Accessibility links

logo-print

რა აზიანებს დავით გარეჯის კომპლექსს?


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ერთი ნაწილის მტკიცებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს საფრთხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უქმნის. „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ამბობს, რომ მე-6 საუკუნეში აშენებულ კომპლექსს აზიანებს მახლობლად, რეზერვისტთა ბაზაზე, მიმდინარე წვრთნები. სოზარ სუბარი ასევე იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს ეკრძალება სამონასტრო კომპლექსის მახლობლად სამხედრო საწვრთნელი პოლიგონის მოწყობა.
აფეთქებები იწვევს დამანგრეველ ეფექტს მონასტრისთვის... იქ სროლა აკრძალულია და ამის შესახებ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები...

დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი თბილისიდან სამოც კილომეტრში, საგარეჯოდან სამხრეთით მდებარეობს. მე-6 საუკუნეში აშენებული კომპლექსი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე და დღესაც აკვირვებს მნახველს როგორც სამშენებლო ხელოვნებით, ასევე ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით, რომელთა შესანარჩუნებლად დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. სპეციალისტთა შეფასებით, კლდოვანი მასა, რომელზეც დავით გარეჯის ლავრა დგას და სადაც სენაკებია გამოკვეთილი, უდაბნოს ქარებისა და მცხუნვარე მზის გამო თანდათანობით იფიტება, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს კომპლექსს, თუმცა „ქართული პარტიის“ თავმჯდომარის სოზარ სუბარის თქმით, სტიქიაზე მეტად სამონასტრო კომპლექსს მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო პოლიგონი ვნებს:
”ქართული პარტიის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი

„აფეთქებები იწვევს დამანგრეველ ეფექტს მონასტრისთვის, რომელიც გამოკვეთილია ქვიშა-ქვაში და რომელიც ისედაც ადვილად ინგრევა ბუნებრივი პროცესების გამო. ნებისმიერი ბიძგი შეიძლება გახდეს დამღუპველი. პოლიგონს არ გამოიყენებენ ისეთი ინტენსივობით, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ ეს დიდად არაფერს ცვლის. იქ სროლა აკრძალულია და ამის შესახებ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები.“
გარეჯის მრავალმთის სამონასტრო კომპლექსის ძეგლებისათვის საზიანოა რეგიონში წარმოებული თუნდაც მცირე აფეთქებები, რომელთა დამაზიანებელი გავლენა გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე იმავე ინტენსივობის მიწისძვრის ბიძგები...

სოზარ სუბარმა სასამართლოს გადაწყვეტილებები ახსენა. საუბარია ქალაქ თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 12 ნოემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 18 სექტემბრის დადგენილებებზე, რომელთა მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს აეკრძალა სამონასტრო კომპლექსის მახლობლად სამხედრო საწვრთნელი პოლიგონის მოწყობა. დადგენილებაში წერია:

„საქმეში წარმოდგენილია დავით გარეჯის სამხედრო საწვრთნელ პოლიგონზე წარმოებული აფეთქებების გარეჯის მრავალმთის ქვაბოვან მონასტრებზე გავლენის მეცნიერული ანალიზი, რომელიც შესრულებულია საქართველოს გეოფიზიკის, გეოლოგიური, ასევე სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის მიერ. ამ ანალიზის შედეგად გაკეთებული დასკვნის მიხედვით, გარეჯის მრავალმთის სამონასტრო კომპლექსის ძეგლებისათვის საზიანოა რეგიონში წარმოებული თუნდაც მცირე აფეთქებები, რომელთა დამაზიანებელი გავლენა გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე იმავე ინტენსივობის მიწისძვრის ბიძგები. აფეთქებები მნიშვნელოვნად აჩქარებს ძეგლის ნგრევის ბუნებრივ პროცესს.“

თუმცა თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამონასტრო კომპლექსიდან ათ კილომეტრში რეზერვისტთა მომზადების ცენტრის ამოქმედება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს დადგენილებას. სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი სალომე მახარაძე განმარტავს, რომ ბაზა, სულ ცოტა, ათი კილომეტრითაა სამონასტრო კომპლექსიდან დაშორებული და წვრთნების დროს არ გამოიყენება ქვემეხი ან რაიმე სახის სხვა მძიმე ტექნიკა. შესაბამისად, არც არაფერი ზიანდება.
როცა მონასტერში ვიყავი, სროლის ხმა არ გამიგია. ძალიან შორს არის და ზიანსაც არ უნდა აყენებდეს, თან მძლავრი იარაღიდანაც არ ისვრიან...

რეზერვისტთა ბაზაზე მიმდინარე წვრთნებით გამოწვეულ ზიანს გაზვიადებულად მიიჩნევენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში, რომლის უძრავ ძეგლთა ატრიბუციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი გიორგი გაგოშიძე რამდენიმე დღის წინ გარეჯის სამონასტრო კომპლექსს სტუმრობდა.

„როცა მონასტერში ვიყავი, სროლის ხმა არ გამიგია. ძალიან შორს არის და ზიანსაც არ უნდა აყენებდეს, თან მძლავრი იარაღიდანაც არ ისვრიან“, - უთხრა გიორგი გაგოშიძემ რადიო თავისუფლებას.
დავით გარეჯი

თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელთა ამგვარი განმარტებები არ აკმაყოფილებთ სამონასტრო კომპლექსის ბედით შეწუხებულ ადამიანებს. სოზარ სუბარის თქმით, 23 მარტს მან რეზერვისტთა ბაზაზე შესვლა და ვითარებაში გარკვევა სცადა, მაგრამ ბაზის ხელმძღვანელობისგან უარი მიიღო.
არ დავუშვებთ იმას, რომ რაც გადავარჩინეთ საბჭოთა ჯარისგან, იმას ჩვენი ეროვნული ჯარი ანგრევდეს...

„ეტყობა, დასამალი აქვთ... თუმცა ჩვენ არ გავჩერდებით და არ დავუშვებთ იმას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდებოდეს და არ დავუშვებთ იმას, რომ რაც გადავარჩინეთ საბჭოთა ჯარისგან, იმას ჩვენი ეროვნული ჯარი ანგრევდეს. მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებს, შევიკრიბოთ, რათა ამ საკითხთან მიმართებით გვქონდეს ერთიანი პოზიცია. პოლიგონი უნდა გაუქმდეს - ესაა ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა“, უთხრა სოზარ სუბარმა რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG