Accessibility links

logo-print

ლიბიაში საერთაშორისო კოალიციის შეტევა გრძელდება


ლიბიაში საერთაშორისო კოალიციის მიერ წარმოებული საჰაერო დარტყმების ოპერაცია მეორე ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ოპერაციის მიზანია ლიბიის თავზე ფრენის აკრძალვის განხორციელება, რათა ქვეყნის მმართველის, მუამარ კადაფის, ძალებს მოწინააღმდეგეებზე იერიშის მიტანის საშუალება არ მიეცეთ. აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, კანადისა და სხვა ქვეყნების განცხადებით, ლიბიის თავზე ფრენის აკრძალვა უკვე ფაქტობრივად მოქმედებს.

დასავლეთის ქვეყნებმა ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის შეიარაღებული ძალებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე საჰაერო თავდასხმის მეორე ტალღა განახორციელეს.

ტრიპოლიში განადგურებულია კადაფის რეზიდენციის ერთ-ერთი შენობა. ასევე განადგურდა ტანკების კოლონა, რომელიც მიემართებოდა ქალაქ ბენღაზისკენ - კადაფის მოწინააღმდეგეთა ბასტიონისკენ.

მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება; კადაფის ადგილსამყოფელიც უცნობია.

ეს არაბულ ქვეყანაში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ინტერვენციაა, 2003 წელს ერაყში შეჭრის შემდეგ. ოპერაცია კვირა დილით დაიწყო - მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ლიბიის თავზე ფრენის აკრძალვის მიზნით საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის განხორციელებას რთავდა უფლებას. ფრენის აკრძალვის მიზანი კადაფის ძალების მხრიდან სამოქალაქო პირებზე თავდასხმის დაუშვებლობაა.

საერთაშორისო საჰაერო ოპერაციას თავიდან კრიტიკით გამოეხმაურა არაბული ლიგის ლიდერი ამრ მუსა - მან სამოქალაქო პირთა დაღუპვა დაგმო, თუმცა ორშაბათს ამრ მუსამ კრიტიკული ტონი შეარბილა და განაცხადა, რომ გაეროს რეზოლუციას პატივს სცემს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ლიბიაში სამხედრო ოპერაციის შესახებ გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომლის მხარდაჭერისგან რუსეთმა თავი შეიკავა, „დეფექტური და ნაკლოვანი“ უწოდა და დასძინა, რომ საერთაშორისო პროცესებში ძალის გამოყენება აშშ-ისთვის „მყარ ტენდენციად“ იქცა: “იცით, ეს მახსენებს შუასაუკუნეობრივ მოწოდებას ჯვაროსნული ომისკენ - როცა ვიღაცები ვიღაცებს მოუწოდებდნენ სადღაც წასულიყვნენ და რაღაც გაეთავისუფლებინათ."

თუმცა რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას ძალიან მალე გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი. დმიტრი მედვედევმა პუტინის სიტყვებს „მიუღებელი“ უწოდა: „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისეთი გამოთქმების გამოყენება, რომლებსაც, არსობრივად, 'ცივილიზაციათა შეჯახებისკენ’ მივყავართ - ‘ჯვაროსნული ლაშქრობების’ და ასე შემდეგ. ეს დაუშვებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი იმაზე ბევრად ცუდადაც შეიძლება დამთავრდეს, ვიდრე დღეს არის. და ეს ყველას უნდა ახსოვდეს“, - განაცხადა მედვედევმა.

აშშ, რომელიც თავდასხმებს ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, იტალიასთან, კანადასა და სხვა ქვეყნებთან კოალიციაში ახორციელებს, აცხადებს, რომ კამპანია ჯერჯერობით წარმატებულია და ფრენის აკრძალვის მოთხოვნა, ფაქტობრივად, მოქმედებს.

„რეჟიმის მხრიდან ახალი საჰაერო აქტივობა არ ყოფილა. რადარებზე არც მიზანში ამოღებული საჰაერო თავდაცვის რომელიმე ობიექტიდან აღრიცხულა ემისია. ლიბიის საჰაერო თვალთვალის რადარების გამოყენების სიხშირე მნიშვნელოვნად შემცირებულია“, - ამ შინაარსის განცხადებით ჟურნალისტებს კვირა საღამოს მიმართა ვიცე-ადმირალმა ბილ გორტნიმ, რომელიც აშშ-ის გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობს.

კვირა საღამოს ლიბიის სამხედრო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გააკეთეს განცხადება, თუმცა დასავლეთის ქვეყნებმა ეს განცხადება უგულებელყვეს და განაცხადეს, რომ ლიბიის მთავრობის ძალები პირობას არ იცავდნენ.

აშშ ცდილობს თავიდან აირიდოს ნებისმიერი პარალელი ლიბიაში მიმდინარე ოპერაციასა და ერაყში შეჭრას და სადამ ჰუსეინის დამხობას შორის. ამერიკელი ოფიციალური პირები ხაზგასმით აცხადებენ, რომ ლიბიაზე შეტევა კადაფის განადგურებას არ ისახავს მიზნად და რომ აშშ ოპერაციის სადავეებს გადააბარებს საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ნატოს კოალიციას.

საერთაშორისო კოალიციის მხრიდან თავდასხმებს დადებითად შეხვდნენ მეამბოხე მეომრები ლიბიის აღმოსავლეთში, რომელსაც კადაფის ძალები ბოლო 10 დღის განმავლობაში უტევდნენ.

თუმცა ვიცე-ადმირალ გორტნის თქმით, ბენღაზის და მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მყოფ სხვა ქალაქებს საფრთხე კვლავაც ემუქრება. აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსი, ადმირალი მაიკ მალენი აცხადებს, რომ მიმდინარე ოპერაციის შედეგი „ძალიან ბუნდოვანია“.

საერთაშორისო სამხედრო კამპანიის ფონზე კადაფის მომხრეები თავიანთ პოზიციაზე რჩებიან. ტრიპოლის ცენტრალურ მოედანზე კვირას ხალხის ჯგუფი შეიკრიბა - ისინი ჰაერში ისროდნენ და აცხადებდნენ, რომ მეამბოხეებს სასტიკად გაუსწორდებიან: „მათ ველოდებით. მათთვის საფლავები მზად გვაქვს. ვეპატიჟებით ჯოჯოხეთში. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ჯოჯოხეთში - ჩვენ გელოდებით.“

ბრძოლის გაგრძელების პირობა თავად კადაფიმაც დადო - განაცხადა, რომ მთავრობა თავის მომხრეებს იარაღს ურიგებს და დასძინა, ეს „ხანგრძლივი ომი“ იქნებაო.
XS
SM
MD
LG