Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გორის სიღნაღიზაცია იწყება


გორი
გორი
გორში სამშენებლო ტექნიკის ხმაური ყოველდღე ისმის. იწმინდება სანიაღვრე არხები, ხდება სკვერების და ტროტუარების კეთილმოწყობა. მალე გორის ისტორიული უბნის - ციხის უბნის - აღდგენაც დაიწყება. ჯერ მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვლება, ამის შემდეგ კი სახლების სახურავებს და ფასადებს შეაკეთებენ. ციხის უბანში აზომვითი სამუშაოები უკვე დაიწყო. ისტორიულ უბანში მცხოვრები გორელები კმაყოფილნი არიან. მათ ამ პროცესს სიღნაღიზაცია უწოდეს.
ერთი კვირის წინ ქალაქში, სტალინის მუზეუმის სიახლოვეს, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. ეს ცენტრი როგორც უცხოელ, ისე ქართველ ტურისტებს რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლების, სასტუმროებისა და კვების ობიექტების შესახებ ინფორმაციას აწვდის. ცენტრის კოორდინატორ ნატალია ბერიანიძის თქმით, ცენტრის მომსახურებით დღეში 30-მდე ტურისტი სარგებლობს, მაგრამ ეს რიცხვი სულ მალე უფრო გაიზრდება.

ადგილობრივ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ ციხის უბანს ისტორიული იერსახე დაუბრუნდეს. როგორც ცნობილია, გასული საუკუნის დასაწყისში გორელები ძირითადად ციხის უბანში ცხოვრობდნენ. ქართული აგურით აშენებული აივნიანი სახლები ისტორიულ უბანში ახლაც შემორჩენილია. აღსანიშნავია ისიც, რომ 1920 წლის მიწისძვრამ ციხის უბანი მნიშვნელოვნად დააზიანა. უბნის რეაბილიტაციამდე დაგეგმილია, რომ გორის ციხეს მეტი დატვირთვა მიეცეს. ამისათვის ციხეზე საქართველოს თავდაცვითი ნაგებობების მუზეუმი მოეწყობა. ტურისტებს გორის ციხეზე ასვლისას საქართველოს ყველა ციხის მაკეტის ნახვის საშუალება ექნებათ. ვიცე-გუბერნატორ ზურაბ ჩხეიძის თქმით, პროექტების განხორციელება უკვე იწყება და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.

აგვისტოს ომამდე გორში დიდი რაოდენობით ტურისტი ჩამოდიოდა, ომის შემდეგ მათი რიცხვი მინიმუმამდე დავიდა. მთავრობის ინფორმაციით, გასულ წელს ქალაქში 100 ათასი ტურისტი ჩამოვიდა. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ როგორც ქალაქის, ისე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით გორი სტუმრების ყურადღებას ისევ მიიპყრობს.
XS
SM
MD
LG