Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ციხეში კიდევ ოთხი დაკავებული რჩება


ერგნეთი
ერგნეთი
ათდღიანი პატიმრობის შემდეგ ოსურმა მხარემ სოფელ თვაურების ცხრა მცხოვრები გაათავისუფლა. 8 მარტს ისინი რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა სოფელ ახმაჯთან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

თვაურელები მეზობელ სოფელში ნათესავის დასაფლავებაზე მიდიოდნენ. როგორც მათი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, გადასვლა წინასწარ იყო შეთანხმებული, მაგრამ რუსებმა პირობა დაარღვიეს.

11 მარტს ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყველა დაკავებულის გათავისუფლება მოითხოვა და ეჭვქვეშ დააყენა თვაურელების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტი. ათდღიანი მოლაპარაკება შედეგიანი გამოდგა და თვაურელები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. ახლახან გათავისუფლებული ბიჭიკო თვაურის მეუღლე, ლამზირა თვაური, ამბობს, რომ მის მეუღლეს ცხინვალში ნორმალურად ეპყრობოდნენ, სხვა ორ დაკავებულს კი ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე ქართული მხარე 14 მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვდა. როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნატა ჯავახიშვილმა უთხრა, თვაურელები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაათავისუფლეს, მაგრამ ცხინვალის ციხეში კვლავ რჩება საქართველოს 4 მოქალაქე, რომელთა გათავისუფლებაზეც ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ოსური მხარე რუსეთის ორი დაკავებული მოქალაქის, ხურანოვისა და თედეევის, გათავისუფლებას ითხოვს, ცხინვალის ციხეში კი ამ დრომდე მიდელაშვილი, რაზმაძე, სხირტლაძე და დემეტრაშვილი რჩებიან. ოსური მხარე ამ მოქალაქეების გაცვლას მოითხოვს. როგორც ცნობილია, 21 თებერვალს მხარეებმა 7–7 პირი გაცვალეს. მაშინვე გადაწყდა, რომ მოგვიანებით გაცვლა კიდევ ერთხელ მოხდებოდა.
XS
SM
MD
LG