Accessibility links

logo-print
მიმოხილვას „რეზონანსით“ დავიწყებთ, რომელიც დილით წერდა, დღეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებების გადამწყვეტი დღეაო. "ოპოზიციური რვიანი" პროცესის გაწელვას აღარ აპირებს და დღეს გადამწყვეტი შეხვედრა იქნება. "რვიანი " ხელისუფლებას წინადადებებს შესთავაზებს და მათ პასუხზე იქნება დამოკიდებული, ეს მუშაობა რა ფორმით გაგრძელდება, რა თქმა უნდა, საერთოდ თუ გაგრძელდაო, თუმცა, ცხადია, შემდეგ მოვლენები სხვაგვარად წარიმართა.

სამთავრობო კვირეულის დაწყება კი გაზეთმა ასე შეაფასა: პრემიერის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების გამოსვლიდან გაირკვა, რომ წამლებიც გაიაფებულა, სიღარიბეც ოთხჯერ შემცირებულა და ყველაზე იაფი კარტოფილიც ჩვენ გვქონიაო.

ისე, თუ დაწვრილებით გაინტერესებთ, რა თქვა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, ”24 საათში” ნახავთ მისი სიტყვის კარგა ვრცელ მიმოხილვას და შემდეგ გამართული დებატების რეზიუმესაც. აქვე წაიკითხავთ სტატიას, სახელწოდებით ”როცა ბიზნესი პოლიტიკაა და პირიქით”. - ის საქართველოში დაკავებულ ებრაელ ბიზნესმენებს შეეხება და ვრცლად მიმოიხილავს სხვადასხვა გამოხმაურებას, რომელიც ამ აფქტს მოჰყვა ისრაელსა და საქართველოში და შესაძლოა კიდევ მოჰყვეს.

”ვერსია” დღეს ახალი პოლიტიკური ბლოკის შესახებ წერს. სტატიის ავტორი განმარტავს, ეს გაერთიანება მოსალოდნელი იყოო: ”ამ ერთობაში ახალი არც სახელია და არც თავად ერთობა - მაღრაძე-ასათიანი ბლოკებს, როგორც წესი, წყვილად ქმნიან, ორივეს ერთად კი ფორუმთან პოლიტიკური მეგობრობა არც არასოდეს შეუწყვეტია”, - წერს ავტორი და ”ეროვნული ფორუმის” სამომავლო გეგმებსაც განიხილავს: "წინასწარი ინფორმაციით, მომავალ არჩევნებში „ეროვნული ფორუმი“ ერთი საარჩევნო ბლოკის სახით იქნება წარმოდგენილი, გუგული მაღრაძის მინიშნებით კი, ამ ეტაპზე ბლოკის პოლიტიკური სიმპათიები კიდევ ერთი ბლოკის - ეროვნული საბჭოს - მიმართულებით იხრებაო.”

„ვერსიაშივე“ ნახავთ სტატიას ქუთაისში მომხდარ სკანდალზე, როდესაც მწერალ ზაზა ბურჭულაძის ფრაზას ზოგისთვის სიცოცხლის, ზოგისათვის კი სიკვდილის სურვილის თაობაზე ქუთაისის ინტელიგენციის ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. გაზეთი ორივე მხარის კომენტარებს აქვეყნებს, სტატიას კი ასე ასათაურებს:”თბილისელი პროვოკატორი და ქუთაისელი სინდისის მცველები”.
XS
SM
MD
LG