Accessibility links

logo-print

ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები პარლამენტში


სამთავრობო ანგარიშის კვირეულის ფარგლებში, პარლამენტის 23 მარტის სხდომაზე დეპუტატების წინაშე წარდგნენ ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები. დაახლოებით 20-20-წუთიანი გამოსვლების შემდეგ ალექსანდრე ხეთაგურმა და ბაკურ კვეზერელმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. შეკითხვების დასმის პარალელურად დეპუტატები გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციებსაც, რის გამოც ეს პროცესი რიგ შემთხვევებში საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის კინკლაობაშიც გადაიზარდა.

ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ხეთაგურმა, გამოსვლა იმ ფაქტის ხაზგასმით დაიწყო, რომ ელექტროენერგიის იმპორტიორი საქართველო ექსპორტიორად 2007 წელს იქცა და რომ 2010 წელს ექსპორტი განხორციელდა როგორც რუსეთში, ასევე აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში. მნიშვნელოვან წინსვლად სახელდება ის ფაქტიც, რომ ქვეყანა ამჟამად აბსოლუტურად მზად არის ავარიულ სიტუაციებთან გასამკლავებლად და რომ მოსახლეობამ ვერც კი იგრძნო, თუ როგორ გამოირთო სარემონტო სამუშაოების გამო 10 მარტიდან 10 დღის განმავლობაში ქვეყნის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური - ენგურჰესი. რაც შეეხება გაზმომარაგებას, ამ ეტაპზე დასრულებულია მოწოდების წყაროების სრული დივერსიფიცირება. ამ კუთხით გამოიყოფა გრძელვადიანი ხელშეკრულება აზერბაიჯანულ კომპანია ”სოკართან”, რომელიც 10 წლის მანძილზე გამორიცხავს ბუნებრივი აირის გაძვირებას.
გაზიფიცირებული იქნება საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 72 პროცენტი. აღნიშნული მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდა შეუძლებელია...

თუმცა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ამჟამინდელი ”მაღალი ტარიფები” კვლავაც წარმოადგენს ოპოზიციის კრიტიკის სამიზნეს და ეს 23 მარტის სხდომაზეც კარგად გამოჩნდა. შესაბამისად, ენერგეტიკის მინისტრი იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ ტარიფები ადეკვატურია და რეგიონში საქართველოზე დაბალი ტარიფები მხოლოდ აზერბაიჯანშია.

ოპოზიციის კრიტიკა ასევე უკავშირდება ელექტროენერგიის მომხმარებელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანებისა და გაზიფიცირების პროცესებსაც. თუმცა, ალექსანდრე ხეთაგურის პროგნოზით, ყველაფერი გეგმით წარიმართება და გამრიცხველიანება 2013 წელს, ხოლო გაზიფიცირება 2014 წელს დასრულდება:

”გაზიფიცირებული იქნება საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 72 პროცენტი. აღნიშნული მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდა შეუძლებელია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არსებობს ძალიან დაშორებული ადგილები და მაღალმთიანი ადგილები, სადაც ბუნებრივი გაზის აყვანა ფიზიკურად შეუძლებელია და ეკონომიკურად გაუმართლებელია...”

რეგიონებში, რომელთა გაზიფიცირებაც ვერ მოხერხდება, მინისტრის თქმით, უნდა დაინერგოს ენერგიის ალტერნატიული წყაროები, როგორიც არის, მაგალითად, მზისა და ბიომასის ენერგია.
როცა ლონდონს, პარიზსა და ნიუ-იორკს ედრებით, გაიხსენეთ რამდენია პენსია ლონდონში, პარიზში და გაიხსენეთ, რომ აქ 80-ლარიანი პენსიონერები გვყავს...

თუმცა მინისტრის ამგვარი პასუხი არადამაკმაყოფილებელია ქრისტიან-დემოკრატი დეპუტატებისთვის. მაგალითად, ხსენებული პოლიტიკური ძალის ლიდერი გიორგი თარგამაძე თვლის, რომ თუკი გაზი ყველა სოფელს არ მიეწოდება, გამოდის, რომ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებები უბრალო ტყუილი ყოფილა. თუმცა ასეთ კრიტიკას უსამართლოდ მიიჩნევს თავად ენერგეტიკის მინისტრი.

23 მარტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა, ტრადიციულად, ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია ამ ქვეყანაში არაფერს აფასებს... ოპონენტებს შორის კამათი აშკარა იყო და ის ზოგ შემთხვევაში ცალკეულ სიტყვებზე გამოდავებას უფრო ჰგავდა, როგორც ეს იყო, მაგალითად, მაღალი ტარიფების თემაზე დეპუტატების ჯონდი ბაღათურიასა და ზურაბ მელიქიშვილის კამათის დროს:

”(ბაღათურია) გავიგეთ, რომ გვაქვს ელექტროენერგია და გავიგეთ, რომ გვაქვს გაზი, მაგრამ რა ფასად გვაქვს? როცა ლონდონს, პარიზსა და ნიუ-იორკს ედრებით, გაიხსენეთ რამდენია პენსია ლონდონში, პარიზელი პენსიონერისთვის და გაიხსენეთ, რომ აქ 80-ლარიანი პენსიონერები გვყავს... (მელიქიშვილი) გთხოვთ, დაიხმაროთ მოადგილეები, დეპარტამენტები და იქნებ მართლა გასცეთ პასუხი ბატონი ჯონდის კითხვას - რამდენი აქვს ლონდონში პარიზელ პენსიონერს დოლარებში პენსია... ”

საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის კამათი სოფლის მეურნეობის მინისტრის გამოსვლის შემდეგაც შეინიშნებოდა; მას შემდეგ, რაც ბაკურ კვეზერელმა დაწვრილებით ილაპარაკა აგრარულ სექტორში მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ - იქნება ეს წვეთოვანი სარწყავი მეურნეობები, მექანიზაციის ცენტრები თუ მცენარეთა დაცვა მავნებლებისგან. ყურადღება, როგორც მოსალოდნელი იყო, გამახვილდა ორ კულტურის მოსავალზე:
ეს არის სიმინდი, რომელიც წელს იქნება ნაწარმოები 410 ათასი ტონა... შარშანდელთან შედარებით, წელს 110 000-ტონიანი მატება იქნება...

”... ეს არის სიმინდი, რომელიც წელს იქნება ნაწარმოები 410 ათასი ტონა... შარშანდელთან შედარებით, წელს 110 000-ტონიანი მატება იქნება, რაც მოგვცემს საშუალებას ჩავანაცვლოთ 25%-იანი იმპორტი და გავიტანოთ ეს პროდუქტი პირველად ექსპორტზე. ხორბლის წარმოებაში კი ჩვენი მიზანია 2012 წლისთვის ჩვენი მოხმარების 35 პროცენტი დავაკმაყოფილოთ ადგილობრივად... ”

იმას, რაც კვეზერელის გამოსვლაში უმრავლესობის წარმომადგენლებმა დამაიმედებელ პროგნოზად აღიქვეს, მსგავსი დაფასება ვერ მოჰყვა ოპოზიციის რიგებში. განსაკუთრებული კრიტიკულობითა და სიმკაცრით გამოირჩეოდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და მისი ლიდერი გიორგი თარგამაძე, რომელმაც ეჭვქვეშ მინისტრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხიც კი დააყენა.

სამთავრობო ანგარიშის მე-2 დღეს, 23 მარტს, პარლამენტის სხდომაზე სამი მინისტრი იყო დაბარებული, თუმცა იმის გამო, რომ კითხვა-პასუხის პროცესმა მოსალოდნელზე ბევრად მეტი დრო წაიღო, დაახლოებით საღამოს 6 საათზე გადაწყდა, რომ 23 მარტს დეპუტატების წინაშე ვეღარ წარდგებოდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ანდრია ურუშაძის გამოსვლა პარასკევისთვის გადაიდო.

ხუთშაბათს კი პარლამენტს ანგარიშს ჩააბარებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი.
XS
SM
MD
LG