Accessibility links

logo-print

ევროკავშირი აფართოებს სანქციებს ბელორუსიის წინააღმდეგ


ალექსანდრ ლუკაშენკო, ბელორუსიის პრეზიდენტი

ალექსანდრ ლუკაშენკო, ბელორუსიის პრეზიდენტი

ევროკავშირმა 21 მარტს კიდევ უფრო გააფართოვა დეკემბრის ანტისამთავრობო დემონსტრაციის ჩახშობის გამო ბელორუსიის მიმართ დაწესებული სანქციები. მოსალოდნელი ნაბიჯი ერთგვარი გაგრძელებაა ბლოკის მიერ იანვარში მიღებული გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს და 150 მაღალი და საშუალო რანგის მოხელეს ეკრძალებათ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა, მათი აქტივები კი გაიყინება.
ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, თუ რა პროგრესის დანახვა გვსურს. ეს არის ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება ...

ორშაბათს ევროკავშირმა 19 მოხელის გვარი დაამატა ბელორუსიის ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა სიას, რომლებზეც სავიზო აკრძალვისა და ანგარიშების დაყადაღების სანქცია ვრცელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება 21 მარტს მიიღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც ბელორუსიაში შექმნილ ვითარებას განიხილავდნენ. სანქციის გაფართოების გადაწყვეტილება ევროკავშირმა მას შემდეგ მიიღო, რაც ორთვიანმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ მინსკმა ვერ მიაღწია პროგრესს: რამდენიმე დემონსტრანტს ბელორუსიის სასამართლომ 4 წელიწადზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯა ანტისამთავრობო მსვლელობაში მონაწილეობისთვის, ხოლო პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი უშიშროების სამინისტროს ციხეში აწამეს. თუმცა, როგორც ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაია კოციანჯიჩმა უთხრა რადიო თავისუფლებას, აღნიშნული სიის შეცვლა დამოკიდებული იქნება სიტუაციის განვითარებაზე ბელორუსიაში:

„ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, თუ რა პროგრესის დანახვა გვსურს. ეს არის ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, რაც არ მოხდა. სამწუხაროდ, ტენდენცია საპირისპიროდ ვითარდება, რაც ადამიანების დამნაშავედ მიჩნევასა და მათთვის პატიმრობის შეფარდებაში გამოიხატება.“

როგორც შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ევროკავშირის მიერ შემუშავებულ 150 კაციან სიას დაემატა სახელები იმ ბელორუსი მოსამართლეების და პროკურორებისა, რომლებმაც ბოლო კვირების განმავლობაში ბრალი წაუყენეს და დასაჯეს ოპოზიციის წარმომადგენლები:

„არიან ის ადამიანებიც, რომლებიც ჩართულები არიან სასამართლო პროცესებში, რადგან სასამართლო სხდომები რეალურად ახლაც გრძელდება. არის ხალხი, ვინც უნივერსიტეტიდან აძევებდა ადამიანებს. ეს არის ის ორი ჯგუფი, რომელსაც ჩვენ ამ მომენტისათვის ვაკვირდებით.“

ლუკაშენკოს რეჟიმი ცდილობს, მოსკოვთან შემდგომი დაახლოებითა და ჩვენს სუვერენიტეტზე უარის თქმით შეამციროს ევროკავშირის სანქციების უარყოფითი ეფექტი ...
თუ იანვრის დებატებს გავიხსენებთ, საინტერესოა აღინიშნოს, რომ პოლონეთი ძალიან ცდილობდა გაზრდილიყო სანქციის ქვემდებარე პირთა სია, მაშინ როცა ძალიან ყოყმანობდა იტალია, რომელიც თვლიდა, რომ სანქციებს ძალიან მცირე ეფექტი ექნებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ევროკავშირმა შეიმუშავა ერთიანი პოზიცია და 21 მარტს, როგორც ვთქვით, მხარი დაუჭირა ე.წ. შავი სიის გაზრდას.

ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრ მილინკევიჩი ამბობს, რომ ევროკავშირის ყუარდღება და სიმტკიცე გამამხნევებელი სიგნალია ბელორუსიის დემოკრატიული საზოგადოებისათვის. თუმცა ბელორუსი პოლიტიკოსი შიშობს, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა გააძლიეროს მოსკოვის გავლენა მის ქვეყანაზე:

„ლუკაშენკოს რეჟიმი ცდილობს, მოსკოვთან შემდგომი დაახლოებითა და ჩვენს სუვერენიტეტზე უარის თქმით შეამციროს ევროკავშირის სანქციების უარყოფითი ეფექტი. რუსეთისათვის ეს ხელსაყრელი მომენტია იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაუახლოვოს ბელორუსია თავის ორბიტას.“

აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირი სულ უფრო ზრდის ბელორუს მოხელეთა „შავ“ სიას, ბრიუსელი პირობას დებს, რომ დაეხმარება რიგით ბელორუს მოქალაქეებს იოლად მიიღონ შენგენის ზონის ვიზა. ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან იაცეკ სარიუშ-ვოსკის იმედი აქვს, რომ ევროკავშირი და ცალკეული ქვეყნები უფრო აქტიურები იქნებიან როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური ზომების გამოყენების თვალსაზრისით:

„ კარგია, რომ გაფართოება შეეხება იმ ადამიანებსაც, რომლებიც იმსახურებენ ამ შავ სიაში ყოფნას. მაგრამ ეს სულაც არ არის საკმარისი ევროკავშირის მხრიდან ბელორუსიასთან მიმართებით. ჩვენ უფრო მეტად მომთხოვნი უნდა ვიყოთ ხელისუფლებისა და რეჟიმისადმი, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ნებისმიერი სტანდარტის ხელყოფას. იმავდროულად, ჩვენ უფრო მეტად სულგრძელნი უნდა ვიყოთ სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციისა და დისიდენტების მიმართ, რომლებიც ციხეებში იმყოფებიან.“

აღსანიშნავია, რომ ვარშავაში თებერვალში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც შემოწირულობების მობილიზებას ისახავდა მიზნად, ევროკავშირი ბელორუსიის დემოკრატიულ საზოგადოებას 120 მილიონ დოლარს დაჰპირდა.
XS
SM
MD
LG