Accessibility links

logo-print
ძეგლების თემა დროდადრო აქტუალური ხდება ხოლმე საქართველოში. მათთან დაკავშირებული ისტორიები კი ძალიან ერთნაირია. მათ ბევრი რამე აქვთ საერთო. ძირითადი მომენტები ასე გამოიყურება: პირველ რიგში მათ დგამენ. მერე კი განვითარების ოთხი ვარიანტიდან ერთ-ერთი ემუქრებათ: ისინი სხვა ადგილას გადააქვთ, იქვე ტოვებენ, მაგრამ რაღაც კუთხით შეატრიალებენ, საერთოდ იღებენ და ტოვებენ, როგორც არიან.

საქართველოში პირველი ქანდაკება 1867 წელს, თბილისში, ახლანდელ საარბრიუკენის მოედანზე დაიდგა. ეს იყო კავკასიაში პირველი მეფისნაცვლის, თავადი ვორონცოვის ძეგლი. დღეს ეს ძეგლი აღარ არსებობს - საქართველოს გასაბჭოებამ შეიწირა: დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ, მგონი საქართველოს პირველი ძეგლი, აგრეთვე პირველი იყო, რომელიც აიღეს.

სამაგიეროდ აღარც იმათი ძეგლები არსებობს, ვინც ვორონცოვის ძეგლი ააღებინა. ბოროტების იმპერიის შემოქმედთაგან პირველი იყო სტალინის ძეგლი თბილისში, რომელიც 1956 წელს აიღეს. დღეს იმ ადგილას დედაენის ძეგლია. იმედია, დედაენას არაფერი ემუქრება და მილენიუმების შემდეგაც შეინარჩუნებს პრეზენტაბელურობას და მისი კრეატიული მესიჯი ისევე ტრანსპარენტული იქნება მომავალი ქართული სოციუმისთვის და ქალაქის უცხოელი ვიზიტორებისთვის, როგორიც დღეს არის.

საქართველო ერთ-ერთი პირველი რესპუბლიკა იყო საბჭოთა კავშირში, სადაც დაიდგა ლენინის ძეგლი. ეს მოხდა 1927 წელს, ზაჰესის ტერიტორიაზე. დღეს ეს ძეგლიც აღარ არსებობს.

აღარ არსებობს ლენინის ის ორი ძეგლიც, რომლებიც თბილისის ცენტრში,ერთმანეთისგან ორასიოდე მეტრის დაშორებით იდგა. ერთ-ერთი მათგანის ადგილას - თავისუფლების მოედანზე - ახლა წმინდა გიორგის მონუმენტია. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ რაღაცის შემდეგ მასაც აიღებენ.

თუმცა, მე რა მგონია, არ არის მნიშვნელოვანი, ამიტომ რაც ნამდვილად მოხდა იმაზე ვილაპარაკოთ. ნამდვილად კი ის მოხდა, რომ 1989 წელს, თბილისში ბოლშებიკების კიდევ ერთი ლიდერის, სერგო ორჯონიკიძის ძეგლი ჩამოაგდეს. გაქრა ლადო კეცხოველი, ხოლო 1990 წლის 10 იანვარს კომუნისტებს ნამდვილი ბართლომეს ღამე მოუწყვეს - ერთდროულად აიღეს ძერჟინსკის, კამოს და ბორის ძნელაძის ძეგლები.

რაც ჩამოვთვალეთ, კონკრეტული ადამიანების ძეგლები იყო. მათ გარდა, “რეპრესიებში” მოყვა ჯგუფურიქანდაკებები (26 ბაქოელი კომისარი), მეორე მსოფლიო ომის გმირებისადმი მიძღვნილი ზოგადი მემორიალები: ერთი გამსახურდიას პრეზიდენტობისას აიღეს, თბილისში, ვაკის პარკში, მეორე კი სულ ახლახან, ქუთაისში; და ცხადია, კიდევ უფრო ზოგადი ნაკეთობები, როგორიც იყო, მაგალითად, დღევანდელი პარლამენტის შენობის წინ მდგარი პროლეტარებისა და კოლმეურნეების წყვილები.

