Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი მოკავშირეებს გადასცემს ლიბიაში ოპერაციის სარდლობას


აშშ-ის სამხედრო ძალები ლიბიის საზღვრებთან პატრულირებენ
აშშ-ის სამხედრო ძალები ლიბიის საზღვრებთან პატრულირებენ
აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, რამდენიმე დღეში ვაშინგტონი თავის მოკავშირეებს გადასცემს ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის წინაღამდეგ მიმართული საჰაერო ოპერაციების სარდლობას. ობამა ამ განცხადებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც ის, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი შეთანხმდნენ, რომ ნატომ უნდა შეასრულოს გადამწყვეტი როლი ლიბიაში საერთაშორისო ოპერაციის ხელმძღვანელობის სტრუქტურაში.

ოპერაციის მიზანია გაეროს რეზოლუციით გათვალისწინებული, ფრენისათვის აკრძალული ზონის, ისევე როგორც ლიბიელი სამოქალაქო პირების დაცვა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა:

„ჩვენ განვაგრძობთ ძალისხმევას ლიბიელი ხალხის დასაცავად, მაგრამ არ შევასრულებთ წამყვან როლს. ეს არის ის, რაც სარდლობის გადაბარებით არის გამიზნული“.

ბრიუსელში ნატოს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ალიანსის სამხედრო გემები დღესვე იწყებენ ლიბიის სანაპიროსთან პატრულს, ლიბიისათვის იარაღის მიწოდებაზე გაეროს მიერ დაწესებული ემბარგოს დაცვის უზრუნველსაყოფად.

ტრიპოლიდან გავრცელებული ცნობებით, დილას, საჰაერო დარტყმების მეხუთე დღეს, ქალაქი აფეთქებებმა შეარყია. ჯერ არ არის ნათელი, რა ობიექტების წინააღმდეგ იყო მიმართული იერიშები.

კადაფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებებზე იუწყებიან დასავლეთ ლიბიაში მეამბოხეების ხელში მყოფი ქალაქებიდან, მისრატიდან და ზინტანიდან, აგრეთვე ქალაქ იაფრანიდან, რომელიც ტრიპოლის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.
XS
SM
MD
LG