Accessibility links

25 მარტის სხდომაზე, ვიდრე დეპუტატები ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებს მოუსმენდნენ, გაიმართა კენჭისყრა და საქართველოს პარლამენტმა, 81 ხმით 11-ის წინააღმდეგ, მიზანშეუწონლად მიიჩნია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმა. ფრაქცია ”ქრისტიან- დემოკრატების” მიერ ინიცირებული მოთხოვნის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტის სხდომა ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძისა და განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის გამოსვლებით გაგრძელდა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ამბობს, რომ ”ასი ახალი საავადმყოფოს პროექტი ამჟამად საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია”, თუმცა, როგორც ცნობილია, მთავრობის მიერ ანონსირებულმა ამ სახელწოდების პროექტმა პირველადი სახით ვერ გაამართლა და მან უკვე კარგა ხანია სახეც იცვალა.
ასეა თუ ისე, მინისტრის კალკულაციით, ახლო მომავალში საქართველოში დაახლოებით 150 პერსპექტიული სამკურნალო დაწესებულება ამოქმედდება:

”სადაზღვეო კომპანიები აშენებენ 46 საავადმყოფოს, ხოლო დამატებით 100 საავადმყოფო შენდება სხვა კერძო ინვესტორებისა და საბიუჯეტო რესურსით...”

ახალი საავადმყოფოების კონტექსტში ოპოზიციამ წამოჭრა თერმული დამწვრობის ცენტრის გახმაურებული საკითხი. მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა გიორგი ახვლედიანმა შეშფოთება გამოხატა ხსენებული კლინიკის მედპერსონალის საქმიანობის მომავალთან და ახალ შენობაში ცენტრისთვის გამოყოფილ არასაკმარის ფართთან დაკავშირებით. თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ავადმყოფებისთვის საკმაო რაოდენობის საწოლები გამოიყოფა და რომ თერმული დამწვრობის ცენტრში დასაქმებული არც ერთი კვალიფიციური კადრი არ დარჩება სამსახურის გარეშე - მით უმეტეს, ახლა, როცა, მინისტრის ინფორმაციით, ზოგადად ჯანდაცვის სისტემა კვალიფიციური კადრების ნაკლებობას განიცდის.

საპარლამენტო ოპოზიციის მიერ დასმულ აქცენტებს შორის იყო პენსიების საკითხი. ითქვა, რომ მუდმივად მზარდი ფასების ფონზე, პენსიის 100 ლარამდე გაზრდა დიდი ვერაფერი შეღავათი იქნება პენსიონერისთვის.

ანდრია ურუშაძე ეთანხმება ოპონენტების კომენტარებს იმასთან დაკავშირებით, რომ პენსიის ზრდის ტემპი ჯერჯერობით ვერ დაეწია ფასების ზრდას, მაგრამ, სამაგიეროდ, 2004 წლის შემდეგ გაიზარდა, ასე ვთქვათ, საარსებო მინიმუმთან პენსიის შეფარდების პროცენტული მაჩვენებელი. მინისტრი განმარტავს, რომ საარსებო კალათა, ანუ საარსებო მინიმუმი, ადამიანისთვის აუცილებელი მინიმალური კალორაჟის მიხედვით დგება და მისი კორექტირება, სურსათის ფასებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად ხდება. აქვეა გარკვეული სტატისტიკური მონაცემებიც:

”თუკი 2004 წელს ასეთი კალორაჟის ღირებულება დაახლოებით 82 ლარი და 50 თეთრი იყო, დღეს ეს პრაქტიკულად 2-ჯერ არის გაზრდილი ამ წლების განმავლობაში და, სხვადასხვა დათვლებით, 150-160 ლარს შეადგენს.”

ოპონენტები მცდელობას არ აკლებდნენ, მაგრამ მათ მიერ დასმული შეკითხვები ანდრია ურუშაძეს მაინც არ მოეჩვენა მწვავე შეკითხვებად, ხოლო მისმა მომდევნო გამომსვლელმა, განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, თავის გამოსვლაში წინასწარ გასცა პასუხი ოპოზიციის სავარაუდო შეკითხვებს იმ თემებზე, რომლებთან დაკავშირებითაც ხშირად ისმის კრიტიკული მოსაზრებები. თუმცა შეკითხვები მაინც დაისვა და განსაკუთრებული კამათი გამოიწვია, მაგალითად, სკოლებში მანდატურების მუშაობის საკითხმა. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ, მაგალითად, 22-23 წლის მანდატურები ვერ გაწვდებიან ბავშვებთან ფსიქოლოგიური ხასიათის მუშაობას და ისინი ვერ შეასრულებენ სოციალური მუშაკის როლს. თუმცა დიმიტრი შაშკინი თვლის, რომ მანდატურის ინსტიტუტი უსაფრთხო სკოლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია:

”იყო ძალადობა - 85 პროცენტით ძალადობა არის შემცირებული; მე-10, მე-11, მე-12 კლასი სკოლაში არ დადიოდა - ახლა დადის; დაგვიანებები შემცირებულია 90 პროცენტით; იყო ფულის გამოძალვის ფაქტები სკოლაში - ახლა არ არის; იყო ცივი იარაღის ტარების ფაქტები - ახლა არ არის... ანუ შემცირებულია. ღმერთმა ქნას, რომ ნულოვანი იყოს ასეთი შემთხვევები...”

განათლების მინისტრმა 25 მარტს დეპუტატებს ისიც ამცნო, რომ ინგლისურმა ენამ საქართველოში უკვე საკმაოდ მტკიცე ადგილი დაიკავა და რომ მან უკვე აჯობა რუსულს:

”ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენ ვართ მომსწრე ლინგვისტური რევოლუციის: საატესტატო გამოცდებზე 2\3-მა აირჩია ინგლისური ენა... როდესაც ყოველთვის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც, იყო თანაფარდობა დაახლოებით 47%-47% რუსულის და ინგლისურის. დასრულდა რეგისტრაცია საატესტატო გამოცდებზე და 2\3-მა შემოხაზა ინგლისური ენა. ეროვნული გამოცდებისთვის, მე ვვარაუდობ, რომ ეს ციფრი იქნება დაახლოებით 90-95 პროცენტი.”

რუსულ ენასთან ერთად, დიმიტრი შაშკინმა 25 მარტს რუსეთი და მისი ხელისუფლებაც ახსენა. მართალია, თავად მინისტრს ამ ეტაპზე განათლების ხარისხი მაინცდამაინც არ აკმაყოფილებს, მაგრამ ის ამბობს, რომ საქართველომ მეზობელ ქვეყანას უკვე აჯობა განათლების სფეროს მიღწევებით და რომ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს რუსეთში, როგორც წესი, ერთ კვირაში ან ერთ თვეში ბაძავენ ხოლმე.

მართალია, ცალკეულ შემთხვევებში საკმაოდ მწვავე კამათი შეინიშნებოდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სამთავრობო ანგარიშგების მე-4, ბოლო დღემ პარლამენტში შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. სამთავრობო დებატების პროცესი მომავალ კვირაში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის შემაჯამებელი გამოსვლით დასრულდება.
XS
SM
MD
LG