“რეპრესიებს”, ოღონდ ამჯერად არა პოლიტიკურს, არამედ ესთეტურს ემსხვერპლა თბილისიდან, თუ არ ვცდები, უკანასკნელი “გაძევებული” - პრომეთეს - ქანდაკება, რომელიც ცირკის გორაკის წინ იდგა.

საქართველოს მასშტაბით კი უკანასკნელი შერისხული სტალინის ძეგლი იყო გორში. ხოლო იმ ქანდაკების მაკეტმა, რომელიც სტალინის ძეგლის ადგილას უნდა დაიდგას, საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. თუმცა, ეს არ ყოფილა სკულპტურისადმი საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის გამოვლენის უკანასკნელი შემთხვევა საქართველოში.

ახლა ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა წრეში არაფორმალურად განიხილავენ ირაკლი ჩარკვიანის ძეგლის საკითხს. გორის შემთხვევისგან განსხვავებით, სადაც განსჯის საგანს მაკეტი წარმოადგენდა, აქ ლაპარაკი იმაზეა, უნდა ჰქონდეს თუ არა ირაკლის ძეგლი. მე თუ მკითხავთ, საკითხის ასე დაყენება თავისთავად გულისხმობს გარკვეულ პასუხს. თუ როგორს, თავად გადაწყვიტეთ.

ირაკლის სიცოცხლეში 4 ალბომი ჰქონდა გამოშვებული, სიკვდილის შემდეგ გამოვიდა მეხუთე და აგრეთვე სხვა მუსიკოსების მიერ შესრულებული მისი სიმღერების მშვენიერი კრებული.

გამოსულია ირაკლის რომანი, მოთხრობების კრებული, ლექსების და სიმღერების კრებული და მზადდება მისი პუბლიცისტიკის კრებული.

ირაკლის შესახებ არსებობს უამრავი ვიდეომასალა - როგორც მუსიკალური, ისე საყოფაცხოვრებო - და არსებობს ძალიან ბევრი კარგი ფოტო.

ეს აუდიო, ვიდეო და ლიტერატურული მასალები დღეს გაფანტულია. განსაკუთრებით ძნელი საშოვნელია ძველი დისკები, თუმცა მათი თავიდან გამოცემა ერთ ყუთში ჩადებულ კომპლექტად, ვთქვად, მუსიკალური ანთოლოგიის ფორმით პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ასევე ვიდეომასალით სავსებით შესაძლებელია სერიოზული დოკუმენტური ფილმის გაკეთება და მისი DVD ფორმატში გადატანა ტირაჟირებისთვის. იმავეს თქმა შეიძლება მის ლიტერატურულ შემოქმედებაზე, რომელსაც სავსებით აიტანს კარგად გამოცემული, მაგარყდიანი სასაჩუქრე ტომი.

მე ირაკლის ასეთ ძეგლს სიამოვნებით ვიქონიებდი. რაც შეეხება სკულპტურას, მეტ-ნაკლებად კლასიკური გაგებით, მას ზოგადად სამი კრიტერიუმით ვაფასებ: შინაარსი (პიროვნება, ან თემა, რასაც ეძღვნება ქანდაკება), ფორმა (თუ როგორ არის შინაარსი გადმოცემული) და ადგილი, სადაც ქანდაკება დგას. ამ კრიტერიუმების მიხედვით, თბილისური ძეგლებით კმაყოფილი მაინცდამაინც არა ვარ...

... მაგრამ ერთხელ, შოტლანდიაში, ქალაქ სტირლინგის მიდამოებში, გზიდან საკმაოდ მოშორებით დამანვახეს უზარმაზრი კოშკი და მკითხეს, თუ მიხვდები ვისი ქანდაკება არისო. ბევრი არ მიფიქრია ისე ვუპასუხე - ძალიან მიკვირს, აქ რა უნდა მელ გიბსონს-მეთქი. გაკვირვება იმათი უნდა გენახათ - უილიამ უოლესის მონუმენტი აღმოჩნდა. Braveheart (“მამაცი გული”) მელ გიბსონის მონაწილეობით უილიამ უოლესის როლში ერთი წლის გამოსული იყო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG