Accessibility links

logo-print

შსს: ვასილ სანოძეს თავის მოკვლა არ უცდია


შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე

შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე, თავის არეში მიყენებული ჭრილობით, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. ოფიციალური ინფორმაციით, სანოძეს წერეთლის გამზირზე მდებარე საკუთარ ბინაში ტაბელური იარაღი გაუვარდა. ვასილ სანოძე გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობდა 2006 წელსაც, როცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

საკუთარ ბინაში იმყოფებოდა, როცა ტაბელური იარაღი შემთხვევით გაუვარდა. დაიჭრა თავის არეში...
ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ეზო მთელი დღის განმავლობაში პოლიციისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით იყო სავსე. სპეციალური საშვის გარეშე შეუძლებელი იყო საავადმყოფოს ტერიტორიაზე შეღწევა. რადიო თავისუფლება ვასილ სანოძის ჯამრთელობის მდგომარეობის გასარკვევად დაუკავშირდა დეპუტატ ვახტანგ ბალავაძეს, რომელიც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საავადმყოფოში იმყოფებოდა:

„ვერაფერს გეტყვით! აქ ვართ, ველოდებით... გვითხრეს, სტაბილურია მდგომარეობააო.“

ასევე სიტყვაძუნწი იყო სამედიცინო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ელენე დადიანიც:

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი
„ჩვენ ვერ გავცემთ ვერანაირ ინფორმაციას. უნდა მიმართოთ სათანადო სტრუქტურის პრესსამსახურს. წესით, უნდა გიპასუხონ.“

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლება ადმინისტრაციის უფროსს დაუკავშირდა. შოთა ხიზანიშვილმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით:

„სამწუხაროდ, უბედური შემთხვევა მოხდა გუშინ ღამით. საკუთარ ბინაში იმყოფებოდა, როცა ტაბელური იარაღი შემთხვევით გაუვარდა. დაიჭრა თავის არეში. ოპერაცია გაუკეთეს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და, როგორც ექიმები ამბობენ, მისი მდგომარეობა ნორმალურია. უბედური შემთხვევის დროს სახლში იყვნენ ვასილ სანოძის მშობლებიც.“

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ვასილ სანოძე მეგობრებთან ერთად გვიანობამდე იმყოფებოდა რესტორან „პურის“ სახლში, რომელიც მან ნასვამ მდგომარეობაში შუაღამის შემდეგ დატოვა.

იმედი მაქვს, სამი თვის განმავლობაში ვასილ სანოძე გამოჯანმრთელდება და შეძლებს ჩვენების მიცემას...
ვასილ სანოძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამო მოექცა. 2006 წლის 28 იანვარს თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები და მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია ვასილ სანოძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ვასილ სანოძის სუფრაზე იმყოფებოდა სანდრო გირგვლიანის მეგობარი გოგონაც. ბარში დაწყებული კონფლიქტი მოგვიანებით სანდრო გირგვლიანის მკვლელობით დასრულდა, თუმცა სასამართლო პროცესზე ვასილ სანოძე და მისი მეგობრები მხოლოდ მოწმის სტატუსით დაიკითხნენ. რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია ვასილ სანოძის მიერ მიცემული ჩვენება:

„საგანგებოდ არ დამირეკია. დათას ვუთხარი, რომ ალანიაც წამოიყვანეთო, მაგრამ არ მოსულა. სუფრაზე ვახსენებდი დათას, ალანია სად არისო. იმანაც მითხრა, მოდისო.“

გია ალანია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი, და კიდევ სამი პოლიციელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე დარწმუნებულია, რომ მთავარი დამნაშავეები დაუსჯელები დარჩნენ. შალვა შავგულიძეს ზურგს უმაგრებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სიმართლის დასადგენად ხელახალი გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა, ადვოკატის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე გასაჩივრების სამთვიანი ვადა უნდა გავიდეს. შალვა შავგულიძის თქმით, ვასილ სანოძე გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა.

„იმედი მაქვს, სამი თვის განმავლობაში ვასილ სანოძე გამოჯანმრთელდება და შეძლებს ჩვენების მიცემას. ასეც რომ არ მოხდეს, სუფრასთან სხვებიც საკმარისად იყვნენ იმისათვის, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს“, უთხრა შალვა შავგულიძემ რადიო თავისუფლებას.

ვასილ სანოძემ მედიის ყურადღება მიიქცია 2009 წლის აქციების დროსაც, როცა ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან მომიტინგეებს წყლით სავსე პაკეტი ესროლა. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ვასილ სანოძე სამკურნალოდ შესაძლოა საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG