Accessibility links

logo-print

ლიბიაში ფრენისათვის აკრძალული ზონა ფართოვდება


კოალიციის ჯარებმა მეოთხე დღეა, განახორციელეს საჰაერო დარტყმები ლიბიაში ანტისაჰაერო თავდაცვისა და ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის სახმელეთო ჯარების, ისევე როგორც სამხედრო-საზღვაო ბაზების და აეროპორტების წინააღმდეგ. საჰაერო იერიშების შედეგად პოზიციების გაუმჯობესება შეძლეს კადაფის მოწინააღმდეგეებმა. როგორც მეამბოხეების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა, აბედ ალ-ჰაფიზმა ქალაქ ბენღაზიში უთხრა ჟურნალისტებს: „კადაფიმ სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა. ჩვენ მას მივიჩნევთ დამნაშავედ, რომელიც ლიბიაში უნდა გასამართლდეს“. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია კადაფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლების შესახებ ქალაქ მისრატიდან, რომელიც მეამბოხეების ხელშია. ამ დროისთვის, საჰაერო დარტყმებს შეჩერებული აქვს კადაფის მომხრეთა წინსვლა აღმოსავლეთ ლიბიაში ოპოზიციის მიერ გაკონტროლებული ქალაქებისაკენ. ლიბიაში ფრენისათვის აკრძალულ ზონაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ითვალისწინებს აგრეთვე საერთაშორისო სამხედრო ოპერაციას კადაფის ჯარების შესაჩერებლად, თუ ისინი იერიშს მიიტანენ სამოქალაქო პირებზე.
XS
SM
MD
LG