Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პედაგოგი მანდატურისა და სკოლის დირექტორის წინააღმდეგ


არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” თბილისის საქალაქო სასამართლოში მე-8 საჯარო სკოლის დირექციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. საქმე მანდატურის განცხადების საფუძველზე სკოლის დირექტორის მიერ მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს ეხება.

თბილისის მე-8 საჯარო სკოლის სამსახურიდან დათხოვნილი პედაგოგის ლალი კიკნაძის მონაყოლის თანახმად, 2 მარტს გაკვეთილზე შესულმა ერთ-ერთმა მასწავლებელმა კლასში საკლასო ჟურნალი ვერ შეიტანა. ეს გარემოება შეუმჩნეველი არ დარჩენია მანდატურ გიორგი ინასარიძეს.
პედაგოგი ლალი კიკნაძე

”ამოიყვანა თავისი მანდატურები, რაციით გამოიძახა და შექმნა ისეთი გარემო, რომ ჩვენ ვიყავით დანაშაულზე წასწრებული პედაგოგები. კედელთან დაგვაყენა. ერთ-ერთი მასწავლებელი მივიდა და ჟურნალი აიღო, პედაგოგს ავუტანო. არა, ადგილზე დადეთო, თქვა და ამას მოჰყვა გარჩევები. მოკლედ, ძალიან განერვიულდა ყველა, იმიტომ რომ ეს კაცი ნამდვილად ძალიან ზედმეტად იქცეოდა. ისეც კი, რომ ერთმა უთხრა, ბარემ თოფი მოგვადე შუბლზეო. ასეთი შეძახილები იყო. მერე მე ბოლოს ვუთხარი, ამდენს რატომ ნერვიულობთ-მეთქი. ეს ჟურნალი აგვეტანა-მეთქი იმ მასწავლებელთან, თუ ეს უფრო მნიშვნელოვანია ამ რეფორმაში, ვიდრე პედაგოგი, და შეგიძლიათ ამის გამო მასწავლებლები წნეხში მოგვაყოლოთ, აგვეტანა-მეთქი ეს ჟურნალი. მაშინვე მკითხა, რა გვარი ხარო. ვუთხარი და მაშინვე ჩავიდა და დაწერა ის, რომ მე უნდობლობა გამოვაცხადე მანდატურის რეფორმასთან დაკავშირებით.”

ქალბატონი ლალი ამბობს, რომ მას რეფორმის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და დღემდე ვერ გაუგია, რა გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი. სკოლის დირექტორმა, ელისო ნიკოლაშვილმა ლალი კიკნაძე, მანდატურის მიერ წარდგენილი დარღვევის აღრიცხვის ფურცლის საფუძველზე, ბრძანებით გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც პედაგოგმა ნებაყოფლობით სამსახურის დატოვებაზე უარი განაცხადა. ლალი კიკნაძე აზუსტებს, რომ დირექტორი მას განცხადების დაწერას თავად სთხოვდა და მანდატურების როტაციის შემდეგ სამსახურში აღდგენასაც ჰპირდებოდა.
მანდატურის სამსახურის უფროსი ძალიან იცავს თავის მანდატურს და მე მინდა, რომ ჩემმა მინისტრმა თავისი პედაგოგი დაიცვას...

”სკოლა არანაირ კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ აკეთებს. სკოლა პასუხს არ სცემს კითხვებს”, - გვითხრეს მე-8 საჯარო სკოლაში.

”მერვე სკოლაში ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენი სამსახური კომენტარს არ აკეთებს”, - გვიპასუხეს სკოლის მანდატურის სამსახურში.

”არ ვაკეთებთ კომენტარს ამასთან დაკავშირებით. სამინისტრო დღეს ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს”, - განგვიმარტეს განათლების სამინისტროშიც.

”სამინისტროს რეაგირებას ნამდვილად ველოდები, იმიტომ რომ მართლა მაინტერესებს მათი აზრი. იმიტომ რომ მე ველოდები მათგან თანადგომას. მანდატურის სამსახურის უფროსი ძალიან იცავს თავის მანდატურს და მე მინდა, რომ ჩემმა მინისტრმა თავისი პედაგოგი დაიცვას. ძალიან მინდა, იმიტომ რომ მე მართლა არაფერი დამიშავებია, მართლა”, - შენიშნა, თავის მხრივ, სამსახურიდან გათავისუფლებულმა პედაგოგმა ლალი კიკნაძემ, რომლის უდანაშაულობაში ეჭვი სკოლის დირექტორმა, ბრძანების თანახმად, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის ორი მუხლის, ზოგადი განათლების შესახებ კანონის სამი მუხლისა და შრომითი ხელშეკრულების 1 მუხლის მიხედვით შეიტანა.
რომც გამოეხატა უნდობლობა, ეს არ შეიძლებოდა დადებოდა საფუძვლად სამსახურიდან მის გათავისუფლებას...

როგორც „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“ განმარტავენ, გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული გარემოებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს კონტრაქტის მოშლასა და ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას, საქმეში კი, უმთავრესად, მანდატურის მიერ უფლებამოსილების გადამეტება იკვეთება. არის თუ არა მასწავლების მიერ გაკვეთილის წინ ჟურნალის სამასწავლებლოში დარჩენა მანდატურის რეაგირების ტოლფასი დარღვევა და აქვს თუ არა მასწავლებელს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება? ამ კითხვაზე „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე თამარ გაბისონიამ გვიპასუხა:
”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარე თამარ გაბისონია

”ფაქტი, რომელზეც მასწავლებელმა ლალი კიკნაძემ გამოთქვა თავისი მოსაზრება, კერძოდ, რომ ჟურნალი ავუტანოთ მასწავლებელს, თუკი ეს უშლის რეფორმას ხელს, მიიჩნია მანდატურმა მანდატურის რეფორმისადმი უნდობლობის გამოცხადებად და შეადგინა სამართალდარღვევის აქტი. ერთი, რომ მანდატურის რეფორმა არ არსებობს, არსებობს განათლების რეფორმა, რომლის შემადგენელი ნაწილია მანდატურის სამსახური. რომც გამოეხატა უნდობლობა, ეს არ შეიძლებოდა დადებოდა საფუძვლად სამსახურიდან მის გათავისუფლებას, ვინაიდან ადამიანს დემოკრატიულ საზოგადოებაში უფლება აქვს ენდობოდეს ან არ ენდობოდეს, უჭერდეს ან არ უჭერდეს მხარს რომელიმე რეფორმას.”

როგორც თამარ გაბისონიამ აღნიშნა, მანამ, სანამ ორგანიზაცია ლალი კიკნაძის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავდა, პედაგოგის სამსახურში დარჩენის თხოვნით ყველა შესაბამის ინსტანციას მიმართა. ლალი კიკნაძის მხარდამჭერ განცხადებას 42 პედაგოგი აწერს ხელს. სახელმწიფო უწყებებიდან პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს. სასამართლოში კი მოსარჩელე პედაგოგის სამსახურში აღდგენისთვის, გაცდენილი დღეებისა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის იბრძოლებს.
XS
SM
MD
LG