Accessibility links

logo-print

იმერეთის მუნიციპალიტეტებს საკუთარი სიმბოლიკები ექნებათ


ქუთაისი

ქუთაისი

იმერეთის თორმეტივე რაიონს მალე საკუთარი დროშა და გერბი ექნება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის თამარ ფაჩულიას ინფორმაციით, საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებით, ყველა მუნიციპალიტეტს სიმბოლური გერბისა და დროშის შემუშავება ევალება. თვითმმართველი ერთეულის საკრებულო გერბისა და დროშის დასადგენად საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის საბჭოს მიმართავს საკონსულტაციოდ და მუნიციპალიტეტისათვის გერბსა და დროშას სიმბოლოდ კანონის საფუძველზე აღიარებს.
ქუთაისის მერიამ 5 წლის წინ შეიმუშავა ქალაქის გერბი, დროშა და სიმბოლური გასაღები, რომელიც ქალაქის ოფიციალური სტუმრებისთვის განკუთვნილ სასაჩუქრე ნაკრებში შედის. ქუთაისის მსგავსად, საკუთარი სიმბოლური დროშა და გერბი აქვს იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს, მათ შორის - წყალტუბოს, სამტრედიასა და ხარაგაულს.

იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ზეინაბ ხაჩიძე სიმბოლურ დროშასა და გერბს მუნიციპალიტეტების იდენტიფიცირების საშუალებად მიიჩნევს. მისივე თქმით, უკვე არსებულ სიმბოლოებში ლოკალურადაა მოქცეული რაიონის ისტორია და ის ღირებულებები, რომლებიც თითოეულისთვის მნიშვნელოვანია.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ მასხარაშვილმა განაცხადა, რომ ზესტაფონის სიმბოლური გერბი და დროშა რაიონისთვის დამახასიათებელი ისტორიული ნიუანსების გათვალისწინებით შეიქმნება. მერაბ მასხარაშვილის ინფორმაციით, დროშისა და გერბის ესკიზის შესაქმნელად კონკურსი უკვე გამოცხადდა და საკრებულოს გადაწყვეტილებით შექმნილი კომისია, რომელიც საკრებულოსა და გამგეობის წევრებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისგან შედგება, ერთ თვეში კონკურსის შედეგებს გამოაქვეყნებს, აპრილის ბოლოს კი ზესტაფონს საკუთარი დროშა და გერბი ექნება.
როგორც გუბერნიის ადმინისტრაციულ სამსახურში გვითხრეს, ზესტაფონის მსგავსად, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს მოკლე ხანში საკუთარი სიმბოლიკები ექნება.
XS
SM
MD
LG