Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აკრიტიკებს გაეროს რეზოლუციას ლიბიის შესახებ


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ჯვაროსნული ომისაკენ მოწოდებას შეადარა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შესახებ. უდმურტიის ქალაქ ვოტკინსში ბალისტიკური რაკეტების საწარმოს მუშებთან შეხვედრისას, პუტინმა „დეფექტური და ნაკლოვანი“ უწოდა გაეროს რეზოლუციას. მისი თქმით, ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მთავრობა არ აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს, მაგრამ ეს არ ამართლებს სამხედრო ინტერვენციას ლიბიაში. „საერთოდ, ეს მომაგონებს შუასაუკუნოვან მოწოდებას ჯვაროსნული ომისაკენ, როცა ვიღაცა მოუწოდებდა ვიღაცას გარკვეულ ადგილას წასვლისა და რაღაცის გათავისუფლებისაკენ“, - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში ტენდენციად ჩამოყალიბდა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, რაც მიანიშნებს, რომ რუსეთმა უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა. რუსეთმა თავი შეიკავა გაეროს უშიშროების საბჭოში გამართული კენჭისყრისას, რომლის შედეგადაც დაამტკიცეს რეზოლუცია ლიბიაში ფრენისათვის აკრძალული ზონის გამოცხადების შესახებ. რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია.
XS
SM
MD
LG