Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფერენდუმი ეგვიპტეში: შედეგი და პერსპექტივები


კაირო: ამომრჩევლები რიგში დგანან რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად
კაირო: ამომრჩევლები რიგში დგანან რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად
ეგვიპტეში შაბათს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად გზა გაეხსნა დემოკრატიულ გარდაქმნას მსოფლიოს ამ, ყველაზე ხალხმრავალ, არაბულ ქვეყანაში. თუმცა იმავდროულად თავი იჩინა შეკითხვამ, რა როლს შეასრულებენ ისლამისტები ეგვიპტის მომავლის ფორმირებაში?

ეგვიპტეში ჩატარებული რეფერენდუმი წარმატებულად ითვლება. ის გაიმართა, დაახლოებით, ერთ თვეში პრეზიდენტ ჰოსნის მუბარაქის 30-წლიანი მმართველობის ბოლოს მოღების შემდეგ და მისი მონაწილეების 77 პროცენტი მიემხრო საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ ცვლილებების გათვალისწინებით გაიმართება წელს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ოფიციალური შედეგებით, შაბათის რეფერენდუმში ელექტორატის 41 პროცენტი მონაწილეობდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი სამხედრო საბჭოს თაოსნობით შემუშავდა. როგორც ცნობილია, ეს საბჭო მართავს ეგვიპტეს პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომის შემდეგ. ამასთან, ცვლილებები რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერით სარგებლობს, მათ შორის მუსლიმთა საძმოს მხარდაჭერით. მუსლიმთა საძმო ისლამური ტრანსნაციონალიური მოძრაობაა - მსოფლიოში უძველესი და უდიდესი ისლამური პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც 1928 წელს სწორედ ეგვიპტეში დაარსდა, ხოლო მუბარაქის მმართველობის წლებში აკრძალული იყო.

ახლა კი მუსლიმთა საძმოს ეგვიპტეში პოლიტიკური პარტიის შექმნის საშუალება მიეცემა. მაგრამ რეფორმების და დემოკრატიზაციის მომხრეთა ნაწილი მუსლიმთა საძმოს აკრიტიკებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს მეტ დროს არჩევნებამდე, რათა სხვა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უკეთ მომზადება შეძლონ. ისინი შიშობენ, რომ არჩევნების მალე ჩატარება მომგებიან პოზიციას შეუქმნის ისლამისტებს, ისევე როგორც მუბარაქის პარტიასთან დაკავშირებულ კანდიდატებს.

რეფერენდუმის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი იურიდიული სამეთვალყურეო კომიტეტის ხელმძღვანელი, მოჰამედ აჰმედ ატიაჰი მაინც ფიქრობს, რომ რეფერენდუმმა ცხადჰყო: ეგვიპტე მართლაც დაადგა დემოკრატიზაციის გზას. „საარჩევნო უბნების ხელმძღვანელებს დავავალე, უზრუნველჰყონ რეფერენდუმის მეთვალყურეობა სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციის მიერ, რათა ისინი მოწმე იყვნენ იმისა, თუ როგორ მოქმედებს დემოკრატია ეგვიპტეში ახლა. ხალხს მსოფლიოში შეუძლია შეიტყოს, რომ ეგვიპტე გახდა მართლაც დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც ახლა ხალხი მართავს“, - განაცხადა იურიდიული სამეთვალყურეო კომიტეტის ხელმძღვანელმა.

რეფერენდუმის მონაწილეების მიერ მოწონებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის არის პრეზიდენტობის ვადის შეზღუდვა. ის რვა წელს არ უნდა აღემატებოდეს. საყურადღებოა ისიც, რომ რეფერენდუმის შედეგი წინასწარვე არ ყოფილა განსაზღვრული, რაც იშვიათობად ითვლება ამ რეგიონში.

სეკულარიზმის მომხრე ჯგუფები, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, მაინც უკმაყოფილო არიან რეფერენდუმით, რადგან შიშობენ, რომ მუსლიმთა საძმოს ეძლევა მისი მძლავრი საორგანიზაციო მანქანის ამოქმედების შესაძლებლობა. რეფერენდუმს აკრიტიკებენ, მაგალითად, პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატები: მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მოჰამედ ელ ბარადეი და არაბული ლიგის გენერალური მდივანი ამრ მუსა. მაგრამ მათი წარუმატებლობა, ამომრჩეველიც დაეყოლიბინათ რეფერენდუმში „არას“ მოხაზვაზე, ეჭვქვეშ აყენებს მათს უნარს, გამარჯვება მოიპოვონ საპრეზიდენტო არჩევნებში.

ასეა თუ ისე, ეგვიპტეში ჩატარებული რეფერენდუმი, მთლიანობაში, გამჭვირვალე პროცესად არის მიჩნეული. ჩვენი რადიოს არაბუნლენოვან, კერძოდ, ერაყულ სამსახურთან საუბარში, რეფერენდუმის მონაწილე საიედა აბდულ ჰაყმა განაცხადა, რომ აცნობიერებს, რამდენად რთული პროცესი იქნება, დემოკრატიულად აზროვნებას მიეჩვიოს 40-მილიონიანი ელექტორატი. „მე დავეთანხმე ცვლილებებს, რადგან ვფიქრობ, რომ მე სარგებელს მომიტანს. მე მხარი დავუჭირე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, რათა ამით ვისარგებლოთ მე და ჩემმა ქვეყანამ. მაგრამ აქ ბევრ ქალს აკლია პოლიტიკური ცნობიერება, განსაკუთრებით დიასახლისებს“, ამბობს ეგვიპტელი ამომრჩეველი, რომელსაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ესაუბრა რეფერენდუმის დღეს.
XS
SM
MD
LG