Accessibility links

logo-print

ნიკა გილაურმა არ უპასუხა დაკავებულ ბიზნესმენებზე შეკითხვას


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს უპასუხოდ დატოვა სააგენტო “ინტერპრესნიუსის” შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა გავლენა ექნება ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენების დაკავებას ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. რაც შეეხება ისრაელში ვერა ქობალიას ვიზიტის გადადებას, ნიკა გილაურმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას სურს, რაც შეიძლება მეტი ტურისტის ჩამოსვლა ისრაელიდან და დასავლეთ ევროპიდან და საამისოდ ბევრი რამ კეთდება. დღესვე ”ეროვნული საბჭოს” ლიდერებმა კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ისრაელის მოქალაქეების რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს. ბიზნესმენებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნის მოქრთამვის მცდელობაში ადანაშაულებენ, რასაც თავად ისრაელის მოქალაქეები კატეგორიულად უარყოფენ. მათ სასარგებლოდ ლონდონის სასამართლომ თბილისს 98 მილიონი დოლარის გადახდა რამდენიმე წლის წინ დააკისრა და როგორც გამოძიება ირწმუნება, ქრთამის შეთავაზება მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობის მიერ გასაჩივრებაზე უარის თქმას.
XS
SM
MD
LG