Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაშუშობისთვის ბრალდებულმა სუტიაგინმა რუსეთს სტრასბურგში მოუგო


იგორ სუტიაგინი რუსეთში პატიმრობის დროს
იგორ სუტიაგინი რუსეთში პატიმრობის დროს
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად რუსეთმა 20 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს კომპენსაციის სახით რუს მეცნიერ იგორ სუტიაგინს. მას, ჯაშუშობის ბრალდებით, 2004 წელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, სუტიაგინის საქმეზე ჩატარებული გამოძიება რუსეთში მოკლებული იყო დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას.

სუტიაგინის საქმე ერთ-ერთი რეზონანსული ჯაშუშთა ისტორიაა „ცივი ომის“ შემდგომი პერიოდის რუსეთ-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში.
ეს საქმე უკიდურესად სახიფათოა საზოგადოებისათვის, რადგან ბრალდება შეთითხნილია. და მიუხედავად ამისა, სასამართლომ უფრო ადრე ვერ გადაწყვიტა მისი განხილვა...

როგორც ზემოთ ითქვა, შეიარაღების კონტროლის ექსპერტ სუტიაგინს 2004 წელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ჯაშუშობის ბრალდებით. გასული წლის ივლისში მეცნიერი და მასთან ერთად კიდევ სამი მსჯავრდებული რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა, შემდეგ კი ისინი გაცვალეს შეერთებულ შტატებში დაკავებულ იმ ათ ადამიანში, რომლებსაც მოსკოვის სასარგებლო უკანონო საქმიანობაში ედებოდათ ბრალი.

თუმცა შეწყალებამდე, 2002 წელს, სუტიაგინმა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს სარჩელით მიმართა, სტრასბურგის სასამართლომ კი სარჩელი წარმოებაში მხოლოდ 2008 წელს მიიღო.

ერნსტ ჩერნი, რუსეთის მეცნიერებათა დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის თავმჯდომარე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ სარჩელის დაგვიანებით განხილვას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის როლს უკავშირებს:

„ისინი დიდი დაგვიანებით შეუდგნენ ამ საქმის განხილვას. ეს უკავშირდება, ჩემი აზრით, იმას, რომ ძალიან არ უნდათ ფედერალური უშიშროების სამსახურის მიერ ინიცირებული საქმეების განხილვა. სუტიაგინის საქმეზე თითქმის 9 წელი გავიდა. ეს საქმე უკიდურესად სახიფათოა საზოგადოებისათვის, რადგან ბრალდება შეთითხნილია. და მიუხედავად ამისა, სასამართლომ უფრო ადრე ვერ გადაწყვიტა მისი განხილვა.“

იგორ სუტიაგინი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. მასზე 1999 წელს სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის ბრალდებით აღიძრა. გამოძიების დასკვნით, სუტიაგინი გარკვეული საფასურის სანაცვლოდ საიდუმლო სამხედრო ხასიათის ინფორმაციას გადასცემდა უცხოეთის კერძო კომპანიის თანამშრომლებს. მიუხედავად სუტიაგინის მტკიცებისა, რომ მას არასოდეს არ მიუწვდებოდა ხელი საიდუმლო ინფორმაციაზე, 2004 წელს რუსეთის სასამართლომ სუტიაგინი დამნაშავედ მიიჩნია ჯაშუშობაში და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სუტიაგინი მოკლებული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლებას, იგი ბრალდების გარეშე 4 წელიწადი იმყოფებოდა ციხეში, ხოლო პროცესის დროს სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ერთი მოსამართლე მეორით შეცვალა. რუსეთის ხელისუფლებას სამი თვე აქვს იმისათვის, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება დიდი პალატის წინაშე გაასაჩივროს.

ამ დროისათვის სუტიაგინი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და, სხვა საქმიანობის გარდა, იგი რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ბლოგერიც არის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG