Accessibility links

logo-print

"საბავშვო ბაღიდან ვიცოდი, რომ მეზღვაური გავხდებოდი"


ივერ ყურაშვილი

ივერ ყურაშვილი

რადიო თავისუფლების მსმენელმა იცის ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემის, ,,ვასილიოს N“-ის და მისი ეკიპაჟის თავგადასავალი. გემი ლიბიის ქალაქ მისრათის პორტში 11 თვის განმავალობაში იყო დაკავებული გემის მფლობელსა და ტვირთსი მფლობელს შორის დავის გამო. ლიბიაში ცოტა ხნის წინ მწვავე კონფლიქტი დაიწყო ლიდერის, მუამარ კადაფის მოწინააღმდეგეებსა და მის ერთგულ ძალებს შორის. ამ კონფლიქტის, და ქალაქ მისრათის დაბომბვის ფონზე ეკიპაჟის წევრებმა ლიბიიდან გაქცევა შეძლეს და ამჟამად მალტაში იმყოფებიან. გემის კაპიტანმა ივერ ყურაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას. მას თეა აბსარიძე ესაუბრა.



რადიო თავისუფლება: გამარჯობა, ბატონო ივერ, როგორ ხარ? გვიამბეთ თქვენი ამჟამინდელი ყოფის შესახებ.

ივერ ყურაშვილი: ღუზაზე ვდგავართ ვალეტას პორტში. ნაპირიდან დაახლოებით 50 მეტრში ვართ. ამ ადგილს ,,ფიშ მარკეტი“ ჰქვია. როცა გვინდა, ჩვენი ნავით გადავდივართ ნაპირზე, არავითარი შეზღუდვა არ გვაქვს. აქაური ქართველები გამოგვეხმაურნენ, მოვიდნენ, საკვები პროდუქტებიც მოგვიტანეს. აქაური, კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმაც მოგვინახულეს. მათაც მოგვიტანეს საკვები. მოვიდა რუსი ქალბატონი, რომელიც ვალეტაშია გათხოვილი. მანაც დიდი ყურადღება გამოიჩინა ჩვენს მიმართ. ვიცით, რომ მისი სახელია ტატიანა. გვარი არ გვითხრა, მიიჩნია, რომ სიკეთე ჩუმად უნდა აკეთოს ადამიანმა. პორტს საკვების, წყლისა და საწვავის შეკვეთა უკვე მივეცით, რადგანაც გვიმთავრდება უკვე.

რადიო თავისუფლება: მოდი, თავიდან დავიწყოთ. ლიბიაში მიმავალი ,,ვასილიოს N“-ი საბერძნეთში დიდ ღელვაში მოხვდა. მეზღვაურების სიცოცხლეს საფრთხე ხომ არ ემუქრებოდა?

შტორმის დროს ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ყოველთვის ემუქრება
ივერ ყურაშვილი:
შტორმის დროს ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ყოველთვის ემუქრება. ღელვა იყო დაახლოებით 7-8 ბალი, საბერძნეთში წამოგვეწია იგი. შევედით საღუზე ადგილზე და დავდექით ღუზაზე. 3 დღე ვიყავით ასე. მაშინ დასველდა ტვირთის ნაწილი. ის 200 ტონა კი, რაც ბორტზე გვაქვს ახლაც, ჯერ კიდევ არ არის გაფუჭებული. 14 აპრილს შესრულდება წელიწადი, რაც ასეა.

რადიო თავისუფლება: რა გააკეთეთ, როცა შეიტყვეთ, რომ ტვირთი დასველდა?

"ვასილიოს N"-ი
ივერ ყურაშვილი:
ყველა კაპიტანი ასე იქცევა, როცა შტორმში მოხვდება. ამზადებენ წერილს, რომელსაც ,,საზღვაო პროტესტი“ ჰქვია. მასში დეტალებში აღწერენ, თუ რა, სად და როდის მოხდა. მეც ასე მოვიქეცი. ერთი ეგზემპლარი გავუგზავნე გემის მეპატრონეს, მაგრამ პასუხად მივიღე, რომ არ არის საჭირო საზღვაო პროტესტის გაცემა. ეს იმიტომ, რომ მისი ოფიციალურად გაფორმებისათვის 500 დოლარი იყო გადასახდელი. შეგვპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ რა გააკეთეს, ყველასთვის ნათელია.

რადიო თავისუფლება: მისრათის პორტში ჩახვედით და ტვირთმფლობელმა ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა. როდის მიხვდით, რომ საქმე გართულდა? ვინ გეხმარებოდათ უცხო ქალაქში დარჩენილებს?

ივერ ყურაშვილი: თითქოს ცდილობნენ რაღაცის გაკეთებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და საერთოდ მიგვატოვეს. ბოლოს, საკვები პროდუქტებისათვის საჭირო ფულსაც კი არ გვიგზავნიდნენ. ნახევრად მშივრები ვიყავით. საჭმელს და წყალს ხშირად გვაძლევდნენ რუსი, უკრაინელი, იტალიელი, სირიელი, თურქი, ირანელი, ბულგარელი მეზღვაურები.

რადიო თავისუფლება: ,,ვასილიოს N“-ის მეზღვაურებმა რადიო ,,თავისუფლების“ ეთერით გააკეთეთ განცხადება. ამბობდით, რომ გემზე ვითარება იყო უკიდურესად დაძაბული.

მიტოვებულები ვიყავით, არ გვქონდა საკვები, წყალი და ძალიან გვიჭირდა.
ივერ ყურაშვილი:
ამის შესახებ შევატყობინეთ ლიბიის პორტის კონტროლის სამსახურს, ნავსადგურის ადმინისტრაციას. ვამბობდით, რომ გემფლობელისგან მიტოვებულები ვიყავით, არ გვქონდა საკვები, წყალი და ძალიან გვიჭირდა. მოგვბეზრდა პირუტყვის როლში ყოფნა და ვაცხადებდით SOS-ს. თითქმის მთელი მსოფლიო გამოგვეხმაურა. გემის მეპატრონისაგან კი არანაერი რეაგირება არ ყოფილა.

რადიო თავისუფლება: ამის შემდეგ იყო ის, რომ ერთ-ერთმა მეზღვაურმა გემის დაწვა სცადა. არსებობდა თუ არა გემის აფეთქების საშიშროება?

ივერ ყურაშვილი: იყო სერიოზული საფრთხე ძლიერი ხანძრისა, მაგრამ ამის ჩამდენმა გემის ბოცმანს გაუმხილა მისი ნამოქმედარის შესახებ. ალბათ გონს მოეგო. ვნახეთ, რომ ბოგირი იწვოდა. ყველა მეზღვაურმა მიიღო ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია ამ ამბავს, თუმცა გემზე განადგურდა სანავიგაციო და საკომუნიკაციო მოწყობილობა.

რადიო თავისუფლება: როდის შეიტყვეთ ლიბიაში პოლიტიკური მღელვარების დაწყების შესახებ?

ივერ ყურაშვილი: მაშინვე შევიტყვეთ ტელევიზიის საშუალებით. გემზე გვაქვს თანამგზავრული ანტენა და რუსულ არხებსაც ვუყურებთ.

რადიო თავისუფლება: როგორ მიიღეთ გემით გაქცევის გადაწყვეტილება?

ივერ ყურაშვილი: წესის მიხედვით, ყოველ მეათე დღეს გემის ძრავა უნდა აამუშავო. ასეც მოვიქეცით. ამას კი საშინელი რეაქცია მოჰყვა. ნაპირიდან ეს შეუჩნევიათ. 6 თებერვალი იყო. მოვიდნენ, მოიყვანეს მყვინთავები და კიდევ რომ არ აგვემუშავებინა მცურავი საშუალება, რკინის ტროსით დააბეს იგი. იმავე საღამოს, უფროსი თანაშემწე,
ბუქსირის დაუხმარებლად, ულოცმანოდ, უყველაფროდ გამოვიპარეთ.
ირაკლი დანელია ჩავიდა წყალში და მოახერხა ტროსის ოდნავ გახსნა. მერე ღამით, როცა არავინ ხედავდა, ისევ ავამუშავეთ ძრავა და ვინტმა გაგლიჯა ტროსი. არავის შეუმჩნევია. დაგეგმილი გვქონდა გაქცევა, მაგრამ 7 მარტს, საღამოს შევნიშნეთ, რომ მცურავი საშუალება, რომელიც კონფიგურაციით სამხედრო გემს ჰგავდა ჩვენს სიახლოვეს დადგა. გიორგი მორიგეობდა ზევით, ხიდურზე, ღამის 2 საათზე, დამიძახა. ვხედავთ, რომ ერთი გემი გაიპარა და ამაზე რეაქცია არავის ჰქონია. არავინ გაკიდებია. დროის დაკარგვა არ შეიძლებოდა. დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გემი ავამუშავეთ, აკაკი ქაჯაია ჩავიდა ნაპირზე, ახსნა თოკები და მაშინვე, ბუქსირის დაუხმარებლად, ულოცმანოდ, უყველაფროდ გამოვიპარეთ. პორტის კარიბჭეში შუა ადგილზე ვიყავით, როცა შევნიშნეთ, რომ გემი არ მიდის. ნიჩბების დახრილობა ნულზე დგას. მალევე გავარკვიეთ, რომ გამორთული ყოფილა ტუმბო. მაშინვე ჩავრთეთ და წავედით. ყველას გვეშინოდა, მაგრამ ხომ იცით, ,,შიში ვერ იხსნის სიკვდილსა“. ერთნახევარ დღეღამეში მალტის რეიდზე ვიყავით.

რადიო თავისუფლება: რა მოხდებოდა რომ შეემჩნიეთ?

ივერ ყურაშვილი: დაგვცხრილავდნენ!

რადიო თავისუფლება: საწვავი გქონდათ?

ივერ ყურაშვილი: 2010 წელს, საწვავი თურქეთში რომ მივიღეთ, მცირე ნაწილი კიდევ გვქონდა დარჩენილი. ის ტუმბოს ვერ ამოაქვს, რჩება, როგორც ,,მკვდარი მარაგი“. გაგვიჭირდა და გადმოვქაჩეთ, შევაგროვეთ და წამოვედით.

რადიო თავისუფლება:
გემზე ხანძრის შედეგად, განადგურებული იყო საკომუნიკაციო და მოწყობილობა. მთვარესა და ვარსკვლავებზე დაკვირვებით როგორ შეძელით გემის მართვა? ბევრს უკვირს ეს ამბავი...

განადგურებული სანავიგაციო და საკომუნიკაციო მოწყობილობა
ივერ ყურაშვილი:
არსებობს მეცნიერება, რომელსაც ჰქვია ნავიგაცია, ლოცია. მე ამას ვსწავლობდი საზღვაო სასწავლებელში 4 წელი, მერე აკადემიაში 5 წელი. ჩემი სამუშაო ვიცი. ამისათვის საჭიროა უბრალო, მაგნიტური კომპასი, სექსტანი, გამოთვლები და ცოტა იღბალი.

რადიო თავისუფლება: მეზღვაურობის რამდენი წლის სტაჟი გაქვთ?

ივერ ყურაშვილი: 31 წლის სტაჟი მაქვს. სკოლა რომ დავამთავრე, ფოთის საოკეანო თევზჭერის სამმართველოში დავიწყე მუშაობა. მერე იყო ჯარი, სასწავლებლები... იქიდან მოყოლებული მეზღვაურობა არ მიმიტოვებია.

რადიო თავისუფლება: რატომ აირჩიეთ ეს პროფესია, რა მოგწონდათ მასში?

ივერ ყურაშვილი: ვინც კი ჩვენს ოჯახში მოდიოდა, მამის, ბიძების მეგობრები, ყველანი მეზღვაურები იყვნენ. ფოთში ხომ თითქმის ყველა მამაკაცი მეზღვაურია. საბავშვო ბაღშიც ვიცოდი უკვე, რომ მეზღვაური უნდა ვყოფილიყავი, კაპიტანი.

რადიო თავისუფლება: როგორი უნდა იყოს კარგი მეზღვაური?

ივერ ყურაშვილი: უნდა იყოს ვაჟკაცი. ლაჩარი ზღვაში არ ვარგა.

რადიო თავისუფლება: და ბოლოს, თქვენ მეუღლესთან რამეს ხომ არ დამაბარებთ?

ივერ ყურაშვილი: მანჩოს გადაეცი, რომ ძალიან მენატრება და მიყვარს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG