Accessibility links

დღევანდელი ქართული პრესისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა მედიის თავისუფლება იყო. ამის შესახებ ყველაზე მეტს დღეს ”რეზონანსში” წაიკითხავდით. აქ რამდენიმე პუბლიკაცია ეხებოდა ამ თემას. პირველ გვერდზე ”რეზონანსი” წერს, გაზეთი ”ბანკები და ფინანსები” მაღალჩინოსნების ზეწოლაზე ლაპარაკობსო. გაზეთის რედაქტორმა ზურა კუკულაძემ სტატიის ავტორს უთხრა, ჯერ კიდევ ოქტომბრიდან გვაქვს პრობლემები. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში გვეუბნებიან, რომ გაზეთი არ მოსწონთ და ჩვენზე ზეწოლას ახორციელებენ. თუ ასე გაგრძელდა, სახელებსაც და ორგანიზაციებსაც დავასახელებთო.”

აქვე წაიკითხავთ ცნობას იმის შესახებ, რომ ზუგდიდში ადგილობრივ ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესხნენ თავს და სცემეს.

ქართული პოლიტიკის გაუხმაურებელ დეტალებს რაც შეეხება, ამაზე ყველაზე მეტს, ბუნებრივია, „ალიაში“ წაიკითხავთ. გაზეთის ერთ-ერთი მოწინავე სათაურია: „მამუკა ღლონტს ხელიც კი დაურტყამს ამ „რაზბორკაზე“ ეროსი კიწმარიშვილისთვის”. ეს ფრაზა ელისო კილაძეს ეკუთვნის, რომელიც დაწვრილებით ჰყვება, თუ როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს „მაესტროს“ დამფუძნებლები, თუმცა კი არ ამბობს, საიდან იცის ეს ამბები. ისე, გაზეთი წერს, ინფორმაციისთვის თავად მამუკა ღლონტსაც დავუკავშირდით, რომელმაც თ ქვა, ეროსი ორი თვეა არ მინახავს და, შესაბამისად, ვერც დავუპირისპირდებოდიო.

დანარჩენი ქართული პრესის უდიდეს ნაწილში „სახალხო კრების“ მიერ დასახელებულ გამოსვლების დაწყების თარიღზე მსჯელობენ - ზოგან ჟურნალისტები, ზოგან კი რესპონდენტები. "21 მაისის საპროტესტო აქციები ოპოზიციის შიგნით უთანხმოების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდებაო”, - წერს „რეზონანსი“. კახა კუკავამ კი „ახალ თაობას“ უთხრა:“ჩვენ 5-ათასკაციანი აქციების დაგეგმვას არ ვაპირებთ - ეს კიდევ ერთხელ ორთქლის გამოშვებას ისახავს მიზნად. სააკაშვილს აწყობს კონტროლირებადი აქციები, რომელიც არ იქნება ისეთი მასშტაბური, რომ საფრთხე შეუქმნას ხელისუფლებას. მაგრამ 5-10 ათასკაციანი აქციები, რომელიც გამოიწვევს არა ხელისუფლების რღვევას, არამედ კიდევ ერთ ახალ იმედგაცრუებას ოპოზიციის მიმართ, ნამდვილად სააკაშვილის წისქვილზე დაასხამს წყალსო."
XS
SM
MD
LG