Accessibility links

logo-print

ერთად დავგეგმოთ მშვიდობა


ერთად დავგეგმოთ მშვიდობა – საჯარო დისკუსია გორში

ერთად დავგეგმოთ მშვიდობა – საჯარო დისკუსია გორში

„ერთად დავგეგმოთ მშვიდობა“ – ასე ერქვა საჯარო დისკუსიას, რომელიც გორში ჩატარდა. ამ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ეს პროექტი მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის (CIPDD), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (GYLA) და უსაფრთხო მსოფლიოს (Saferworld) ორგანიზებით საქართველოს ოთხ რეგიონში მიმდინარეობს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თემების წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის კონსტრუქციულ დიალოგს ისეთ ძირითად გამოწვევებზე, როგორიცაა, მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა.

საჯარო დისკუსიამდე შიდა ქართლში ჩატარდა სპეციალური კვლევა, რომლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა თავს დაუცველად გრძნობს, ნაკლებად ინფორმირებულია და არ იცის რა სოციალურ–ეკონომიკური პროექტები ხორციელდება 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების ლიკვიდაციისთვის. კვლევაში მონაწილეობა ცხინვალიდან დევნილმა ნაზი ბერუაშვილმაც მიიღო. მისი თქმით, ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა თავიდან შიშის გამო უარს ამბობდა გამოკითხვაში მონაწილეობაზე, მაგრამ ანონიმურობის გარანტიის მიცემის შემდეგ დასმულ კითხვებზე აქტიურად პასუხობდა.

ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში მთავარ პრობლემად უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მძიმე სოციალური მდგომარეობა რჩება. ერგნეთის მცხოვრებმა ლია ჩლაჩიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ცხინვალში დაწყებული სამხედრო სწავლებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და ქართული საგუშაგოების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

დისკუსიის მსვლელობისას როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების წარმომადგენლებისა და დევნილების კითხვებს პასუხობდნენ. ვიცე-გუბერნატორ ზურაბ ჩხეიძის თქმით, ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების ეკონომიკური განვითარებისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს და ადგილობრივი მოსახლეობა შედეგს მალე დაინახავს.

ჩატარებული კვლევის შემდეგ ხელისუფლებას ერთ-ერთ რეკომენდაციად მიეცა, საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და სამშვიდობო პროცესზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჩართვას სახალხო დიპლომატიაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მუდმივი კომუნიკაცია ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის პრობლემების მოგვარების წინაპირობა იქნება.

დისკუსია, სახელწოდებით “ერთად დავგეგმოთ მშვიდობა”, გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტების მოგვარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილია.
XS
SM
MD
LG