Accessibility links

კოალიციის იერიშების მეოთხე დღე და პირველი დანაკარგი


ჩამოვარნილი გამანადგურებელი F-15E

ჩამოვარნილი გამანადგურებელი F-15E

ლიბიის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის საავიაციო იერიშების მეოთხე დღეს კოალიციამ პირველი დანაკარგი განიცადა. შეერთებული შტატების ფ-15 ტიპის გამანადგურებელი, როგორც სარდლობა აცხადებს, ტექნიკური მიზეზის გამო ჩამოვარდა ანტისამთავრობო ჯარების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გარდა ამისა, უფრო და უფრო ფართოვდება დებატები იმის თაობაზე, თუ სადამდე შეიძლება გასტანოს საავიაციო იერიშებმა და ვინ უნდა უხელმძღვანელოს აღნიშნულ ოპერაციას.

კოალიციის ავიაცია განაგრძობს წერტილოვან სარაკეტო დარტყმებს მუამარ კადაფის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიამ უჩვენა ტრიპოლიში განლაგებული ზოგიერთი პოზიცია, რომლებსაც ამერიკის ავიაცია წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდა.

კოალიცია ყველაფერს ცდილობს, რათა თავიდან აიცილოს მსხვერპლი სამოქალაქო პირთა შორის. ყველა საჰაერო თუ თავდაცვითი სამიზნე დასახლებული პუნქტებიდან მოშორებითაა ...
ლიბიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოუსა იბრაჰიმმა განაცხადა, რომ საჰაერო და სარაკეტო დაბომბვებს სირტეს აეროპორტსა და საზღვაო პორტებზე ბევრი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ფრანს-პრესის სააგენტო ერთ-ერთ თვითმხილველზე დაყრდნობით იუწყება, რომ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ტრიპოლის ახლომდებარე ბუსეტას საზღვაო ძალებზე, ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ მიხედვით კი, დაიბომბა ორი საავიაციო ბაზა და სარადარო სადგური ქალაქ ბენღაზის აღმოსავლეთ ნაწილში.

მიუხედავად კოალიციის საავიაციო იერიშებისა, ორშაბათს მუამარ კადაფის მომხრე სამხედრო ძალებმა, ტანკებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით, მოახერხეს ამბოხებულთა წინსვლის შეჩერება ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ აჯდაბიაში. თვითმხილველები იტყობინებიან, რომ მუამარ კადაფის ერთგულმა სამხედრო ძალებმა იერიში განაახლეს ზინტანასა და მისრატაზე, სიდიდით მესამე ქალაქზე, რომლის სამთავრობო ჯარების კონტროლის ქვეშ გადასვლას ოპოზიცია არ ადასტურებს.

იმავდროულად, შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ 22 მარტს ღამით ჩამოვარდა მისი საბრძოლო თვითმფრინავი, თუმცა ტექნიკური მიზეზის გამო და არა მოწინააღმდეგის ცეცხლის შედეგად. ამასობაში, შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საავიაციო იერიშების შედეგად შესაძლებელი გახდა კადაფის საავიაციო პოტენციალის განადგურება და რეჟიმის მომხრე სამხედრო ძალების წინსვლის შეჩერება. ეს თქვა, კერძოდ, გენერალმა კარტერ ჰემმა, შეერთებული შტატების სამხედრო ძალების სარდალმა ლიბიაში.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა, რომელიც მოსკოვში თავის კოლეგა ანატოლი სერდიუკოვს შეხვდა, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაიმეორა, რომ კოალიციამ ლიბიაში სრულიად რეალური სამხედრო-ჰუმანიტარული ოპერაცია წამოიწყო, რომელიც შეცვლის ბრძოლის სურათს:

„კოალიცია ყველაფერს ცდილობს, რათა თავიდან აიცილოს მსხვერპლი სამოქალაქო პირთა შორის. ყველა საჰაერო თუ თავდაცვითი სამიზნე დასახლებული პუნქტებიდან მოშორებითაა. სიძლიერე სამხედრო დაპირისპირებისა, რაც ჯერ კიდევ გრძელდება, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირდება.“

თუმცა ჩინეთი და რუსეთი, რომლებმაც გასულ კვირაში მხარი არ დაუჭირეს ლიბიის თავზე ფრენის აკრძალვის შესაბამის რეზოლუციას, ამჯერად გამოვიდნენ მოწოდებით დაუყოვნებლად შეწყდეს ცეცხლი. ლიბიაში სამხედრო ძალის შემდგომი გამოყენება კიდევ უფრო გაზრდის მსხვერპლთა რაოდენობას და გააღრმავებს ჰუმანიტარულ კრიზისს, - განაცხადა რობერტ გეიტსთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა:

„ბოლო მოვლენები აჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში დაიწყო რეალური საბრძოლო მოქმედებები, რომლის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები და დაიღუპნენ ადამიანები. ეს არ უნდა დაეშვათ და ჩვენ ეს პოზიცია ჩვენს ამერიკელ კოლეგებს მოვახსენეთ.“

ამასთან, ლიბიაში მიმდინარე კოალიციის საავიაციო იერიშებთან დაკავშირებით სულ უფრო მწვავდება დებატები. საერთაშორისო დონეზე კამათის მთავარი საგანია ის, თუ რა ვადით აძლევს კოალიციას საავიაციო იერიშების გაგრძელების უფლებას გაეროს რეზოლუცია და ვინ ხელმძღვანელობს საავიაციო ოპერაციას ლიბიაში. კოალიციის წამყვანი ქვეყნები არიან შეერთებული შტატები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რომლებიც კოორდინირებულად თანამშრომლობენ ევროპის კავშირისა და არაბული ლიგის სხვა სახელმწიფოებთან, თუმცა ჯერჯერობით გაერთიანებული სარდლობის გარეშე.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ვაშინგტონი თავის წამყვან როლს რამდენიმე დღეში სხვა ქვეყანას გადააბარებს იმის დასტურად, რომ ლიბიის თავზე ფრენის აკრძალვის ტვირთი საერთოა. ამასთან, ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და იტალია კვლავ ცდილობენ ზეწოლის მოხდენას სხვა ქვეყნებზე, რათა გაძლიერდეს ნატოს როლი.

თუმცა ალიანსის ზოგიერთი წევრი - მაგალითად, თურქეთი - წინააღმდეგია იმისა, რომ ნატომ მთავარი როლი იკისროს ლიბიაში მიმდინარე ოპერაციის მსვლელობაში.

ლიბიის საკითხში უთანხმოებამ არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობაში, არამედ რუსეთის ხელისუფლებაშიც იჩინა თავი. 21 მარტს პრემიერ-მინისტრმა პუტინმა დაგმო გაეროს რეზოლუცია, რომელიც „შუასაუკუნეობრივი ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოწოდებას“ შეადარა. პრეზიდენტმა მედვედევმა კი პუტინის განცხადებას დაუშვებელი უწოდა.
XS
SM
MD
LG