Accessibility links

logo-print
24 მარტს სამთავრობო ანგარიშის კვირეულის მე-3 დღე პარლამენტში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის გამოსვლით დაიწყო. ოპოზიცია მას მწვავედ აკრიტიკებს და თანამდებობიდან გადაყენებით ემუქრება, ხოლო უმრავლესობა, პირიქით, საგანგებო მხარდაჭერასა და ნდობას უცხადებს. დეპუტატების წინაშე 24 მარტს ასევე წარდგა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

არასაკმარისი კვორუმის გამო 25 მარტისთვის გადაიდო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა, ზუსტად ისევე, როგორც ეს სოფლის მეურნეობის მინისტრის შემთხვევაში იყო. გავიხსენოთ, რომ ბაკურ კვეზერელის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმა ხუთშაბათის სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა, კენჭისყრის გზით, მიზანშეუწონლად მიიჩნია.
27 000 დევნილი ოჯახი უკვე ფლობს საკუთრებას, რაც, ჩემი აზრით, არ არის ბედნიერებისათვის სამყოფი გარემოება, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რომელსაც ადამიანი გამოიყენებს ნებისმიერ დროს...

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა პარლამენტში ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების სახელით მომზადდა, თუმცა ამ მოთხოვნას შეუერთდა ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია და, მეტიც, ხუთშაბათის სხდომაზე ის პირველი ალაპარაკდა კონტროლის პალატის ანგარიშში ამოკითხულ ”კორუფციის ბრალდებაზე” და მინისტრის გადაყენების აუცილებლობაზე.

მართალია, ჯონდი ბაღათურია მთელი დღის მანძილზე მინისტრის იმპიჩმენტს ითხოვდა, მაგრამ დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მის საყურადღებოდ განმარტა, რომ საქმე შეეხება არა იმპიჩმენტს, არამედ რეგლამენტის 215-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროცედურას და ის ”პოლიტიკური პასუხისმგებლობის თანამდებობრივი შესაბამისობის საკითხის დაყენებას” გულისხმობს.

რაც შეეხება თავად კობა სუბელიანის გამოსვლას პარლამენტის წინაშე, ეს პროცესი სლაიდშოუს თანხლებით მიმდინარეობდა და მინისტრი დეპუტატებს აჩვენებდა, თუ როგორ გამოიყურებოდა დევნილთა საცხოვრებელი ადგილები რეაბილიტაციამდე და როგორ გამოიყურება შენობები ახლა, რეაბილიტაციის შემდეგ. სუბელიანის გამოსვლის მთავარ აქცენტს ასევე წარმოადგენდა დევნილებისთვის საკუთრების უფლების მინიჭების პროცესი:

”27 000 დევნილი ოჯახი უკვე ფლობს საკუთრებას, რაც, ჩემი აზრით, არ არის ბედნიერებისათვის სამყოფი გარემოება, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რომელსაც ადამიანი გამოიყენებს ნებისმიერ დროს - იქნება ეს დაბრუნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენს მიწა-წყალზე თუ აქ წარმოქმნილი საჭიროება...”
საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს შარშანდელი აგვისტოდან მოყოლებული როგორი ძალადობით, როგორი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებით და ფიზიკური შეურაცხყოფით ყრიდნენ ამ ადამიანებს (დევნილებს) სახლებიდან...

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა წარმატების დასტურად თავის გამოსვლაში კიდევ არაერთი მაგალითის მოხმობა სცადა - იქნებოდა ეს დევნილების ჯანდაცვისა თუ დასაქმების სფეროდან, მაგრამ მოყვანილმა მაგალითებმა ოპონენტებზე ვერანაირი დადებითი გავლენა ვერ მოახდინა. გაისმა მწვავე კრიტიკა, მაგალითად, დევნილების სოფელ ფოცხო-ეწერში ბედის ანაბარად ჩასახლებასა თუ უხარისხოდ გარემონტებულ კოტეჯებთან დაკავშირებით. მინისტრის გამოსვლას ”არაადეკვატურობისა და ცინიზმის ზეიმი” უწოდა ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა:

”საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს შარშანდელი აგვისტოდან მოყოლებული როგორი ძალადობით, როგორი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებით და ფიზიკური შეურაცხყოფით ყრიდნენ ამ ადამიანებს (დევნილებს) სახლებიდან...”

იმას, რასაც ოპოზიცია გამოყრასა და ”გამოსახლებას” უწოდებს, სუბელიანი ”განსახლებად” და დევნილების უკეთეს საცხოვრებელ პირობებში გადაყვანად მოიხსენიებს. მინისტრი ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ამ პროცესს მედია და საზოგადოება აკონტროლებდა და ადგილი არ ჰქონია არავითარ ფიზიკურ შეურაცხყოფას.

კობა სუბელიანის მისამართით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატეს და ის 24 მარტს არაერთი საქებარი სიტყვით თუ მადლობით დააჯილდოვეს; პარალელურად მწვავე კრიტიკა ისმოდა ოპოზიციის მიდგომებთან და შეფასებებთან დაკავშირებით. მაგალითად, გოკა გაბაშვილმა ოპოზიციის კრიტიკას ”ამაზრზენი და ამორალური პერსონალური თავდასხმები” უწოდა; აკაკი მინაშვილის აზრით კი, ”ოპონენტებს პრობლემები აქვთ შუბლის ძარღვთან დაკავშირებით.” აქვეა უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილის შეფასებებიც:

”თქვენ გაგაღიზიანათ იმან, რომ ადამიანები საცხოვრებლად უკეთეს პირობებში გადავიდნენ... თქვენ თავიდანვე გქონდათ დაგეგმილი ეს ამორალური გამოსვლა, რომელიც აქ წარმოადგინეთ და სურათების ნახვის შემდეგ კიდევ უფრო მეტ გარეწრობაში გადაიზარდა ეს ყველაფერი, პოლიტიკურ უსინდისობაში - მე ამას ასე დავარქმევდი.”

თუკი 24 მარტს უმრავლესობის მიერ დემონსტრირებულ ძლიერ მხარდაჭერას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კობა სუბელიანის თანამდებობიდან გადაყენების ოპოზიციურ მცდელობას 25 მარტს კრახი ელის.
აშენდა 7 სკოლა, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტებით შესრულებული, სადაც, მსოფლიო ბანკის დახმარებით, უნარშეზღუდული ბავშვების სწავლაა შესაძლებელი და ყველა ღირსეული პირობაა შექმნილი, რომ შესაბამისი განათლება მიიღონ...

ასეა თუ ისე, სუბელიანის გარშემო ატეხილმა ხმაურმა 24 მარტის სხდომაზე ერთგვარად დაჩრდილა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის გამოსვლა, რაც არსებითად წარმატების დამადასტურებელი მაგალითებისა და ციფრების ჩამონათვალს წარმოადგენდა.

”2010 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 800 კმ-ზე მეტ საავტომობილო გზას, 100 ხიდი იქნა რეაბილიტირებული, ახალი 12 ხიდი აშენდა, აშენდა სკოლები... აშენდა 7 სკოლა, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტებით შესრულებული, სადაც, მსოფლიო ბანკის დახმარებით, უნარშეზღუდული ბავშვების სწავლაა შესაძლებელი და ყველა ღირსეული პირობაა შექმნილი, რომ შესაბამისი განათლება მიიღონ...”

რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, რეგიონალური განვითარების მიზნით 2010 წელს საქართველოში 1 300 000 000 ლარი დაიხარჯა, განხორციელდა 3 400 პროექტი და დასაქმდა 30 ათასი ადამიანი. შეიძლება ითქვას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ პარლამენტში წარდგენილმა ანგარიშმა ოპოზიციონერი დეპუტატებისგან გაცილებით ნაკლები კრიტიკა დაიმსახურა.

რაც შეეხება 25 მარტის სხდომას, კობა სუბელიანის საკითხის განხილვის შემდეგ სამთავრობო ანგარიშის ფარგლებში დეპუტატების წინაშე წარდგებიან ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები.
XS
SM
MD
LG