Accessibility links

logo-print

გამჭვირვალე ოფისი გორში


ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ოფისი გორში

ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ოფისი გორში

გამჭვირვალე ოფისი, ერთმანეთისგან მინით გამოყოფილი კაბინეტები, ახალი კომპიუტერული ტექნიკა და ავეჯი – ასე გამოიყურება გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური. მინის ოფისი და მისი ტექნიკური აღჭურვილობა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ადგილობრივ ბიუჯეტთან ერთად დააფინანსა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება შიდა ქართლში რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების პროექტებს ახორციელებს. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში, არქიტექტურის, ქონების მართვისა და ინფრასტუქტურული განვითარების განყოფილებები შედის. სამსახურის ფუნქციაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისა და კეთილმოწყობის პროექტების დაგეგმვა, მუნიციპალური ქონების მართვა-პატრონობა, ასევე გასაყიდი ქონების აუქციონზე გატანა და ახალი პროექტებისთვის ტენდერების გამოცხადება. სამსახურის უფროსის ვალერი ჯალაბაძის განცხადებით, გერმანული ორგანიზაცია საკუთარი ხარჯებით თანამშრომლების გადამზადებასაც უზრუნველყოფს.

არქიტექტურის განყოფილების უფროსი ზურაბ ჯალაღანია აცხადებს, რომ სამსახურს ახალ ოფისში მეტი შესაძლებლობები აქვს, საქმე უფრო ოპერატიულად კეთდება და საზოგადოების მომსახურების ხარისხიც გაიზარდა. ახლა არქიტექტურის განყოფილება, გერმანელი სპეციალისტების დახმარებით, მუნიციპალიტეტის ქონების კომპიუტერში შეტანით არის დაკავებული. გარდა ამისა, აეროგადაღების შედეგად მიღებული მონაცემებიც მალე გადაეცემა ოფისს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი ტენდერის წესით ირჩევა, შესრულებული სამუშაოების ხარისხიანობას კი აღნიშნული უწყება აკონტროლებს. სამსახურის თანამშრომლები კვალიფიკაციის ასამაღლებლად ოთხთვიან სემინარს მომავალშიც გაივლიან, რომელსაც მთლიანად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება დააფინანსებს.
XS
SM
MD
LG