Accessibility links

logo-print

თბილისი მოსკოვს კიდევ ერთი დანაშაულის ორგანიზებაში სდებს ბრალს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გახსნილად გამოაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აჭარის სამსახურის ყოფილი უფროსის დიმიტრი კორძაძის მკვლელობის საქმე. კორძაძე შარშან მაისში, ბათუმში დაიღუპა მისი ავტომანქანის აფეთქების შედეგად. სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წლის იანვარში, დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლებს ოთარ როგავასა და თემურ ბუთბაიას, რომლებიც მოპარული ავტომანქანების რეალიზაციას აფხაზეთში ეწეოდნენ, აფხაზმა კრიმინალმა ვალმერ ბუთბამ და დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა სლავიკ ვარდანიამ გააცნეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ორი თანამშრომელი. საქართველოს შსს-ს განცხადებით, სწორედ მათი დავალებით, ხელშეწყობითა და დაფინანსებით დაიგეგმა და განხორციელდა დიმიტრი კორძაძის ავტომობილის აფეთქება. სამინისტროს ცნობით, პოლიციამ დააკავა დანაშაულის ჩადენასა და ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი თემურ ბუთბაია, ოთარ როგავა, დავით როყვა და ლევან ქარცხავა და ძებნილად გამოაცხადა თანამონაწილედ მიჩნეული გიორგი გაბუნია. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ოთარ როგავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით საპატიმროში დაასრულა. დაკავებულთა საქმის განხილვას სასამართლო 5 აპრილს დაიწყებს.
XS
SM
MD
LG