს, თუ რა პრობლემაა ამ ქუჩაზე, შეუძლია ატვირთოს ფოტოებიც. აუცილებელია, რომ მიუთითოს საკუთარი ონლაინ ფოსტის მისამართი”, - განმარტავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

იმის გარდა, რომ ატვირთულ ინფორმაციას მერია უნდა გამოეხმაუროს და კითხვებზე შესაბამისი პასუხი გასცეს, ეს პროექტი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამების უფროსი მენეჯერის, ზაალ ანჯაფარიძის, თქმით, ხელს შეუწყობს მოქალაქეების გააქტიურებას:

”ეს იქნება ხელისუფლების საქმიანობის ერთგვარი სამოქალაქო მონიტორინგი, რამაც უნდა გაზარდოს ხელისუფლების ანგარიშვალდებულება.”

თბილისის მერი გიგი უგულავა
თბილისის მერმა, გიგი უგულავამ, რომელიც პროექტის პრეზენტაციას დაესწრო, მთლიანობაში, Chemikucha.ge-ის იდეა მოიწონა, თუმცა ისიც თქვა, რომ მერია მყისიერად ვებგვერდზე აღნუსხულ ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს:

”ინფორმაციის ოპერატიულად მიღებისათვის ეს პროქტი მართლაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველა ქუჩაზე არ დგას მერიის თანამშრომელი ან პატრული, არც კამერა დგას ყველგან, მაგრამ იქ ცხოვრობენ ადამიანები, ვისაც შეუძლია მერიამდე ამ ინფორმაციის მიტანა. მეორე საკითხია რეაგირება - რამდენად სწრაფად შევძლებთ რეალისტურად რეაგირებას. ჩვენ ახლა ვაკეთებთ ერთიანი მართვის ცენტრს, რომლის აზრიც ოპერატიული მომსახურებაა, ვგულისხმობ ფორსმაჟორული ხასიათის პრობლემებს. მეორეა უფრო გეგმიური, კაპიტალური შეკეთებების პროცესი. ამ გეგმის შედგენის საქმეში ის ინფორმაცია, რაც ვებგვერდზე მოგროვდება, აუცილებლად დაგვეხმარება. მაგრამ ილუზია არ უნდა შეიქმნას, რომ ყველა პრობლემას მყისიერად მოვაგვარებთ, ამას დიდი რესურსი და დრო სჭირდება.”

გზაა დასაგები. არჩევნების წინ კი დაგვპირდნენ გაკეთებას, მაგრამ კაციშვილი აღარ მოსულა...
FixMyStreet-ის კონცეფცია უკვე კარგა ხანია წარმატებულად მოქმედებს დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ნორვეგიაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ ამბობენ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო, ამ პროექტის წამოწყების თვალსაზრისით, პირველია. პროექტის წამოწყება გარკვეულწილად ემყარება გასულ წელს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხული ქართველების 38 %-მა ადგილობრივ პრობლემებს შორის გზები მათთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დაასახელა. პრობლემებს შორის იყო ასევე ქუჩის განათება, კანალიზაციის პრობლემები და სხვა.

ქალბატონი, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაზეთებს ყიდის, ნაძალადევის რაიონში იმ ქუჩაზე ცხოვრობს, სადაც ქუჩა ბოლოს როდის შეაკეთეს, არც ახსოვს:

”გზაა დასაგები. არჩევნების წინ კი დაგვპირდნენ გაკეთებას, მაგრამ კაციშვილი აღარ მოსულა. ეს არის გვაზაურის ხევი, კინო ”საქართველოდან” ერთი გაჩერებაა, ნაძალადევის რაიონში. მე მგონი, მივარდნილ სოფელშიც კი არ არის ასეთი გზა. წვიმა რომ მოვა, ისეთი ტალახია, ყელამდე ამოთხვრილები ვართ ხოლმე.”

ჩვენ მას ახალი ვებგვერდის შესახებ ველაპარაკეთ და ისიც ვკითხეთ, მისი აზრით, მოაგვარებს თუ არა ასეთი მონაწილეობა პრობლემებს. აი, პასუხიც:

”რას გაგვიგებენ, რას გაიგებენ ჩვენს გაჭირვებას. ყველაფერს მაშინ ”იგებენ”, როცა არჩევნები ახლოვდება.”

დღეიდან ვებგვერდის გამოყენება ყველა თბილისელს შეუძლია. ამ დროისათვის იქ პრობლემური ქუჩების შესახებ 11 ინფორმაციაა შესული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG